Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები


საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შედეგები შეაჯამა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის გიორგი ციკოლიას თქმით, ერთი წლის მანძილზე პროგრამაში ჩაერთო 90 კომპანია. პროგრამის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი გახდა ახალი ბიზნესის წამოწყება, მცირე კომპანიის საწარმოო შესაძლებლობათა გაფართოება, მეწარმეთა უზრუნველყოფა შესაბამისი ცოდნითა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით.

საერთო ჯამში, სახელმწიფომ მხარი დაუჭირა ოთხმოცდაათი ახალი სამრეწველო პროექტის დაწყებას, რომელთა მიახლოებითი საინვესტიციო მოცულობა250 მილიონ ლარს აღემატება. კომერციული ბანკების მიერ კერძო სექტორისთვის გაიცა 122 მილიონ ლარამდე ოდენობის სესხები, განხორციელებული პროექტების შედეგადდასაქმებულთა რაოდენობა კი, არსებული გათვლებით,5 ათასს მიაღწევს. ინდუსტრიული მიმართულებით დომინირებს სამშენებლო მასალები (23 %), ლითონები (20 %) და მუყაო და შესაფუთი მასალები (18 %).პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია, ასევე, ქიმიური ინდუსტრია, ფარმაცია, ელექტრომოწყობილობები. სოფლის მეურნეობის სფეროში აღსანიშნავია მაღალტექნოლოგიური ფერმის მიმართულება (24 %), მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა (27 %), თევზის გადამუშავება (26 %). პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური მეფრინველეობის ფერმა (6%).

მიმდინარე წელს პროგრამას ორი ახალი კომპონენტი დაემატა - კინოინდუსტრია და ტურიზმი.

კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროექტი, ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20 %-ის თანადაფინანსებით,საქართველოში უცხოური კინოწარმოების მოზიდვას ითვალისწინებს. პროექტის ავტორთა თქმით, ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით,პროექტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და არხებს ქმნის ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოდინების, ადგილობრივი კინოინდუსტრიის მოთამაშეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კინო ბაზრის ზრდის კუთხით.

ტურიზმის ინფრასტრუქტურის წახალისების მექანიზმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლასა და ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში სერვისებისა თუ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი გულისხმობს დაინტერესებული მეწარმე სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბრენდების Franchising-ის გადასახადებისა და კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობასა დაშესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულმა საწარმოებმა პროექტის დასრულების შემდეგაც შეძლონ საქმიანობის გაგრძელება და მათ ფინანსურ მდგრადობას საფრთხე არ შეექმნას. ამის წინაპირობაა მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის უნარების განვითარება სწავლებისა და ტრენინგის გზით.

XS
SM
MD
LG