Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში


ჩინეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა
ჩინეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველომ მოულოდნელად დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან - ავტორიტარულ მთავრობასთან - და მისი „გამოცდილების გაზიარების“ პირობა დადო.

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს დიპლომატიურ წარმატებად მიიჩნევს და ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დიდ შესაძლებლობებს გააჩენს ეკონომიკის განვითარებისათვის.

პარტნიორობაზე შეთანხმების ტექსტი მთლიანად პეკინის მიერაა ნაკარნახევი, ასიმეტრიულია და საქართველოს ინტერესებს არ გამოხატავს, უფრო პირიქით - შეიცავს რისკებს დასავლეთთან ურთიერთობებში - რჩება შთაბეჭდილება ექსპერტების ნაწილს.

რადიო თავისუფლება გამოყოფს 6 დეტალს შეთანხმებიდან, რაც საგარეო პოლიტიკის ექსპერტებისათვის კითხვის ნიშნებს ტოვებს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სი ძინპინი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სი ძინპინი

#1 - სცემს ჩინეთი პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მზადების შესახებ იქამდე საჯაროდ ცნობილი არაფერი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“ და, პასუხად, თავადაც განაცხადა: „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს“.

საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს.

31 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება. დოკუმენტის პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას.

„სანაცვლოდ, საქართველო ვერ იღებს ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.

სირბილაძის თქმით, ეს ზოგადი ჩანაწერი არ გამოხატავს ჩინეთის არათუ ღია, არამედ ირიბ მხარდაჭერასაც კი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ისეთი ფუნდამენტური და სტრატეგიული საკითხებისადმი, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება.

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის 2009 წლის იანვარში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია პრეამბულაშივე ცხადად ამბობს, რომ „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერა წარმოადგენს“.

საქართველოსგან განსხვავებული ჩანაწერი გვხვდება 2021 წელს დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში ჩინეთსა და კვიპროსს შორის (კვიპროსს თურქეთთან აქვს დავა დე ფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის გამო - ამ ტერიტორიას თავის სუვერენულ ნაწილად მიიჩნევს). ჩინეთთან შეთანხმებაში:

  • „კვიპროსი ადასტურებს, რომ მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“;
  • ჩინეთი კი პირობას დებს, რომ „გააგრძელებს კვიპროსის ძალისხმევის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხარს დაუჭერს კვიპროსის პრობლემის ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან გადაწყვეტას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

ჩინეთი საქართველოს „რუსეთის პრიზმიდან“ ხედავს?

საქართველო და ჩინეთი, - ახალი სტრატეგიული შეთანხმების მიღმა, - ფორმალურად აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ხედავს ჩინეთი საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ირაკლი სირბილაძე ამბობს:

  • „ჩინეთს ღიად არ დაუგმია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია 2008 წელს, მხარს არ უჭერს კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს რეზოლუციებს გაეროში;
  • არ აკრიტიკებს რუსეთის ბორდერიზაციის პოლიტიკას საქართველოში;
  • ჩინეთის პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით - კერძოდ, ნატო, როგორც „ცივი ომის მენტალიტეტის“ გამოხატულება - ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, გახდეს ნატოს წევრი“.
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი
ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი

შესაბამისად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხაზგასმისგან თავის შეკავებას სირბილაძე ასე კითხულობს:

„ეს ჩანაწერი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ასიმეტრიულობის მკაფიო გამოვლინებაა და აჩვენებს, რომ ჩინეთი განაგრძობს საქართველოს „რუსეთის პრიზმიდან“ დანახვას და არ არის საიმედო პარტნიორი, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას“.

სწორედ ამ ხედვის გამოხატულებად მიიჩნია რამდენიმე თვის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილმა საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ნათქვამი, რომლის თანახმადაც „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში“. საქართველოს, - განსხვავებით ბალტიის ქვეყნებისგან და ევროკავშირისგან, - ელჩის ამ რეპლიკაზე რეაგირება არ ჰქონია.

#2 - რას უჭერს მხარს საქართველო „ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების“ დანერგვით?

