Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტების რაოდენობა იზრდება


ბათუმი
ბათუმი

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა. ხელისუფლების წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 მილიონ 134 436 შეადგინა, რაც, 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 14,7 %-ით მეტია.

რაც შეეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან

შედარებით, 16,7 %-ია. მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვეში ამ დრომდე ამ რაოდენობის ვიზიტორები არ დაფიქსირებულა.

მინისტრის ინფორმაციით, მართალია, 2015 წლის ვიზიტორების რაოდენობა პირველ იანვარს ცნობილი იყო და ეს იყო 5,9 მილიონი ვიზიტორი, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა დაზუსტებით გადათვალა ის შემოსავალი, რომელიც ქვეყანამ მიიღო ტურიზმიდან 2015 წლის განმავლობაში და ეს ციფრია 1 მილიარდ 935 მილიონი დოლარი, რაც არის 148 მილიონი დოლარით უფრო მეტი, ვიდრე ეს 2014 წელს იყო.

რაც შეეხება უცხოელ მოგზაურთა ტოპხუთეულს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა მოსდევს.

იმის გასააზრებლად, თუ რა როლს ასრულებენ ტურისტთა ამ ნაკადის ქვეყანაში შემოსვლაში, ბოლო თვეების საჰაერო მიმოსვლის სტატისტიკას გადავხედოთ:

2016 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 30 %-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 269 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 75 ათასი ადამიანით მეტია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ტურისტთა ნაკადის ზრდა გაგრძელდა, რამდენიმე წელში საქართველოს აეროპორტებს მგზავრთა ნაკადებთან გამკლავება გაუჭირდებათ.

ამ მომენტისთვის, როგორც სააგენტო ბიპიაი იტყობინება,საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას სულ 26 ავიაკომპანია ახორციელებს. ამათგან 25 უცხოური, ერთი კი ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისია”.

მგზავრთა გადაყვანის სიხშირით ქართულ ავიაბაზარზე ლიდერობას კვლავ Turkish Airlines ინარჩუნებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში კომპანია 56 511 ადამიანს მოემსახურა. მეორე ადგილზეა Ukraine International Airlaines, 34 693 მგზავრით. მას მოჰყვება Georgian Airways - 24 641 მგზავრი, Pegasus - 20 646 მგზავრი, ლიდერთა ხუთეულს ასრულებს S7, 18 088 გადაყვანილი მგზავრით.

XS
SM
MD
LG