„როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტთან მივედი. მთელი ღამე იქ ვიყავი. ცდილობდა, რუსეთში ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარასინს, დაურეკა. კარასინმა უთხრა, რომ ჩვენს წუხილს ხელისუფლების უმაღლეს რგოლს გადასცემდა. გვთხოვა, არ გვეჩქარა, რადგან აუცილებელი თუ იყო რამე, რუსეთი გააკეთებდა“, - უყვება დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ადგილობრივ ჟურნალისტ ანაიდ გოგორიანს.
სერგეი შამბასთან ჩაწერილ ამ ინტერვიუში ჩანს, თუ როგორი ხედავს სოხუმი 2008 წლის მოვლენებზე.
- მოდით, 15 წლის წინანდელი მოვლენები გავიხსენოთ. აფხაზეთი მზად იყო კოდორის ხეობაში საომარი მოქმედებებისთვის, თუ გადაწყვეტილების მიღება მყისიერად მოგიწიათ?
- ამ მოვლენების წინ, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტთან, სააკაშვილთან დაახლოებულ პირებს შევხვდი, პოლიტიკოსებს. მათ გარკვეული საკითხების განსახილველად მომმართეს.
კარასინმა გვთხოვა, არ გვეჩქარა, რადგან აუცილებელი თუ იყო რამე, რუსეთი გააკეთებდა.
შეხვედრის ადგილს დიდხანს ვარჩევდით. რუსეთში შეხვედრაზე ისინი არ თანხმდებოდნენ. მთავაზობდნენ თურქეთს, რაზეც მე არ ვიყავი თანახმა.
მოკლედ, შვედებმა სტოკჰოლმში შეხვედრა შემოგვთავაზეს. საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილტი (მანამდე ის შვედეთის პრემიერ-მინისტრიც იყო) შუამდგომლობდა ამ შეხვედრას. მე რამდენიმე ადამიანი წავიყვანე და სტოკჰოლმში ჩავედი.
იქ მივხვდით, რომ ისინი [ქართული მხარე] საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა უფრო სამხრეთ ოსეთზე საუბრობდნენ. როგორც ჩანს, მათი მიზანი ჩვენი დაშინება იყო. ლაპარაკობდნენ, თუ როგორი თანამედროვე შეიარაღება მიიღეს ამერიკელებისგან, კავშირის როგორი საშუალებები აქვთ, რომ რუსებს ჟანგიანი ტანკები ჰყავთ, მათ კი მოსკოვამდე ჩასვლა შეუძლიათ.
მე ჩამოვედი და ყველაფერი პრეზიდენტ ბაღაფშს მოვახსენე. განვიხილეთ ეს საკითხი. ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, ისინი საიდან დაიწყებდნენ - სამხრეთ ოსეთიდან თუ აფხაზეთიდან. იმასაც კი განვიხილავდით, რა უნდა გვექნა იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთს დაესხმებოდნენ თავს, რადგან ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს სამხრეთ ოსეთის მიმართ. ასეც მოხდა.
სხვათა შორის, ევროკავშირის კომისიას მაშინ ხელმძღვანელობდა აფხაზეთისთვის ცნობილი ჰაიდი ტალიავინი. ის აფხაზეთში გაეროს მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იყო. მან სერიოზული დოკუმენტი შეადგინა, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ საომარი მოქმედებები მშვიდობიან, მძინარე ცხინვალზე შეტევით დაიწყო, ქართული არტილერიის მხრიდან. ეს ამ ისტორიაში მთავარი ამბავია. თუ მიზეზებზე ვისაუბრებთ, ვინც ომი დაიწყო, პასუხისმგებელიც ის არის.
წაიკითხეთ მეთიუ ბრაიზას ინტერვიუ სადაც იგი აფასებს ე.წ. ტალიავინის დასკვნას, როგორც „ევროკავშირის აბსურდულ, სკანდალურ და მცდარ ანგარიშს, რომელიც უბრალოდ სამარცხვინო იყო“.
როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტთან მივედი. მთელი ღამე იქ ვიყავი. ცდილობდა რუსეთში ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარასინს, დაურეკა. კარასინმა უთხრა, რომ ჩვენს წუხილს ხელისუფლების უმაღლეს რგოლს გადასცემდა. გვთხოვა, არ გვეჩქარა, რადგან აუცილებელი თუ იყო რამე, რუსეთი გააკეთებდა.
მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო უმოქმედოდ დავრჩენილიყავით. გადავწყვიტეთ, ჯარი აღმოსავლეთ საზღვრისკენ, საქართველოს მიმართულებით გაგვეგზავნა. დილით ასეც მოვიქეცით.
- ეს იყო 9 აგვისტოს დილა?
როდესაც ისინი [ქართველები] მიხვდნენ, რომ ალყაში მოექცეოდნენ, როდესაც რუსული ქვედანაყოფებიც გამოვიდნენ, თავად დატოვეს იქაურობა.
- დიახ. მაგრამ მშვიდობისმყოფელები გზაზე გადაგვეღობნენ. გვთხოვდნენ, რომ მათი მანდატი არ დაგვერღვია, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ, ეს დაეშვათ... ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო მშვიდობისმყოფელებს დავპირისპირებოდით. მაგრამ შეგვეძლო ძალები სხვა მიმართულებით მოგვესინჯა და კოდორის ხეობა გაგვეთავისუფლებინა, მოწინააღმდეგეს ესეც დაასუსტებდა. ასეც მოხდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ქართული ჯარის ორი მესამედი დასავლეთზე იყო ორიენტირებული, აქედან დარტყმას არ ელოდნენ.