ორმხრივი შეთანხმების თანახმად, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური:

  • განვითარების ინიციატივას;
  • უსაფრთხოების ინიციატივას;
  • ცივილიზაციის ინიციატივას.

იქვე ხაზგასმულია, რომ მხარეები „წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას“.

ეს ინიციატივები, - რომლებიც სინამდვილეში საკმაოდ ამორფულია, - კრიტიკოსების ხედვით, არის ჩინეთის გლობალური გავლენის გაზრდის მცდელობა და ერთგვარი ალტერნატივა დასავლური „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა“.

ირაკლი სირბილაძის შეფასებით, შეთანხმების ტექსტი „ჩინეთის აქტიური დიპლომატიის მაგალითია, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, ჩინეთი ცდილობს ტაივანის საკითხის მისეული ინტერპრეტაციისადმი გლობალური მხარდაჭერის მოპოვებას და, მეორე მხრივ, პატარა ქვეყნები იძულებული ხდებიან, მიიღონ მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჩინეთისეული აღქმა“.

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან
შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან

„ეს „ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვა“ ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში მოიაზრებს საერთაშორისო სისტემაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და რბილი ძალის ლიდერობის შესუსტებასა და ე.წ. ცივი ომის მენტალიტეტისა და ბლოკური კონფრონტაციის გაქრობას, რაც პირდაპირ გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებში ნატოს როლისა და ფუნქციის შესუსტებას. ამ თვალსაზრისით ერთმანეთთან თანხვედრაშია რუსეთისა და ჩინეთის მიერ საერთაშორისო ურთიერთობების აღქმა“, - ეუბნება ანალიტიკოსი რადიო თავისუფლებას.

#3 - რას მოუტანს საქართველოს 14+1 ფორმატი?

ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა ნახსენები „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“.

დოკუმენტის თანახმად:

  • საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად;
  • „ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს, ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში“.

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატი“ არის ჩინეთის საგარეო სამინისტროს ინიციირებული პლატფორმა ევროპასთან ეკონომიკურად დასაახლოებლად, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი. თავიდან 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, თუმცა 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმაც დატოვეს.

ლიეტუვამ შეთანხმებიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ ინიციატივამ „თითქმის არანაირი სარგებელი“ არ მოიტანა - იმის ფონზე, რომ ჩინეთიდან დაპირებული პირდაპირი ინვესტიციები იმ რაოდენობით არ განხორციელდა, რა მოლოდინიც იყო. პარალელურად ვილნიუსმა ტაივანთან დაიწყო ურთიერთობების დათბობა. ლატვიამ და ესტონეთმა კი ეს გადაწყვეტილება უკრაინის ომის ფონზე ჩინეთის პოზიციების გამო მიიღეს.

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს საერთო კომუნიკეს, სადაც ჩინეთმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს საზღვრები დაჰბრუნებოდა 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობას, - რაც, „ჩატამ ჰაუსის“ თანახმად, აინუნშიც არ აგდებდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს.

გაერთიანებაში ამჟამად ჩინეთთან ერთად ევროპის 14 ქვეყანა რჩება, მათ შორის, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სლოვენია და ჩეხეთი. თუმცა ზოგიერთი მათგანიც სკეპტიციზმს ავლენს. ჩეხეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ფორმატის „აქტიური წევრი არ არის“. დასავლურ აკადემიურ წრეებში მას აღიქვამენ ჩინეთის სტრატეგიის, „დაყავი და იბატონე“, გამოვლინებად.

„იმის ფონზე, რომ იზრდება ზოგიერთი წევრი ქვეყნის სკეპტიკური დამოკიდებულება ფორმატის მიმართ, მათ შორის მისი ეკონომიკური წარუმატებლობის გამო, საქართველოს დამკვირვებლის რანგში ჩართვა ჩინეთის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს ჩართულობის სარგებელი ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძე.

ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი
ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი

#4 - „მოდერნიზაციის ახალი გზა“ და „კარგი მმართველობა“ - ლიბერალიზმის გარეშე?

