Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის მატების სხვადასხვაგვარი შეფასება


უცხოელი ტურისტები ძველი თბილისის ქუჩებში
უცხოელი ტურისტები ძველი თბილისის ქუჩებში

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლის თავზე რუსეთიდან ტურისტების ნაკადმა თითქმის 8-ჯერ მოიმატა და საქართველოს ტურიზმის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდა. 2015 წლის პირველი ნახევრის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ირკვევა, რომ რუსეთიდან ვიზიტორების ნაკადი 12 პროცენტზე მეტად გაიზარდა.

თუ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საზღვარს რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის კოლონები კვეთდა, ახლა საზღვართან ვიზიტორების ავტომობილების რიგებია. რუსეთში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პირობებში საქართველოში დასვენება და მოგზაურობა გაცილებით ხელმისაწვდომია. რუსი ტურისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველაფერი იაფია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თბილისს მეუღლესთან ერთად ესტუმრა მოსკოველი ვლადიმირი. ის რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების დიდ რიგში თითქმის მთელი დღე იდგა და თბილისამდე მხოლოდ საღამოს 9 საათისთვის მოაღწია:

„დააწესეს საქართველოში შესვლა რატომღაც დილის ოთხიდან საღამოს შვიდამდე და ყველა ვერ ასწრებს“.

აღფრთოვანებული ვართ. გული გვწყდება, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა. ვფიქრობ, ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით. ძალიან მოგვეწონა გემრიელი სამზარეულო და ძველი ქალაქი...
მოსკოველი ტურისტი

რუსეთის მხარეს მოქმედი ამ შეზღუდვის გამო საქართველოში მოგზაურობის მსურველებს რიგში დგომისას ღამის გათენებაც კი უწევთ და, მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა, ვლადიმირი მაინც კმაყოფილია:

„აღფრთოვანებული ვართ. გული გვწყდება, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა. ვფიქრობ, ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით. ძალიან მოგვეწონა გემრიელი სამზარეულო და ძველი ქალაქი, რომელშიც საღამოს ფეხით ვისეირნეთ. საზღვარზე 9 საათი დგომამ გაამართლა ჩვენი მოლოდინი“.

რუსეთიდან ვიზიტორების 12-პროცენტიანი მატების გარდა, ტრადიციულად, გაიზარდა საქართველოში მოგზაურთა რიცხვი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან - შესაბამისად, 8 და 11 პროცენტით. ტენდენცია უარყოფითისკენ შეიცვალა და 5 პროცენტით იკლო სტუმრების რაოდენობამ თურქეთიდან, რომელიც ჯერჯერობით ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. ტურისტების ნაკადის კლება აღინიშნება უკრაინიდან, 8 პროცენტის ოდენობით. ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:

საქართველო-რუსეთის საზღვარი, გამშვები პუნქტი ზემო ლარსი
საქართველო-რუსეთის საზღვარი, გამშვები პუნქტი ზემო ლარსი

„საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 7 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 3 069 999 შეადგინა, ზრდა კი 4.9%-ია“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით გამოწვეულმა საერთაშორისო მოგზაურთა შემცირებამ აუცილებელი გახადა ბაზრების დივერსიფიკაცია და, შედეგად, ჩამოყალიბდა ახალი სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით, ყველაზე დიდი აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურთა სტიმულირებას მოახდენდა, ასევე უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა. ამ სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდა მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი, თურქეთი), ასევე განხორციელდა სარეკლამო კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით. მოწვეული იქნა 300-მდე ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად და სხვა.

2015 წლის ტურიზმის ზრდა, 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ 2,2 %-ია. რატომ გვიხარია, როდესაც შეგვიძლია 2014 წლის დინამიკა ვნახოთ? იქ ხომ +21,6 % გვქონდა. რა გამოვიდა?...
ვახტანგ ასათაშვილი

ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგიას და შედეგებს ტურიზმის სპეციალისტთა ნაწილი აკრიტიკებს. მათ შორის არის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი, ექსპერტი ვახტანგ ასათაშვილი:

„2015 წლის ივლისში ვიზიტების საერთო რაოდენობა 9.5 %-ით გაიზარდა, რაც ცოტათი ჩამორჩება 2014 წლის ზრდის ტენდენციას, რომელიც, 2013 წელთან შედარებით, 9.8 % იყო. 2015 წლის ტურიზმის ზრდა, 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ 2,2 %-ია. რატომ გვიხარია, როდესაც შეგვიძლია 2014 წლის დინამიკა ვნახოთ? იქ ხომ +21,6 % გვქონდა. რა გამოვიდა? თურმე საერთო ვიზიტორთა ზრდის ტენდენციები 2014-სა და 2015-ში თითქმის იდენტური ყოფილა, ტურიზმის წილი კი 2015-ში ეცემა“.

პრობლემა, რომლის შესახებაც ვახტან ასათაშვილი ლაპარაკობდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აისახება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ის დიდი გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის სიმტკიცეზე. ახლა კი, ვიზიტორების რაოდენობის თითქმის 5- პროცენტიანი ზრდის მიუხედავად, ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს.

XS
SM
MD
LG