„ექიმმა მითხრა, რომ ჩემი ორგანიზმი არ იყო მზად ემბრიონის შესანარჩუნებლად. ხვალ ვბრუნდები სახლში, აი, ბილეთიც მაქვს“, - მეუბნება ნარა და თვითმფრინავის ბილეთს მაჩვენებს.
ის იმ სახლში ცხოვრობს, საიდანაც 30 იანვარს, ქართველმა სამართალდამცავებმა, ტაილანდის სამეფო პოლიციისა და ინტერპოლის ჩართულობით, სამი ტაილანდელი ქალი გამოიყვანეს და სამშობლოში დააბრუნეს. საქმეზე კი დაიწყო გამოძიება ადამიანით ვაჭრობის მუხლით.
ტაილანდში დაბრუნებული ქალები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ისინი საქართველოში ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჩამიყვანეს, რომლებმაც მათ თავი ე.წ. სუროგაციის ბროკერებად გააცნეს და შეჰპირდნენ, რომ 400 000-დან 600 000-მდე ტაილანდურ ბატს [12 ათასიდან 17 ათასამდე ამერიკული დოლარი] გადაუხდიდნენ, თუ ისინი სუროგატი დედები გახდებოდნენ. დედობის ნაცვლად კი მათ ყოველთვიურად კვერცხუჯრედების გაცემას აიძულებდნენ და სამედიცინო მანიპულაციისთვის კლინიკაში მიჰყავდათ.
გლდანში, იმ ორსართულიან სახლში, საიდანაც სამართალდამცავებმა სამი ქალი გამოიყვანეს, ახლა 30-მდე ტაილანდელი ქალი რჩება.
შენობის კარი ღიაა. სამზარეულოში, ონკანთან დგას ქალი და ჭურჭელს რეცხავს. გვანიშნებს, რომ ჩვენი არ ესმის და ეძახის მეორე ქალს, რომელმაც ინგლისური იცის.
„მშობიარობის მერე სახლში დავბრუნდებით“ - საუბარი ნარასთან და სხვა ქალებთან
დერეფანში ნარა გამოდის, სხვა ქალებსაც უხმობს და სალაპარაკოდ დიდ ოთახში შევდივართ. ოთახის თეთრ კედლებზე ჩვილი ბავშვების ფოტოები კიდია:
„არავინ გვიკრძალავს ამ სახლის დატოვებას, დოკუმენტებიც თან გვაქვს, პასპორტებიც. წასვლა თუ მოგვინდება, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ერთადერთი ისაა, რომ როდესაც ხელშეკრულებას აწერ ხელს, რომლის მიხედვითაც, სუროგატი დედა უნდა გახდე, გარკვეულ წესებს უნდა დაემორჩილო, მაგალითად, ღამის 10 საათის მერე არ გახვიდე სახლიდან, მიიღო შესაბამისი მედიკამენტები, მოუარო თავს.
იმ გოგონებს, რომლებმაც ტაილანდში დაბრუნება გადაწყვიტეს, არ სურდათ ამ პირობების დაცვა და ამიტომ გადაწყვიტეს წასვლა. მეტი დეტალი არ ვიცით.
ჩვენ გვაქვს ტელეფონები, მობილურის ნომრები, ყოველდღიური კონტაქტი ოჯახებთან. არ ვიცი, ამ გოგონებმა რატომ თქვეს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლები იყვნენ“, - გვეუბნება ნარა და გვიყვება, რომ საქართველოში „სუროგაციის პროგრამის“ შესახებ სხვა ტაილანდელი ქალებისგან შეიტყო:
„ტაილანდში დაბრუნებულებმა მიამბეს ამ პროგრამის შესახებ. ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა. მცირეწლოვანი შვილი მყავს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს კარგი საშუალება იქნებოდა, კანონიერი გზით მეშოვა ფული. სწორედ ასე დავუკავშირდი ამ ჩინურ კომპანიას და საქართველოში წამოსვლაც გადავწყვიტე.