საქართველო-ჩინეთის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილში წერია, რომ:

  • „საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად“;
  • „მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“;
  • „მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.

და ეს საკითხებიც უცნაურად გამოიყურება. პირველ რიგში იმიტომ, რომ - როგორც ირაკლი სირბილაძე განმარტავს, - მოდერნიზაციის ჩინეთისეული გაგება გამორიცხავს პოლიტიკურ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, რაც მოდერნიზაციის დასავლური გაგებისთვის ფუნდამენტურია.

„ჩინეთი განსხვავებულად ხედავს „კარგი მმართველობის“ ცნებას, რაც ტრადიციული გაგებით მოიაზრებს ეფექტიანობას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, ინკლუზიურობას, სამართლის უზენაესობას, სამოქალაქო ჩართულობასა და სოციალური უმცირესობების დაცვას. ჩინეთისთვის „კარგი მმართველობა“ არ მოიაზრებს მოქალაქეთა და დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა პოლიტიკური მონაწილეობის ინსტიტუციურ უზრუნველყოფას. შესაბამისად, მმართველობის დარგში ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აჩენს რისკებს, თუ რამდენად შეძლებს საქართველო მის მიერ საერთაშორისოდ აღებული სხვადასხვა ვალდებულებების განუხრელად დაცვას“, - გვეუბნება საგარეო ურთიერთობების მკვლევარი.

ჩინეთი საკუთარ თავს „დემოკრატიად“ წარმოაჩენს, - „სოციალისტურ, კონსულტაციებზე დაფუძნებულ დემოკრატიად“. მაგრამ სინამდვილეში იგი ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოა, რომელსაც ერთი, კომუნისტური პარტია მართავს.

სი ძინპინის ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოა მსოფლიოში
სი ძინპინის ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოა მსოფლიოში
  • ბრიტანული „ეკონომისტის“ ინდექსით, იგი 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსით 156-ე ადგილზეა;
  • Freedom House-ის თანახმად, პოლიტიკური უფლებები ჩინეთში საერთოდ არ არსებობს, სამოქალაქო უფლებები კი ძალზედ დაბალია. მას შესაძლო 100-დან მხოლოდ 9 ქულა აქვს;
  • პარტია აკონტროლებს ცხოვრებისა და მმართველობის ყოველ ასპექტს - სახელმწიფო ბიუროკრატიას, მედიას, ინტერნეტს, რელიგიას, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა თუ სამოქალაქო ასოციაციებს.

„კარგი მმართველობის საუკეთესო ნიმუში ჩინეთი რომ არ არის, მგონი ამაზე არსებობს შეთანხმება მთელს მსოფლიოში. და როდესაც საქართველო მსგავს ფორმულირებას იზიარებს, გაურკვევლობა წარმოიქმნება. ჩინეთი, ავტორიტარული ხელისუფლებით, ვერ იქნება მიმზიდველი პარტნიორი ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირთან და ცდილობს, წევრი გახდეს. ეს როგორც არის ფორმულირებული, კიდევ უფრო მეტ ეჭვს გააჩენს საქართველოს პარტნიორებში. ჩვენ ახლა იდეოლოგიური სიახლოვე გვინდა კომუნისტურ ჩინეთთან?“ შე - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.

კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი
კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

#5 - „სესხის ხაფანგი“?

შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში ჩინეთი პირობას დებს, რომ „შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული [შეღავათიანი] დაკრედიტების საკითხს“.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები წლებია, მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე მეგაპროექტებში, მათ შორის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობაში. პროექტების დიდი ნაწილი დასავლური სესხებითაა დაფინანსებული. ჩინეთის მიერ საქართველოში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ქვეყანაში ჩინეთის სახელმწიფო კაპიტალისა და, შესაბამისად, გავლენის ზრდის პრერეკვიზიტი შეიძლება იყოს.

ჩინეთს ხშირად ადანაშაულებენ „დაკაბალების“ პოლიტიკაში. მის ამ პოლიტიკას ახასიათებენ ხოლმე, როგორც „სესხის ხაფანგის დიპლომატიას“, - როდესაც კრედიტორი პოლიტიკურ ბერკეტად აქცევს მისადმი სხვა სახელმწიფოების ვალს, და ამ ახალ ბერკეტს იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ამ რეალობის წინაშე არაერთი ქვეყანა დადგა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, ბალკანეთსა თუ შუა აზიაში. ჩინეთის ვალების მოცულობამ პაკისტანში $77 მლრდ-ს გადააჭარბა, ანგოლაში - $36 მლრდ-ს, ეთიოპიაში - $8 მლრდ-ს, ხოლო შრი-ლანკაში - $6.8 მლრდ-ს.

ანალიტიკური ორგანიზაციის, AidData-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის, მსოფლიოში არის 40 დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანა, რომელთა ვალიც მხოლოდ ჩინეთის მიმართ აჭარბებს თავიანთი მშპ-ის 10%-ს; ამასთან, ეს პროცესი, განსხვავებით ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისგან, გაცილებით გაუმჭვირვალეა, რაც სხვა მსესხებლების მოლაპარაკებებში ჩართვასა და პოტენციურ დახმარებას ართულებს.

ავიღოთ ზამბიის მაგალითი - 20 მლნ-იანი ქვეყანა აფრიკის სამხრეთში. ზამბიამ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში მილიარდობით დოლარის სესხი აიღო ჩინეთის სახელმწიფო ბანკებისგან ჰესების, რკინიგზისა და გზების ასაშენებლად. სესხებმა საწყის ეტაპზე განავითარა და გაზარდა ზამბიის ეკონომიკა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მთავრობა იძულებული გახდა, შეემცირებინა ჯანდაცვის, სოციალური სერვისების და ფერმერების სუბსიდირების ხარჯები. ინფლაცია 50%-ს გასცდა, ვალუტამ 30%-იანი დევალვაცია განიცადა. საბოლოოდ ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადა.

საქართველო ჯერჯერობით შორსაა ამ რეალობისგან, თუმცა ჩინეთის ვალი უკვე აქვს აღებული. 2021 წელს საქართველოს მთავრობამ - ბრიუსელის კრიტიკის ფონზე - უარი თქვა ევროკავშირის დაბალპროცენტიან სესხზე 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ცნობით, იმავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ ვალი აიღო „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან“ (AIIB), - რომელიც „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ქვეშ არის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტისას AIIB-ის პრეზიდენტს, ძინ ლიქუნს შეხვდა. მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მათ საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები“ განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა

#6 - „მულტივექტორულობის აღმოცენება“?

ჩინეთ-საქართველოს შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტში მხარეები პირობას დებენ, რომ „გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას“.

მულტილატერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში მრავალი ქვეყნის თანამშრომლობას გულისხმობს ერთ საერთო საკითხზე. მაგრამ სრული შეთანხმება, - და არსებული კონტექსტი, ანალიტიკოსებს უფრო მეტის თქმის შესაძლებლობას აძლევს:

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება მიანიშნებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ე.წ. მრავალვექტორულობის თანდათანობით აღმოცენებას, რაც გულისხმობს ძალის ახალ პოლუსებთან თანამშრომლობითი და ტრანზაქციული ურთიერთობების დამყარებას“, - გვეუბნება ირაკლი სირბილაძე.

და სწორედ აქ არის მორიგი წინააღმდეგობა: „რამდენადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის წამყვან გაცხადებულ პრიორიტეტად რჩება დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ჩინეთის მიმართ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან. ავტორიტარულ ჩინეთსა და რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა ქვეყანას დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს და გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიულ ინტერესებსა და დემოკრატიზაციას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

„სტრატეგიულ ბუნდოვანებაში გახლართულები“, - ასე უწოდა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა კორნელი კაკაჩიამ, - როგორც თავად ამბობს, - საქართველოს მთავრობის „საგარეო პოლიტიკის წიაღსვლებს“ ბოლო პერიოდში. „რაც უფრო სწრაფი ტემპებით ვშორდებით დასავლეთს, იმავე ტემპებით ვუახლოვდებით ავტორიტარულ ინტერნაციონალს“.

XS
SM
MD
LG