Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი ქვეკომპონენტები ემატება


ბათუმი
ბათუმი

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება - სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრეს.

მოგეხსენებათ, ,,აწარმოე საქართველოში" არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირების, ქართული პროდუქციის შექმნის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების მიზნით, 2014 წელს შეიქმნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ნოემბერში ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, პროგრამა წარმატებით გრძელდება და უკვე 123 პროექტი აქვს დაფინანსებული, რაც, ჯამში, ქართული წარმოების განვითარებაში ჩადებულ დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 7 000 ადამიანს აღწევს. აქედან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით შექმნილია 72 საწარმო დაგანხორციელებულია 180 მილიონ ლარამდე ინვესტიცია.

როგორც წესი, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმეები, პირველ რიგში, კომერციულბანკებს მიმართავენ საჭირო ფინანსური რესურსების შესავსებად, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად, შემდეგ კი მეწარმეობის განვითარებისსააგენტო ორი წლის განმავლობაში ახდენს ბანკის მიერ სესხზე დაწესებული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. სააგენტო ხელს უწყობს ასევე „სტარტაპებს“და ბანკის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის გარანტიაში სესხის თანხას 50 პროცენტის ოდენობით ფარავს.

რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების სტრატეგიას, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროექტი, ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20 %-ის თანადაფინანსებით, საქართველოში უცხოური კინოწარმოების მოზიდვას შეუწყობდა ხელს. როგორც მაშინ პროექტის ავტორები აცხადებდნენ, პროექტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და არხებს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოდინების, ადგილობრივი კინოინდუსტრიის მოთამაშეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კინო ბაზრის ზრდის კუთხით.

ტურიზმის ინფრასტრუქტურის წახალისების მექანიზმის მთავარ ამოცანად კი საქართველოში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა და ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში სერვისებისა თუ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება დასახელდა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, უზრუნველყოფილია დაინტერესებული მეწარმე სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბრენდების Franchising-ის გადასახადებისა და კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უფრო დეტალურად საუბრობს სასტუმროებისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტებზე. მინისტრის თქმით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება ითვალისწინებს საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების ფრანჩაიზის გადასახადის სუბსიდირებას პირველი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 300 ათასი ლარის ოდენობით, ასევე - კომერციული ბანკებიდან აღებული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას. თუმცა გარკვეული ზღვარი აქაც დაწესდება: 5 მილიონი ლარი იქნება სესხის მაქსიმალური ზღვრული თანხა საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში და მილიონი - უკვე არაბრენდირებული სასტუმროს შემთხვევაში.

რაც შეეხება კინოინდუსტრიის ნაწილს, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ მიმართულებით კვალიფიციური ხარჯების 20 % იქნება ანაზღაურებული. მისივე თქმით, კინოინდუსტრიის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილებამ უკვე აჩვენა ამ სექტორის უნარი შექმნას ათიათასობით სამუშაო ადგილი. იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში გვაქვს, მინისტრი ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვნად გაახალისებს და განაახლებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას. მაშასადამე, საქართველოში საერთაშორისო ფილმების, სერიალების გადაღება სტიმულს მისცემს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და, მთლიანობაში, ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.​

XS
SM
MD
LG