Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რეორგანიზაცია თბილისის საბავშვო ბაღებშიც გამოცხადდა

რეორგანიზაცია თბილისის საბავშვო ბაღებშიც გამოცხადდა


საილუსტრაციო ფოტო: საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი
საილუსტრაციო ფოტო: საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი

თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია ცხადდება. შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა დღეს, 20 მარტს, მიიღეს.

„ეცნობოს [...] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“, - წერია ბრძანებაში.

ბრძანება, რომელიც თანამშრომლებმა მიიღეს.
ბრძანება, რომელიც თანამშრომლებმა მიიღეს.

თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არა მარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული რეორგანიზაცია.

„არანაირი პოლიტიკური ნიშნით რაიმე ცვლილება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ბაღების გაერთიანებაში.

თბილისის მერიაში რეორგანიზაცია ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მერმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც არის, ეს პროცესი საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიწყო.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნება“დემონსტრაციების პარალელურად ამკაცრებს კანონებს - შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, გაზარდა ჯარიმები და გაამარტივა საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი.

უშუალოდ თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყეს - პირველ ეტაპზე სამსახურიდან დაითხოვეს პრესსამსახურის თანამშრომელი თაია მახარაშვილი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე. თუმცა პროცესი ამით არ დასრულებულა.

თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც პეტიციაზე ხელმოწერით გმობდნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით ქვეყნის ევროინტეგრაცია ჩერდებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG