საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა 26 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე კომპანია RMG-ს მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ირწმუნება, მუქარისა და ზეწოლის გამო ორგანიზაცია 700-ზე მეტმა წევრმა დატოვა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, რკინიგზელთა პროფკავშირისა და სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებიც. მათ შრომის პირობებისა და უფლებების კუთხით სხვა პრობლემებზეც ილაპარაკეს.
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი კომპანია RMG-ს თანამშრომლების მიმართ ზეწოლასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ კომპანია უარს ამბობს შეასრულოს მათი მოთხოვნები შრომის პირობების გაუმჯობესების შესახებ.
ეს მოთხოვნები RMG-ს მუშებმა 2014 წლის თებერვალ-მარტში მასობრივი გაფიცვის დროს წაუყენეს. დაახლოებით ორთვიანი გაფიცვა კომპანიასთან მოლაპარაკებით დასრულდა. მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების პროექტის შექმნაზე, ხელფასების გადახედვაზე, სპეცტანსაცმლითა და დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ.
„შეთამხმების პირობების დარღვევა კომპანიამ პირველივე კვირიდან დაიწყო. გაფიცვის დასრულებიდან ერთ კვირაში მას უნდა შეექმნა შრომითი დავების მომწესრიგებელი და შემათანხმებელი კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი. კომისია არ შეიქმნა“, ამბობს თამაზ დოლაბერიძე და დასძენს, რომ პროფკავშირებზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ 5 თებერვალს კომპანიის დირექტორს წერილობით კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უნდა შეესრულებინა შეთანხმების პირობები:
„ადმინისტრაციის წარმომადგენლები პირადად დადიოდნენ და დაჰქონდათ განცხადების ბლანკები, რომლებიც თვითონ ამობეჭდეს, და ხელს აწერინებდნენ“.
მისი თქმით, მუშებს სამსახურიდან დათხოვნითა და პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ, შედეგად კი, პროფკავშირები 700-ზე მეტმა მუშამ დატოვა.
მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ შრომის ინსპექცია ყველა ქვეყანაში არსებობს და მას აქვს რეპრესიული და პრევენციული ფუნქცია. საქართველო, ამ მხრივ, ერთ-ერთი გამონაკლისია...ლინა ღვინიანიძე
ამ თემაზე თამაზ დოლაბერიძემ 23 თებერვალსაც ილაპარაკა, რასაც კომპანია RMG-მ ცილისწამება უწოდა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2014 წლის 25 მარტს დადებული შეთანხმების ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია.
დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მსგავსი დავების მოგვარებას საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც სამუშაო ადგილებზე პრობლემებს შეამოწმებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ინსპექციამ უნდა შეამოწმოს დამსაქმებლები და, დარღვევების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა იმოქმედოს:
„მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ შრომის ინსპექცია ყველა ქვეყანაში არსებობს და მას აქვს რეპრესიული და პრევენციული ფუნქცია. საქართველო, ამ მხრივ, ერთ-ერთი გამონაკლისია. არადა, ეს ვალდებულება მთავრობას აღებული აქვს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებებიც“.
18 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შრომის ინსპექციას შექმნის. სამინისტროს ამის შესახებ დადგენილებები 23 თებერვალს მთავრობის სხდომაზე უნდა გაეტანა, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ 26 თებერვალს თქვა, რომ მთავრობამ ინიციატივა არ განიხილა:
„ვკითხე და აღმოჩნდა, რომ არც ერთი დადგენილება მთავრობის სხდომაზე არ განუხილავს. მითხრეს. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ შეიქმნება, სამინისტროში დეპარტამენტი მაინც შეიქმნებაო. ეს ძალიან სერიოზული დაქვეითებაა“.
როგორც გოჩა ალექსანდრია ამბობს, სრულფასოვნად მომუშავე შრომის ინსპექციის შექმნის იმედი აღარ აქვს, ხოლო ისეთი სამსახურის შექმნა, რომელსაც შრომის უფლებების დამრღვევი სამსახურების დასჯის საშუალება არ ექნება, არაფრის მომცემია.