ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, საქართველოში ტურისტთა ნაკადის ზრდა დაიწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 9,3 %-ით მეტია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში, 197,5 ათასი შეადგინა, რაც 3.4 %-ით მეტია, გასული წლის ივნისთან შედარებით.
2015 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა. მათზე მთლიანი ვიზიტების 86 % მოდის. ივნისის თვეში განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47 %), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15 %). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ყაზახეთი (+40 %), ბელორუსი (+56 %), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელი ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად პესიმისტურად დაიწყო და წლის პირველ თვეებში ტურისტების რაოდენობაში კლება იყო, წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შედარებით უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა შეინიშნება, კერძოდ: 6 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ ამ პერიოდში 2 მილიონ 332 303 შეადგინა, ზრდამ კი - 3,5 %. 6 თვის მონაცემებით, ზრდის კუთხით გამოირჩევა: ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32 %), ლიტვა (+27 %), გაერთიანებული სამეფო (+22 %) და გერმანია (+18 %). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).
საინტერესოა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ივნისის თვეში ტურისტთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა. ამას სამსახური თავის მიერ გაწეულ სამუშაოებს, მათ შორის, სარეკლამო სამუშაოებსაც უკავშირებს. საინტერესოა, რომ 2014 წელს ქვეყნის რეკლამირებისთვის 4,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც 5,5 მილიონი ტურისტის შემოსვლას შეუწყო ხელი. 2015-ში ეს რიცხვი 7,8 მილიონს მიაღწევს.
წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგიაც უნდა ჰქონდეს, რომელმაც ეს აქტივობები სტრუქტურიზებული უნდა გახადოს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესაქმნელად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია „სოლიმარ ინტერნაციონალსა“ და მსოფლიო ბანკთან. ტურისტული სტრატეგიიის პროექტის ძირითად ნაწილს მარკეტინგული კამპანიები წარმოადგენენ, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებთან ერთად. სტრატეგიის მთავარი მიზნებია: ნაციონალური ეკონომიკის განვითარება, დასაქმების, ბიზნესების გაფართოება, ინვესტიციების გაზრდა და შიდა სექტორის განვითარება ტურისტების რაოდენობის გაზრდის ხაჯზე. სტრატეგიის შემუშავება მიზნად ისახავს ტურისტების გამოცდილების გაზიარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისის, განათლების გაუმჯობესებას, არსებული პროდუქტის განვითარებასა და გაუმჯობესებას.
ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება ქვეყნის რეკლამირების სტრატეგიაც - ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეკლამირება საზღვარგარეთ გაკეთდება სამიზნე ქვეყნების სამოგზაურო კალათის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინტერნეტის, ტელევიზიისა და სხვა ტიპის რეკლამირების მეშვეობით. ქვეყნის რეკლამირების გეგმა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მოხდეს ქვეყნის, როგორც ბრენდის, იდენტიფიცირება ტურისტულ რუკაზე, გამოვიყენოთ ქვეყანაში არსებული უპირატესობები და ამის ხარჯზე გავზარდოთ ქვეყნის ბაზრის წილი ტურიზმში.
ტურისტული სფეროს განვითარებაზე დღეს განსაკუთებული აქცენტის გაკეთება თუნდაც იმითაა განპირობებული, რომ ეს ქვეყანაში ვალუტის ერთადერთი წყაროა, რომელიც ამ ეტაპზე, სხვა წყაროებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. როგორც იცით, ექსპორტის, ინვესტიციებისა და გზავნილების ნაწილში 30-პროცენტიანი და მეტი კლება უკვე გამოიკვეთა. ამ ფონზე ქვეყანა დიდ იმედებს სწორედ ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე ამყარებს.