პრეზიდენტმა ბაღაფშმა თათბირი ჩაატარა ოჩამჩირის ადმინისტრაციაში, რეზერვისტების ხელმძღვანელებთან. საბოლოოდ გადაწყდა, რომ კოდორის ხეობის გასათავისუფლებლად იერიშს მივიტანდით. ასეც გამოვიდა.
მეტიც, გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ არ მიგვეტანა იერიში, რადგან მთებია და დიდი დანაკარგი გვექნებოდა. ჯერ მაღალი წერტილები ავიღეთ, იქიდან ესროდნენ ქართულ ფორმირებებს.
როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ ალყაში მოექცეოდნენ, როდესაც რუსული ქვედანაყოფებიც გამოვიდნენ, თავად დატოვეს იქაურობა და, ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორია უდანაკარგოდ გავათავისუფლეთ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მე მოლაპარაკება მქონდა [თემურ] იაკობაშვილთან, ის მაშინ შერიგების საკითხებში საქართველოს მინისტრი იყო. მოვითხოვდით კოდორის ხეობა დაეტოვებინათ, ჩვენი მოთხოვნები სულ უფრო მკაცრდებოდა.
კატეგორიულ უარს ამბობდნენ წასვლაზე - ამბობდნენ, რომ იქ კარგად არიან გამაგრებული, ხოლო საბრძოლო მასალა და სანოვაგე იმდენი აქვთ, შეუძლიათ უსასრულოდ დარჩნენ. ამბობდნენ, კოდორის ხეობაში არაფერი გამოგივათო. როგორც ჩანს, ვერ გათვალეს.
თემურ იაკობაშვილი: „შეტევა აფხაზეთიდან უნდა წამოსულიყო, მაგრამ აფხაზები ვერ დაიყოლიეს“
- სერგეი ბაღაფში იმ დღეებში რა გადაწყვეტილებებს იღებდა? რა როლი ჰქონდა მას?
უარს ამბობდნენ წასვლაზე - ამბობდნენ, რომ იქ კარგად არიან გამაგრებული… კოდორის ხეობაში არაფერი გამოგივათო
- ყველა გადაწყვეტილება მან მიიღო. კოდორის ხეობა რომ უდანაკარგოდ ავიღეთ, ეს მისი სწორი გადაწყვეტილების შედეგი იყო. შეიძლებოდა, კოდორის ხეობის გათავისუფლება სამხედროებს დაეგეგმათ და ამას დიდი დანაკარგი მოჰყვებოდა. მაგრამ მან სხვებსაც მოუსმინა, მათ შორის მეც და გაითვალისწინა რჩევები.
გარდა ამისა, მანამდე იყო პროვოკაციები საქართველოს მხრიდან ცხინვალში. ჩვენ შეგვეძლო ჩავრეულიყავით, უნდოდათ ჩვენი პროვოცირება.
მე მაინც მგონია, რომ მათი ძირითადი ამოცანა აფხაზეთიდან დაწყება იყო. მაგრამ ჩვენ არ ავყევით ამ პროვოკაციას და ესეც ბაღაფშის დამსახურებით. სანაცვლოდ ჩვენი ძმები, ოსები, დაზარალდნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ საქართველოს ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ ოსეთისთვის მოგვეშორებინა.
- რაც შეეხება იმას, რომ გზა გაგვეგრძელებინა?
-როდესაც რუსეთის ჯარი წამოვიდა, ვიფიქრეთ, რომ შეუფერებელი საქციელი იქნებოდა, რუსეთის ძლიერ ჯართან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წავსულიყავით. გადავწყვიტეთ, ეს არ გაგვეკეთებინა - ჩვენ გარეშეც გაართმევდნენ თავს.
- თუმცა ზოგს ჰქონდა ასეთი იდეები.
- ზოგი თავისი ნებით გავარდა იქ, მაგრამ ოფიციალურად ჩვენ არავინ გაგვიგზავნია.
- ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც სამოქმედო გეგმა განიხილებოდა...
- ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავდით. ესეც ბაღაფშის გადაწყვეტილება იყო, რასაკვირველია. ასეთ დროს ძირითად საკითხებს, რა თქმა უნდა, მთავარსარდალი წყვეტს. ეს ომია.
- მახსოვს, 12 აგვისტოდან როგორი დაძაბული მდგომარეობა იყო, როდესაც ტელევიზორს მიჯაჭვულები ახალ ამბებს ვუსმენდით. იმ დროს გქონდათ განცდა, რომ მომავალი გაურკვეველია? თუ ყველაფერი იმთავითვე ნათელი იყო?
- ომის დროს არასოდეს იცი, ის როგორ დამთავრდება. ვითარება შეიძლება ისე შეიცვალოს, შენი გეგმები ფუჭად დარჩეს. ამიტომ ყველაფერი ვიღონეთ, რომ დიდი დანაკარგი აგვეცილებინა თავიდან.
- 15 წლის შემდეგ, ამ გადასახედიდან, რას გააკეთებდით სხვაგვარად?
- ვფიქრობ, იმ სიტუაციაში ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბაღაფშის დამსახურებაა. რაც ოსეთში მოხდა, შეიძლებოდა ჩვენთან მომხდარიყო. ჩვენთან უნდა მომხდარიყო, ამაში დარწმუნებული ვარ.
- და რატომ არ მოხდა?
- აქ ბაღაფშის ბრძნულმა გადაწყვეტილებამ ითამაშა დიდი როლი. ჩვენ ეს ავიცილეთ, არ გავერიეთ.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.