Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში


ერთ-ერთი სასტუმრო თბილისში
ერთ-ერთი სასტუმრო თბილისში

ტურიზმი საქართველოში რჩება სფეროდ, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა. ხელისუფლების მიერ ბოლო ხანებში მიღებული გადაწყვეტილებები, - მაგალითად, ირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, - ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაც და თურქეთის სასტუმროებზე რუსეთის ტურისტული კომპანიების უარიც კვლავ აქტუალურს ხდის კითხვას, რამდენად არის საქართველო მზად საშუალო ფენის მომხმარებლის - საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტის - მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

ტურიზმის სფეროს ბოლო მოცულობითი კვლევის - 2014 წლის - მონაცემებით, საოჯახო სასტუმროების საწოლი ადგილების რაოდენობა მთლიანი საწოლი ადგილების 18 %-ს შეადგენს. საქართველოში ღამის გათევა საოჯახო სასტუმროებში, სამჯერადი კვებით, საშუალოდ, 50 ლარი ღირს, კვების გარეშე - 25-35 ლარი. ტურისტების ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 3-5 დღეა.

ტურისტული სფეროს მომხმარებელთა და ამ ბიზნესში ჩართულთა გამოკითხვამ საკმაოდ საინტერესო შედეგები აჩვენა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

საოჯახო სასტუმროების მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები: მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა (გაუმართავი მისასვლელი გზები); ინფორმაციის ნაკლებობა რეგიონებში არსებულ საოჯახო სასტუმროებზე; ფასისა და მომსახურების ხარისხის შეუსაბამობა; სველი წერტილების პრობლემა; ეთნოგრაფიული კუთხის არარსებობა; სუვენირების სიმცირე.

ამ პრობლემების არსებობას ადასტურებს მეორე მხარეც: საოჯახო ტურიზმში ჩართულთა 80 % ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაა, კერძოდ, დაბალი გამავლობის მქონე მანქანით შეუძლებელია მთიანი რეგიონებისკენ მიმავალი გზების გავლა. არადა, ტურიზმის, განსაკუთრებით, უცხოელ ტურისტთა ინტერესი ხშრად სწორედ მთაში განთავსებული კურორტებისა და ისტორიული დასახლებებისკენაა მიმართული. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მაღალმთიან რეგიონებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ტურების განხორციელება და ძალიან ბევრი, ტურისტისთვის საინტერესო, ღირსშესანიშნაობის დათვალიერება.

გამოკითხვის თანახმად, საოჯახო სასტუმროების მფლობელები ცდილობენ საკუთარი სახსრებით მოაწესრიგონ გზები, თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ეს საკმარისი არ არის.

გამოკითხულთა 92 %-მა ბიზნესის განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დაასახელა ასევე არსებული საგადასახადო საკანონმდებლო ბაზა.

ზოგადად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს საოჯახო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფასის და ხარისხის შეუსაბამობაა, რაც ხშირად მომსახურების მიმწოდებლების არასათანადო კვალიფიკაციითაც არის განპირობებული.

2016 წელს საქართველოში ტურისტთა განსაკუთრებით დიდ ოდენობას ელიან. ამ მოლოდინს, ზემოთ უკვე ნახსენები ფაქტორების გარდა, ის მასშტაბური სარეკლამო კამპანიაც კვებავს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საზღვრებს გარეთ მართავს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ერთია ტურისტის საქართველომდე ჩამოყვანა და მეორე ის, თუ რამდენად მზად დახვდება მათ ქვეყანა.

XS
SM
MD
LG