Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლება - დარჩე ცოცხალი


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას დასაქმებულთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშო გარემო. 2014 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საწარმოო ტრავმების გამო დაიღუპა 41 ადამიანი, ხოლო დაშავდა 61. რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების კუთხით, რას ფიქრობენ ამ თემაზე უფლებადამცველი ჯგუფები და თავად დასაქმებულები?

ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ 13 თებერვალს დალი მახათაძის სარჩელი განიხილა. მისი მეუღლე, მამუკა ნებიერიძე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობისას 2014 წლის 3 ივნისს დაიღუპა.

„სამსახურში შრომის უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო“,- ამბობს დაღუპულის მეუღლე და „ჯორჯიან მარგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვს.

„ჩემს მეუღლეს პენსიამდე 12 წელი აკლდა და კომპენსაციის სახით იმ თანხას ვითხოვდი, რაც მას ამ 12 წლის მანძილზე უნდა აეღო“.

50 წლის მამუკა ნებიერიძის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ერთადერთი შემომტანი მისი მეუღლე, დალი მახათაძეა. ის პედაგოგია და, როგორც ამბობს, თვიური შემოსავალი, 450 ლარი, 2-შვილიანი ოჯახის სარჩენად არ ჰყოფნის:

„შვილები სტუდენტები არიან. ერთი „ჯავახიშვილში“ სწავლობს, მეორე ქუთაისში. იმის გამო, რომ მარჩენალი მომაკლდა, მომიხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შვილი ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, გადმომეყვანა, რადგან თანხის გადახდა ვეღარ შევძელი“.

დალი მახათაძესა და „ჯორჯიან მარგანეზს“ შორის სასამართლო პროცესი მარტამდე გადაიდო, რადგანაც მოპასუხე მხარემ მომჩივანთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. როგორც დალი მახათაძე ამბობს, ჯერ არ იცის, რას სთავაზობს კომპანია.

პარალელურად, თბილისში სტუდენტური გაერთიანება „მწვანე მუშტისა“ და სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის აქცია გაიმართა.

ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახლად ამუშავებულ პროგრამას აპროტესტებდნენ:

საპროტესტო აქცია შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით
საპროტესტო აქცია შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით

„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ შექმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მუშას, მის უფლებას, მის ხელფასს მიხედავს, სამინისტრო ქმნის ერთწლიან საპილოტე პროგრამას, რომელიც საწარმოებში შეამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების ნორმებს, თან, მხოლოდ იმ საწარმოებში, რომლებიც თვითონ გამოთქვამენ სურვილს, რომ შეამოწმონ“, - მიმართა „მწვანე მუშტის“ აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ, აქციის მონაწილეებს.

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 5 თებერვალს დამტკიცდა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია ამბობს, ეს პროგრამა დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისათვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანსაღი შრომის პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს:

„დღეს არ არსებობს არც ერთი საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რომელიც სავალდებულოს გახდიდა შრომის მონიტორების მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესს საწარმოში“.

ელზა ჯგერენაიას თქმით, ეს პროგრამა იმისთვისაა საჭირო, რომ შრომის ინსპექციის შექმნამდე კადრები გადამზადდნენ. ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროს მხრიდან არასწორი მიდგომაა:

„შრომის სამინისტროს მიზანი ცნობიერების ამაღლება კი არა, ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა უნდა იყოს“.

საპროტესტო აქცია შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით
საპროტესტო აქცია შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით

შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშშიც შევიდა. 2015 წლის 11 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ თქვა, რომ თემაზე აქტიურად მუშაობა დაწყებულია, თუმცა, როგორც ომბუდსმენის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სამინისტროს კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძეც. მისი თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული საპილოტე პროგრამა არ შეიძლება შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულების შესრულებად ჩაითვალოს:

„სახელმწიფო იაზრებს იმას, რომ ეს საკითხი ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემაა და არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ მუშაობის ეს ერთწლიანი პროცესი დასრულდებოდა ინიციატივით, რომელიც ყველაზე დაბალი სტანდარტია, რომელიც კი შეიძლებოდა სახელმწიფოს დაედო“.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ეს პროგრამა დამსაქმებლის ინტერესზე უფროა მორგებული, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არსებობს:

„ეფექტურია ის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია - არა თხოვნის, არამედ მისი სურვილის შემთხვევაში - შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში და დაიწყოს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი, არამედ შრომის პირობებისაც. ეს მოდელი ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას და ჯანსაღ სამუშო გარემოს და საერთოდ არ უყურებს, ვთქვათ, ზეგანაკვეთურ შრომას და სხვა ტიპის დარღვევებს“.

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექცია აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა მის შესაქმნელად აუცილებელია მოსამზადებელი ეტაპი:

„ვერ მანახვებთ ევროკავშირის ქვეყანას, სადაც შრომის ინსპექცია არ არის, მაგრამ აქ საუბარია მოსამზადებელ ეტაპზე, გარდამავალ პერიოდზე. პირველ რიგში, დასაქმებული უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სამუშაო პირობები“.

ლინა ღვინიანიძის თქმით, გამოცდილებამ უკვე კარგად აჩვენა, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ დასაქმებულები, ამიტომაც სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა შეექმნა ეფექტური მექანიზმი, რომელიც იმუშავებს შრომის პირობების გაუმჯობესებაზე -საჭიროების შემთხვევაში, დამრღვევ დაწესებულებებს დააჯარიმებს, ან მთლიანად, ან ნაწილობრივ შეუჩერებს საწარმოო საქმიანობის უფლებას.

XS
SM
MD
LG