2015 წლის მანძილზე ტურიზმის სფერო ზრდას განაგრძობდა, რაც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ოპტიმიზმს განაპირობებს. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, თითქმის 7 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ, ტურიზმის ექსპერტთა შეფასებით, ამ ციფრში საამაყო არაფერია და ტურიზმი თვითდინებით ვითარდება.
საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი დაიწყო და, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება, ამისთვის სათანადოდ მოემზადნენ. მართლაც, აჭარაში ამოქმედდა 2012 წლის შემდეგ დაკონსერვებული ზამთრის კურორტი და ცნობილ სათხილამურო ცენტრებში დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების მოწყობილობა, თუმცა, ტურისტების განთავსების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაიმე სიახლე არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკის“ წარმომადგენელი, ტურიზმის ექსპერტი ვატო ასათაშვილი, ვარაუდობს, რომ ზამთრის სეზონი შედარებით კარგი იქნება.