ჩემმა ოჯახმა არ იცის, რატომ ჩამოვედი აქ. თვეების განმავლობაში სპეციალურ წამლებს ვიღებდი, რომ დავორსულებულიყავი, ამიტომ წონაში მოვიმატე. ვიდეოზარით რომ ველაპარაკებოდი ჩემებს, ვცდილობდი, კამერა ისე დამეჭირა, რომ ეს ცვლილება არ შეემჩნიათ“.
ნარას გარდა რადიო თავისუფლება კიდევ რამდენიმე ქალს ესაუბრა. თარჯიმნის ფუნქცია ნარამ შეითავსა, რადგან ქალების უმეტესობამ ინგლისური არ იცის. ერთი რვა თვის ორსულია, მეორე - შვიდი თვის.
ამბობენ, რომ ჩინურ კომპანიას „ბეიბიქამ მედიქალ ქონსალთინგ გრუფთან“ ოფიციალურად, ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულებები აქვთ, ამ ხელშეკრულებების თანახმად, ყოველთვიურად უხდიან 10 ათასიდან 20 ათასამდე ბატს (300-500 ამერიკული დოლარი), ბავშვის დაბადების შემდეგ კი მიიღებენ 350 000 ბატს, რაც დაახლოებით 11 ათასი დოლარია.
„როდესაც ვიმშობიარებთ, დავბრუნდებით სახლში. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მშვიდი ორსულობა გვქონდეს. საჭმელი მოაქვთ, სუფთად ვართ, თბილად. არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. უბრალოდ, ვიცავთ გარკვეულ წესებს“, - გვითარგმნის ნარა ერთ-ერთი სუროგატი დედის საუბარს.
ქალები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ირწმუნებიან, რომ არც მათთვის და არც ამ სახლში მცხოვრები სხვა ქალებისთვის არასდროს უთხოვიათ კვერცხუჯრედების გაცემა:
„ჩვენ მხოლოდ სუროგაციის ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული და მხოლოდ ამ ფუნქციით ვართ აქ. რა თქმა უნდა, ვიღებთ მედიკამენტებს, გავდივართ ჰორმონალურ მკურნალობას, რაც ემბრიონის შესანარჩუნებლადაა საჭირო, მაგრამ არასდროს ამოუღიათ ჩვენგან კვერცხუჯრედები“, - გვეუბნება ნარა და ჩვენს კითხვას კვერცხუჯრედების იძულებით გაცემაზე სხვა ქალებს უთარგმნის. ისინიც უარის ნიშნად თავს აქნევენ.
„აქ ჩინელი კაცები არ აკონტროლებენ სიტუაციას“ - საუბარი ტან ჯოსა და ლი იუანთან.
ჩინური კომპანია შპს „ბეიბიქამ მედიქალ ქონსალთინგ გრუფი“ თბილისში, კრწანისის რაიონში, 2024 წლის მარტშია რეგისტრირებული. კომპანიის დამფუძნებელია ჩინეთის მოქალაქე ტან შუ.
კომპანიას საქართველოში წარმოადგენს მისი ძმა ტან ჯო და მისი ცოლი ლი იუან. ტაილანდელი ქალები მას „სინტის“ ეძახიან.
რადიო თავისუფლება „სინტის“ სწორედ იმ სახლში შეხვდა, რომელსაც 30 იანვარს პოლიციამ სამი ტაილანდელი ქალი განარიდა.
მისი თქმით, კომპანია, რომელიც სუროგატ დედებს ეძებს, საქართველოში 2019 წლიდან საქმიანობს. ტაილანდელ ქალებთან თანამშრომლობა კი 2024 წლიდან დაიწყეს.
ამბობს, რომ კომპანია არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ქართველ სუროგატებთანაც თანამშრომლობს.
მისი თქმით, უშვილო წყვილები, რომლებიც კომპანიას მიმართავენ, ძირითადად ჩინეთიდან არიან:
„საქართველოში სუროგაცია კანონმდებლობითაა დაშვებული. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი კანონიერად ყოფილიყო და ამიტომაც ავირჩიეთ საქართველო ამ ბიზნესისთვის. ყველაფერი ხელშეკრულებებით გვაქვს გაფორმებული. გოგოებს ვუხდით იმ თანხას, რაც ხელშეკრულებებშია გაწერილი. პირადად მეხება, რომ ვიზრუნო მათ ჯანმრთელობაზე, დამყავს კლინიკაში.
