საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, შეხვედრებს მართავენ ვენეციის კომისიაში. შეხვედრები შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, საპარლამენტო არჩევნების სისტემას და სხვა თემებს. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა, სადაც ამავე თემებზეა ლაპარაკი.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს, და აღმასრულებელ მდივანს, ტომას მარკეტს, შეხვდნენ.
ისინი განიხილავენ მოსალოდნელ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის, უშიშროების საბჭოსა და სხვა საკითხების შესახებ.
როგორც ანა დოლიძე ამბობს, ვენეციის კომისიაში მხარს უჭერენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს.
შესაძლებელია მოხდეს ძალაუფლების სრული უზურპაცია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ.სერგი კაპანაძე
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი არაპირადაპირი წესით უნდა აირჩეს, თუმცა ამ ცვლილებას უსამართლოდ მიიჩნევენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები. ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს ილაპარაკა:
"უსამართლო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევნების და ფუნქციების საკითხი. ამ ორი უსამართლო ცვლილების მეშვეობით, შესაძლებელია, მოხდეს ძალაუფლების სრული უზურპაცია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ".
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ დავა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით მიდის და აქ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი აქცენტები უნდა დაისვას:
"თუ ჩვენ გვინდა პრეზიდენტი იყოს თუნდაც იმ ძალის, რაც ის დღეს არის (საგარეო ურთიერთობებში არსებული ძალაუფლებით და სამხედრო ძალაუფლებით), მაშინ მივემხრობოდი პირდაპირ არჩევანს. მაგრამ შემოთავაზებული ვერსიით რა უფლებებიც აქვს პრეზიდენტს, მისი პირდაპირი არჩევის აზრს ვერ ვხედავ".
შემოთავაზებული ვერსიით რა უფლებებიც აქვს პრეზიდენტს, მისი პირდაპირი არჩევის აზრს ვერ ვხედავ.ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს არ აქვს ორპალატიანი პარლამენტი და აქვს მარტივი ტერიტორიული მოწყობა, ქვეყნისთვის ნახევრად საპარლამენტო სისტემა უფრო ხელსაყრელია და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრეებმა სწორედ ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლებაც. ამას ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია ითვალისწინებდა, თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში ამან შეიძლება სასამართლო აქციოს ჩაკეტილ, კორპორაციულ ჯგუფად. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და ესეც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის გაძლიერებას", განაცხადა მან 12 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისას, გორში.
საკონსტიტუციო ცვლილებებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევისა და ხმების გადანაწილების საკითხი. ოპოზიციური პარტიების აზრით, სამართლიანი იქნებოდა ბარიერის დაწევა, ამავე აზრისაა ვახუშტი მენაბდეც.
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრები ვენეციის კომისიაში კვირის ბოლოს დასრულდება.