ამ კვირაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში.
საქართველო, - ნატოს ასპირანტი, აშშ-ის ძველი სტრატეგიული პარტნიორი, - ახლა ღიად საუბრობს პეკინთან არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კავშირების გაღრმავების საჭიროებაზე.
„ერთიანი ჩინეთი“
„ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 14 იანვარს დაიწყო, - მეორე დღეს ტაივანის არჩევნებიდან, რომელსაც პეკინი არ აღიარებს, გმობს და ეწინააღმდეგება.
არჩევნებში პრეზიდენტობის იმ კანდიდატმა გაიმარჯვა, რომელიც ჩინეთისთვის განსაკუთრებით მიუღებელია - მწვავედ აკრიტიკებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პეკინი აღიქვამს, როგორც „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს“. ტაივანს ჯერაც არ აქვს დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოცხადებული.
თარიღების ეს დამთხვევა საქართველოს მიერ პეკინის „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ მხარდაჭერის სიმბოლური გამოხატულებაა.
არასიმბოლურად, - პირდაპირ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პეკინის „ერთი ჩინეთის პრინციპს“.
16 იანვრის დილას მთავრობის პრესცენტრმა განაცხადა, რომ პრემიერი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
მთავრობის პრესცენტრი ასევე იუწყება, რომ:
- „ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ“;
- ამაზე პასუხად „პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი“.
წერია ისიც, რომ „მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“.
უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თუ არა?
ეს საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ წამოსწია.
შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.
ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.
დამატებით არ ზუსტდება, რომ სანაცვლოდ ჩინეთიც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - რაც ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებაზე მიანიშნებდა.
ჩინეთის ელჩმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩინეთი მუდმივად უჭერდა და დღესაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ლიდერებიც მუდმივად უსვამენ ჩინეთისგან ამ მხარდაჭერაზე ხაზს, - მათ შორის, ახლანდელი ვიზიტისას.
მაგრამ ამ საკითხზე კითხვის ნიშნები, სულ მცირე, ორი მიზეზით რჩება:
- ჩინეთს დღემდე არ გამოუხატავს ცალსახა მხარდაჭერა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებისადმი;
- ჩინეთმა რამდენიმე წლით ადრე კვიპროსთან შეთანხმებაში, - სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, - საქართველოსგან განსხვავებით, შეიტანა პუნქტი, რომლითაც პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.
ვის რაზე ესაუბრება „ოცნება“ ჩინეთში?
საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან:
- ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ირაკლი ჩიქოვანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
- დავით სონღულაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
- ვიქტორ სანიკიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
მათ შეხვედრები გამართეს:
- ჩინეთის პარლამენტის, ანუ ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილესთან, სიაო ძიესთან;
- ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან;
- მინისტრის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან;
- სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჭანგ ლაიმინგთან;
ვიზიტი 20 იანვარს დასრულდება.
16 იანვარს, სიაო ძიესთან შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთ-საქართველოს „თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია“.
კობახიძის თანახმად, გარდა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისა, - რაზეც აქამდე ტრადიციულად იყო აქცენტები, - საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობასაც შეეხო:
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის“, - განაცხადა მან.
„გამოცდილების გაზიარება“ - „კომუნისტურ პარტიასთან“
მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასაც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ დაუდო საფუძველი. შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილში წერია, რომ:
„მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად ქართულმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ეს ჩანაწერი და ვიზიტის ფოკუსი „ურთიერთობების გაზიარებაზე“.
„როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ პარლამენტარმა, ბექა ლილუაშვილმა.
სწორედ მისი პარტიის დამფუძნებლის, გიორგი გახარიას ხელმოწერილია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ, რა საჭირო იყო პარტნიორულ დონეზე ურთიერთობების აყვანა, მე არ ვიციო, ამბობს ლილუაშვილი.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის დეტალების აღწერისას წერს, რომ წევრები ჩინეთის „მმართველი პარტიის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, - და პრესრელიზებში არც ერთხელ არ ახსენებს სიტყვათშეთანხმება „კომუნისტურ პარტიას“.
„დაპირისპირება დასავლეთთან“
დელეგაციის ვიზიტის დროს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში კიდევ ერთი არგუმენტით აკრიტიკებენ - „საგარეო-პოლიტიკური ვექტორის ცვლილების“ გამო.
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სავაჭრო დონეზე ურთიერთობები კარგია, - გარდა რუსეთისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, - მაგრამ რასაც ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების კუთხით, ეს არის რევანში დასავლეთზე“.
გეგელიას შეფასებით, ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აწარმოებს, არის „ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციისთვის გადადგმული ნაბიჯები“.
ჩინეთში დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ამ კუთხიდან კრიტიკას უწოდა „მორიგი უბადრუკი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას“:
„ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი, იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ.“, - განაცხადა სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პოლიტიკური თანამშრომლის შემდეგ, მეორე რანგის მნიშვნელოვან ასპექტად გამოყო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, „მათ შორის, შუა დერეფნის განვითარება, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტი ჩინეთიდან ევროპაში და ევროპიდან ჩინეთში ტვირთების გადაზიდვისა, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს“.
„ოცნების“ დელეგაციის წევრებს ამჯერად არ უხსენებიათ, თუმცა იმავე ნიკოლოზ სამხარაძემ 20 ოქტომბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჩინეთთან დაახლოების ინტერესები „შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტზე გადის“.
საერთაშორისო ექსპერტები კი საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ჩინეთთან ურთიერთობებში.
„საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას შეუძლია თბილისი ეკონომიკურად და პოლიტიკურად „ჩამოკიდოს“ ჩინეთზე, რამაც საბოლოოდ თქვენი ხალხის სუვერენიტეტი შეზღუდოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკის მეცნიერი მარცინ იერჟევსკი, ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებების“ ტაივანის ოფისის ხელმძღვანელი. ის წლებია, ტაივანში ცხოვრობს და იქიდან ადევნებს თვალს ჩინეთის გააქტიურებულ პოლიტიკას ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„საქართველოს ხალხი უფრო ყურადღებით უნდა ადევნებდეს მოსკოვი-პეკინის ღერძის გაჩენას. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი ღიად საუბრობენ მათი ქვეყნების ულიმიტო მეგობრობაზე. ქართველებმა, რომლებსაც 2008 წლის თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ რუსეთი არ არის მეგობრული მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. და ამიტომაც უნდა იყოს საქართველო ჩინეთის ჩართულობისადმი ფრთხილი, - ქვეყნისადმი, რომელსაც რუსეთი ახლო მეგობარსა და მოკავშირეს უწოდებს“, - ამბობს იერჟევსკი.