არანაირი იძულება, მათ შორის, კვერცხუჯრედების ამოღება არ ხდება. ეს ქალები აქ მხოლოდ სუროგაციისთვის არიან. როდესაც სრულდება ხელშეკრულება, იღებენ დაპირებულ თანხას და ბრუნდებიან სახლებში.
იმ ქალებმა, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს, ჩვენგან აიღეს გარკვეული თანხა, თუმცა, შემდეგ თქვეს, რომ მათ აღარ სურდათ, რომ ყოფილიყვნენ სუროგატი დედები. ჩვენ არ აგვიკრძალავს მათთვის წასვლა, არც გამოსასყიდი მოგვითხოვია“.
„სინტი“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო, პოლიციამ გამოჰკითხა როგორც თავად ის, ისე სუროგატი დედები:
„მე დაბარებული ვიყავი პოლიციის განყოფილებაში, გამესაუბრნენ სამართალდამცავები. პოლიცია იყო მოსული აქაც. ელაპარაკნენ გოგოებს. თქვენ თავადაც შეგიძლიათ ნახოთ. აქ არავითარი ჩინური კარტელი არ არის. აქ ჩინელი კაცები არ აკონტროლებენ სიტუაციას. ამ სახლის კარი სულ ღიაა. გოგოებს აქვთ გასაღები. აქვთ ტელეფონები, ინტერნეტი“...
„სინტი“ გვეუბნება, რომ კომპანიას კიდევ ერთი შენობა აქვს დაქირავებული, სადაც დაახლოებით 20-25 ქალი ცხოვრობს. ეს შენობა ავლაბარშია.
ამ მისამართზე, ყოფილი სასტუმროს ოთხსართულიანი შენობა, სრულად აქვთ ათვისებული სუროგატ დედებს. სასტუმროს კარში „სინტის“ ქმარი, ჩინური კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტან ჯო გვხვდება.
პირველ სართულზე სათამაშოები და საბავშვო წიგნებია მიმოფანტული:
„აქ ბავშვებიც ცხოვრობენ?“, - ვეკითხებით მას.
„არა, ჩემი შვილის სათამაშოებია“, - მპასუხობს კაცი.
ცოლის მსგავსად ისიც ირწმუნება, რომ ბიზნესი, რომელიც საქართველოში წამოიწყეს, კანონიერია და ამ ბიზნესის შესახებ ცნობილია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პოლიციისთვის.
„ამ ქალებს, სანამ ისინი საქართველოში ჩამოვიდოდნენ, პირველ ეტაპზე, გადავუხადეთ 500 ამერიკული დოლარი. შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ, დავუმატეთ კიდევ 20 000 ტაილანდური ბატი (600 ამერიკული დოლარი).
ამის შემდეგ, მათ თქვეს, რომ აღარ სურდათ სუროგატი დედობა... თუმცა, არასდროს უთქვამთ ჩემთვის, რომ სახლში დაბრუნება უნდოდათ. მათ თან ჰქონდათ პასპორტები. 2024 წლის ოქტომბერში გადაიღეს ვიდეოები, რომ თითქოს, ისინი იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლები და გამოიძახეს პოლიცია.
პოლიციამ მაშინვე დამიბარა გამოკითხვაზე. ოქტომბერში პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე ვიყავი მისული. თითქმის ყოველდღე მივდიოდი, რადგან იქ გამოკითხვაზე მიმყავდა გოგოები. სამართალდამცავები მათ ეკითხებოდნენ, ხომ არ ვაიძულებდით რაიმეს, ხომ არ ვემუქრებოდით, ჰქონდათ თუ არა თან თავიანთი პასპორტები.
მას შემდეგ, რაც ქალებმა დატოვეს საქართველო, პოლიცია აღარ დამკავშირებია. ქართველმა სამართალდამცავებმა ყველაფერი კარგად იციან“, - გვეუბნება ტან ჯო, კომპანია „ბეიბიქამ მედიქალ ქონსალთინგ გრუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენელი და ამატებს:
„სანამ ეს ქალები ოქტომბერში პოლიციას მიმართავდნენ, მანამდე მხოლოდ ერთ, ნოტარიულად დამოწმებულ კონტრაქტებს ვაფორმებდით მათთან. ამ ამბის შემდეგ, პოლიციამ გვირჩია, მეტი უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი კონტრაქტი დაგვედო ხოლმე და მას მერე ორ-ორი კონტრაქტი გვაქვს“.
ავლაბარში მცხოვრებ ტაილანდელ ქალებს შორის ინგლისური არავინ იცის. თარგმანისთვის დახმარებას ტან ჯოს ვთხოვთ, თუმცა, უარს გვეუბნება: „ტაილანდური არ ვიცი, მათ ინგლისური არ იციან“.
ერთ-ერთს ვკითხეთ ყველასთვის გასაგები ჟესტებით:
- OK?
- OK! - გვპასუხობს და ხელით გვანიშნებს, რომ კარგადაა. სულ ეს იყო, დიალოგს მათთან ვეღარ ვაგრძელებთ.
„მთავარი კითხვაა სად გააქვს ჩინურ დანაშაულებრივ ჯგუფს კვერცხუჯრედები?“ - რა გვითხრეს ბანგკოკში
ინფორმაცია, რომ საქართველოში, მოტყუებით ჩამოყვანილ ტაილანდელ ქალებს კვერცხუჯრედების სხვისთვის გადაცემას აიძულებდნენ, თავდაპირველად 3 თებერვალს, ტაილანდური მედიის საშუალებით გავრცელდა.
ონლაინგამოცემები იტყობინებოდნენ, რომ სამი ქალის დახსნა ტრეფიკინგის სქემიდან ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების, ინტერპოლთან კოორდინაციისა და ბავშვებისა და ქალების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის Pavena Foundation for Children and Women-ის დახმარებით მოხერხდა.
რადიო თავისუფლება Pavena Foundation-ის პრეზიდენტს, პავენა ჰონგსაკულას ბანგკოკში, 7 თებერვალს დაუკავშირდა.
ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად მიმართავს ჩინეთის ხელისუფლებას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედების შესახებ, რომელსაც საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, მესამე ქვეყანაში, კონკრეტულად, ჩინეთში გააქვს არალეგალურად მოპოვებული კვერცხუჯრედები.
პავენა ჰონგსაკულა გვეუბნება, რომ შესაძლოა, ქალების ნაწილი საკუთარი სურვილით იმყოფება ე.წ. სუროგატი დედების სახლებში, თუმცა, მისი ინფორმაციით, არიან ქალები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ:
„ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები და კანონმდებლობა აქვს. ეს ყველამ იცის. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისმის, სად გააქვს ჩინურ დანაშაულებრივ ჯგუფს ადამიანის კვერცხუჯრედები? ეს არის ტრეფიკინგი, რომელსაც ახორციელებს ჩინური ორგანიზაცია. მას გააქვს კვერცხუჯრედები მესამე ქვეყანაში. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს კვერცხუჯრედები მხოლოდ ჩინეთში გადის.
ტაილანდში ჩამოსული ქალების მონათხრობის თანახმად, ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფი ემუქრებოდა მათ, რომ თუკი გაქცევას შეეცდებოდნენ, მოაჭრიდნენ თითს ან დააკავებდა პოლიცია, რადგან არ ჰქონდათ დოკუმენტები.
დღეს გვექნება შეხვედრა ტაილანდის პოლიციის უფროსთან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ გამოიძიოს ტრეფიკინგის საქმე, რომელიც მათ შორის ხორციელდება საქართველოშიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პავენა ჰონგსაკულა.
Pavena Foundation for Children and Women-ის ხელმძღვანელი, პავენა ჰონგსაკულა ამბობს, რომ ტრეფიკინგის საქმის შესახებ მან გასული წლის 27 სექტემბერს, ერთ-ერთი ტაილანდელი ქალისგან შეიტყო, რომელმაც ნათესავების დახმარებით გამოსასყიდი თანხა შეაგროვა და ტაილანდში დაბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა ორგანიზაციისა და ტაილანდის პოლიციის დახმარებით სხვა, სამი ქალის დახსნაც.
სუროგაციის ბიზნესის იურიდიული რეგულაციები საქართველოში
სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან აწესრიგებს კანონმდებლობა და ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მათ შორისაა, მაგალითად:
- კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,
- კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“,
- კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“,
- ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“,
- კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.
ამ ბრძანების თანახმად, თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
რამდენი ბავშვია დაბადებული საქართველოში სუროგაციის გზით და მათ შორის, რამდენი ბავშვია გაყვანილი უცხოეთში? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს გასულ წელს მიმართა. ჩვენი კითხვები მათ მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამისამართეს, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკას“.
რაც შეეხება კვერცხუჯრედების ქვეყნიდან გატანის პროცედურას, ამას საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს და ის აკრძალული არ არის.
ნინო ბოგვერაძე, იურისტი, რომელიც წლებია იკვლევს სუროგაციის სამართლებრივი რეგულირების პრობლემებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი კვერცხუჯრედის ამოღების ანუ ასპირაციის მანიპულაცია ტარდება კანონმდებლობის დაცვით, ანუ ქალი კლინიკაში გაფორმებულია დონორის სტატუსით და მას ხელი მოწერილი აქვს ინფორმირებულ თანხმობაზე, ასპირაციის პროცედურის შემდეგ კვერცხუჯრედის გაყინვა და მისი საზღვარგარეთ გატანა დაშვებულია:
„საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი კვერცხუჯრედების უცხო ქვეყანაში გატანასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის არც აკრძალვა არსებობს.
თუკი ყველა დოკუმენტი მოწესრიგებულია, არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს ქვეყნიდან კვერცხუჯრედის გატანა, იმავენაირად, როგორც არ არის დარღვევა საზღვარგარეთიდან კვერცხუჯრედის ან სპერმის შემოტანა.
ვიცით, რომ არაერთ ქვეყანაში, იქაც კი, სადაც სუროგაცია კანონმდებლობით აკრძალულია, დაშვებულია კვერცხუჯრედის დონაცია და ეს არის ნორმალური პროცესი, თუკი ყველაფერი კეთდება კანონის შესაბამისად, ანუ ასპირაცია ხდება ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე და ცხადია, არა იძულებით.
ერთადერთი აკრძალვა არსებობს, რომ სუროგატი დედა არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკუთარი კვერცხუჯრედის დონორი. არის ქვეყნები, სადაც ესეც დაშვებულია, მაგრამ საქართველოში არა“, - გვეუბნება ნინო ბოგვერაძე.
დღეს საქართველოში 20-მდე კლინიკა ფუნქციონირებს, სადაც დამხმარე რეპროდუქციული საშუალებებით მკურნალობაა შესაძლებელი. სწორედ ამ, ლიცენზირებულ კლინიკებში ტარდება საკვერცხეების სტიმულაციისა და შემდეგ ასპირაციის ანუ ამოღების პროცედურები.
კლინიკების წარმომადგენლები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ისინი არაერთ უცხოელ სუროგატ ქალს ემსახურებიან და პროცედურები ტარდება კანონმდებლობის სრული დაცვით.
რაც შეეხება ტაილანდელი ქალებისთვის კვერცხუჯრედების იძულებითი ასპირაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი კლინიკებში არ მომხდარა.
საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი მომსახურებით, უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ეს მონაცემი შესაძლოა 98%-საც აღწევდეს.
დღეს საქართველო სუროგაციის მიმართ ე.წ. მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში შედის. საქართველოში სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აშშ-დან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი ქვეყანა გახდა სუროგაციისთვის ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, რომელსაც ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.
ფორუმი