Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარდება თუ არა ტურიზმი საქართველოში


რიგი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში
რიგი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სიხარულითა და სიამაყით გამოაქვეყნა 2015 წლის შემაჯამებელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, შარშან საქართველოს, შარშანწილდელთან შედარებით, უფრო მეტი უცხოელი სტუმრობდა და მათ, წინა წელთან შედარებით, უფრო მეტი ფულიც დახარჯეს. ზრდის ტენდენციას ადასტურებენ, თუმცა შარშანდელ მაჩვენებლებს არასაკმარისად მიიჩნევენ ტურიზმის სფეროს ბიზნესმენები თუ ექსპერტები.

6 იანვარს, საგანგებო პრესკონფერენციაზე, 2015 წლის შემაჯამებელი მაჩვენებლები მედიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. ითქვა, რომ საქართველომ ურთულესი გარემოებების დაძლევა მოახერხა და „რეკორდულად“ წაიწია წინ:

„2015 წელს საქართველოში დაფიქსირდა ზრდა როგორც საერთაშორისო ვიზიტორების, ასევე ტურისტებისა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სერიოზულ საგარეო შოკებს განიცდიდა რეგიონში განვითარებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გამო. 2015 წლის საბოლოო შეჯამებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 7 %-ით არის გაზრდილი, რაც გულისხმობს 282 ათასზე მეტი ადამიანის, უცხოელი ვიზიტორის, შემოსვლას საქართველოში“.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6,9 %-ით გაიზარდა და 5 897 685 შეადგინა. 2 278 562 იყო და ე. ი. 2.2 %-ით გაიზარდა ტურისტების, ანუ მათი რიცხვი, ვინც შარშან საქართველოს 24 საათით ანდა უფრო ხანგრძლივი დროით სტუმრობდა. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველომ 10 ქევყნიდან მიიღო და ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ყაზახეთი და აშშ. თუმცა, როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებითაც და ამ მხრივ შარშან გამოირჩეოდა, მაგალითად: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია.

გიორგი ჩოგოვაძე
გიორგი ჩოგოვაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა „უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა“ დაფიქსირდა და მაჩვენებელმა 5 900 000-ს მიაღწია, რაც 7 %-იან ზრდას გულისხმობს. ამავე წყაროს ცნობით, ზრდა აღინიშნა შემოსავლების კუთხითაც: 2015 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 742 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი 14.2 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სამი კვარტალის ჯამური შემოსავალი 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1.4 მილიარდი დოლარი იყო.

გარკვეული ზრდა ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ აქ საზეიმო და გასაოცარი არაფერია, რადგანაც საქართველოში ახლო წარსულში ვიზიტორების რიცხვის ზრდა თითქმის ყოველ წელიწადს შეინიშნებოდა, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ტუროპერატორ „გუდაური ჰელისკინგის“ (Gudauri Heliskiing) ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი და იქვე დასძენს, რომ 2015 წლის მაჩვენებლებით გამოვლენილი ზრდა არასაკმარისია საქართველოსთვის:

„ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს. ანუ ერთნიშნულიანი მაჩვენებლებით ჩვენ კონკურენტუნარიანი ქვეყანა რეგიონშიც კი ვერ გავხდებით, არათუ აღმოსავლეთ ევროპაში ანდა მთლიანად ევროპის დონეზე“.

ვატო ასათაშვილს შეცდომად მიაჩნია ის, რომ სახელმწიფო ტურიზმის სფეროში დასახარჯი ფულის უდიდეს ნაწილს მიმართავს მარკეტინგისკენ და რეალისტურად არ ფიქრობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თუ ბიზნესის წახალისებაზე, რათა ბიზნესმა დაიწყოს რეინვესტირება ტურიზმში. „მაგალითად, 2010–2011 წლებში სახელმწიფო ცდილობდა ძალდატანებით ეიძულებინა კერძო სექტორი რეინვესტირება მოეხდინა ტურიზმში... ეს, ცხადია, არ იყო კარგი, მაგრამ ახლა არც სხვა იმპულსები არსებობს და კერძო სექტორიც გაჩერებულია“, აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ვატო ასათაშვილი, რომელიც, საბიუჯეტო გადასახადების რეინვესტირების მიზნით, საჭიროდ თვლის კერძო ბიზნესის საგადასახადო ვალდებულებების რეკომპენსირებასა და მის ამგვარად დაინტერესებას.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ამაოდ დახარჯა ტურიზმის რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი რუსი ტურისტების მოზიდვაზე:

„რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი, ზოგადად, და ახლა, მით უმეტეს, რადგანაც იქ ეკონომიკური კრიზისია. რასაკვირველია, ზრდა არის, მაგრამ არ გამართლდა ტუროპერატორთა მოლოდინი, რომ საახალწლო დღეებში რუსეთიდან ბევრი მოგზაური თუ დამსვენებელი უნდა ჩამოსულიყო. ძალიან ბევრი არ ჩამოვიდა და გაუქმდა სასტუმროების ბევრი ჯავშანი... მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ბევრად უფრო სტაბილური ბაზრებია: დასავლეთი ევროპა, იაპონია, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები და ბევრად გააქტიურება გვმართებს ამ ბაზრებზე“.

ია თაბაგარის აზრით, უკეთ გააზრებული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, შესაძლებელი იყო, რომ მაჩვენებლები იმაზე უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ეს 2015 წლის შემაჯამებელ სტატისტიკაშია ასახული. ის ფიქრობს, რომ, მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით, სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს გზების ხარისხზე, ზამთარში ამ გზების თოვლისგან გაწმენდასა და სასტუმროებისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ წყლის უწყვეტ მიწოდებაზე. დანარჩენს ტურისტული ბიზნესი თავისით მიხედავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG