Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ?” - მეთიუ ბრაიზა აგვისტოს ომს და რუსეთ-უკრაინის კრიზისს ადარებს


მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

„როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი... იქ იყო ბოლო პუნქტი, რომელზეც თითქმის არავინ იცის და არც მე მისაუბრია ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, დროა, გავიხსენოთ“, - უთხრა მეთიუ ბრაიზამ რადიო თავისუფლებას, როდესაც 2008 და 2022 წლების რუსეთის აგრესიის შედარებისას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობდა და ხელშეკრულებიდან ბოლო წამს ამოღებული პუნქტის შესახებ უამბო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დარწმუნებულია, რომ ევროპელებს ბოლომდე მაინც არ ესმით რუსეთის მიზნები და პუტინი ხშირად ახერხებს მათ გაცურებას. რა მოხდება ახლა?

მეთიუ ბრაიზას ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული წარმონაქმნები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. რა მოჰყვება ამას?

2008 წლისგან განსხვავებით, დასავლეთი არ დაფრთხა და უკრაინას არ გადააბრალა აგრესორობა, ისე როგორც საქართველოს დააბრალეს ევროპელებმა...

მეთიუ ბრაიზა: პუტინმა დაკარგა უკრაინა, როგორც მეგობარი ან მოკავშირე ერი, როდესაც 2014-ში იქ შეიჭრა. ახლა კი ცდილობს, მთელი უკრაინა „დაიბრუნოს უკან“. ის ფიქრობდა, რომ დააშინებდა ევროპას და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, მაგრამ არ გამოუვიდა. 2008 წლისგან განსხვავებით, დასავლეთი არ დაფრთხა და უკრაინას არ გადააბრალა აგრესორობა, ისე როგორც საქართველოს დააბრალეს ევროპელებმა. ახლა პუტინის პროგრამა მინიმუმია, დონეცკი და ლუგანსკი აქციოს მარადიულ დაბრკოლებებად, რომელთა შემხედვარეც გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი იტყვიან: აჰ, უკრაინა ზედმეტი თავის ტკივილია, სადავო ტერიტორიები აქვს, ნატოში ვერ მივიღებთ... ამას გარდა, პუტინს ახლა აქვს საბაბი, რუსი „მშვიდობისმყოფელი“ ჯარისკაცები უკრაინაში „შესწიოს“ და სახმელეთო ხიდი გაჩარხოს ყირიმთან, ან მარიუპოლი აწაპნოს და ნახოს, კიდევ რისი მიტაცება შეუძლია. ვფიქრობ, სწორედ ასეთ სცენარს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება დასავლეთის პასუხს, დასავლეთის პასუხი ახლა უნდა იყოს მტკიცე, მკაცრი და ერთიანი. წუხელ ბაიდენის ადმინისტრაცია არცთუ მკაფიო იყო იმის შესახებ, რამდენად მკაცრი იქნებოდა სანქციები. ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები, რაც დონბასსა და ლუგანსკში ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებდა, გულწრფელად რომ გითხრათ, სასაცილოდ მომეჩვენა. არ არსებობს სერიოზული ინვესტორი, რომელსაც შეიძლება სერიოზული გეგმები ჰქონდეს იმ ტერიტორიებზე, ამიტომ ეს განცხადება აზრისგან იყო დაცლილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა ღამის განმავლობაში, მე დავინახე ტონის ცვლილება ადმინისტრაციის ნარატივში. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას სურდა ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირება, სანამ მკაცრ სანქციებს გამოაცხადებდა. უპირველეს ყოვლისა, სურდა დაერწმუნებინა გერმანია, Nord Stream 2 მილსადენი შეეჩერებინა. ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კარგად იმუშავეს ტრანსატლანტიკური ოჯახის ერთიანობის შესანარჩუნებლად - ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უნდა მოხდეს: სანქციები უნდა ნიშნავდეს Nord Stream 2-ის გაუქმებას, მკაცრ სანქციებს ყველა მსხვილ რუსულ ბანკზე, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების და პრეზიდენტ პუტინის აქტივების გამოაშკარავებას რუსეთის ფარგლებს გარეთ და გაყინვას და რუსეთი უნდა მოიხსნას SWIFT სისტემიდან.

რადიო თავისუფლება: ბევრი ავლებს პარალელს 2008 წლის ომის პრელუდიასა და დღევანდელ მოვლენებს შორის. რამდენად დიდია მსგავსება - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე „გავლილი მასალაა“ კრემლის სახელმძღვანელოდან?

ევროპაში ბევრს უნდა, სწორედ უკრაინას დააბრალოს მინსკის შეთანხმების დარღვევა, ისევე როგორც უნდოდათ, სააკაშვილი ექციათ დამნაშავედ იმის გამო, რომ თითქოს ის იმპულსური და უგუნური იყო...

მეთიუ ბრაიზა: მსგავსებები და პარალელები ძალიან ბევრია. პირველ რიგში ის, თუ რა მარტივად გადაიბირეს რუსებმა ის ევროპელები, რომელთაც სურთ თვალი დახუჭონ იმ უხერხულ სიმართლეზე, რომ სწორედ რუსეთი არღვევს მინსკის შეთანხმებას. აქ რუსეთია აგრესორი, ეს კრიზისი მთლიანად პუტინის შეთითხნილია. მაგრამ ევროპაში ბევრს უნდა, სწორედ უკრაინას დააბრალოს მინსკის შეთანხმების დარღვევა, ისევე როგორც უნდოდათ, სააკაშვილი ექციათ დამნაშავედ იმის გამო, რომ თითქოს ის იმპულსური და უგუნური იყო, და უგულებელყოფდნენ ფაქტს, რომ ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ვალია, დაიცვას ან აღადგინოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, როდესაც მათ თავს ესხმიან. ევროპელებს ძალიანაც უნდათ უკრაინელებს დააბრალონ რამე, ელოდებიან, როდის ისვრიან უკრაინელები საპასუხოდ. და რუსებმაც იციან, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს, რაღაც ეტაპზე რუსების ცეცხლს უპასუხოს. სწორედ ეს მოხდა საქართველოშიც - პუტინმა იცის, რომ რაღაც ეტაპზე უკრაინელებიც გაისვრიან საპასუხოდ, როგორც ეს ქართველებმა გააკეთეთ. და ის ამ სროლას გამოიყენებს, როგორც წინაპირობას ფართომასშტაბიანი შეჭრისათვის.

რადიო თავისუფლება: რამდენ ხანს შეძლებს კიევი მოთმენას? მათ იციან, როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში, მაგრამ ასე გამოვა, რომ კიევისგან მარადიული თმენის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

მეთიუ ბრაიზა: ძნელია თქმა, როდის ჩათვლის პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მისი, როგორც დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობაა საპასუხო ცეცხლის გახსნა. მაგრამ მართალი ხართ, მან ორი რამ ისწავლა საქართველოს მაგალითით: არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს პასუხმა რუსეთს საბაბი მისცა, შემოჭრილიყო, არამედ ის, რომ ეს პასუხი საფუძვლად დაედო ევროკავშირის აბსურდულ, სკანდალურ და მცდარ ანგარიშს (ე.წ. ტალიავინის დასკვნა), რომელიც უბრალოდ სამარცხვინო იყო. მათ დაწერეს, რომ პირველად საქართველომ ისროლა, ეს ასე არაა - პირველად ოსებმა ისროლეს რუსული არტილერიით, და საქართველომ ამას უპასუხა. საქართველოს არ დაუწყია ეს ომი, საქართველომ [თავდასხმას] უპასუხა, როგორც ევალება ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს. ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, იყო თუ არა ის ზღვარი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აირჩია საპასუხოდ, მართებული - რა შეიძლება იყოს ეს ზელენსკისთვის, არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ მას ახსოვს სხვა მაგალითიც - როცა პოროშენკოს პრეზიდენტობისას უკრაინა იყო უკიდურესად თვინიერი, თავშეკავებული, მაგრამ ყველამ იცის, რომ რუსეთმა მიიტაცა ყირიმი. ყველამ იცოდა, რომ „პატარა მწვანე კაცები“ დონბასში შეიჭრნენ - უკრაინამ არაფერი გააკეთა, ამას სამხედრო პასუხი არ მოჰყოლია, შესაბამისად, რეგიონი რუსებმა ჩაიგდეს ხელში. ჯერჯერობით, ზელენსკი ჭკვიანურად იქცევა, და თავს იკავებს ცეცხლის დაბრუნებისგან.

სწორედ ეს მოხდა საქართველოშიც - პუტინმა იცის, რომ რაღაც ეტაპზე უკრაინელებიც გაისვრიან საპასუხოდ, როგორც ეს ქართველებმა გააკეთეთ. და ის ამ სროლას გამოიყენებს, როგორც წინაპირობას ფართომასშტაბიანი შეჭრისათვის...

2008 წელთან სხვა პარალელებიც შეგვიძლია გავავლოთ: სრულმასშტაბიანი ომი, პასპორტიზაცია, ევაკუაცია. დაბოლოს - რაც ჩემი აზრით ერთობ შემაშფოთებელია - რამდენად მარტივად ახერხებენ რუსები ფრანგი და გერმანელი ლიდერებით მანიპულირებას. ისინი თავს აჯერებენ, რომ მშვიდობას იცავენ, სინამდვილეში კი მათ [კრემლი] უბრალოდ იყენებს. 1996 წელს, დუმის თავმჯდომარის მოადგილემ მითხრა - თქვენ, ამერიკელებს, პოლიტიკა არ გესმით. თქვენ გინდათ, რომ სხვებს მოსწონდეთ. ეს არ არის ძალაუფლება. ჩვენ, რუსებს, გვინდა, ჩვენი ეშინოდეთ. და ეს რეალურ ძალაუფლებას გვაძლევს. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ევროპა დავაშინოთ. და პუტინიც სწორედ ამას ცდილობს დღეს. 2008 წელს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა და დღევანდელმა გერმანელმა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა აიღო ჩვენი, ამერიკელების მიერ შემუშავებული გეგმა დეესკალაციის შესახებ, რომელსაც ქართველებიც ეთანხმებოდნენ. გეგმა მოიაზრებდა მშვიდობისმყოფელების შეყვანას კოდორის ხეობაში, რის სანაცვლოდაც ქართველი მხარე პირობას დებდა, რომ სამხედრო ძალას არ მიმართავდა. იქ მეტი რამე ეწერა, მაგრამ ბალანსი დაცული იყო. შტაინმაიერმა აიღო ეს გეგმა და „გაამარტივა“ - მივიღეთ წყალწყალა ვარიანტი, სადაც საქართველო ისევ დებდა პირობას, რომ ძალას არ გამოიყენებდა, და სანაცვლოდ, რუსეთი დებდა საკმაოდ ბუნდოვან პირობას, რომ არ დაესხმებოდა თავს საქართველოს. რუსებმა გერმანელები გააცურეს, მაგრამ კიდევ უფრო მწარედ გააცურეს ფრანგები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. ბერნარდ კუშნერმა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, და ალექსანდერ შტუბმა, რომელიც მაშინ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იყო, საკმაოდ კარგი, სამართლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიმუშავეს.

შემდეგ სარკოზი ჩავიდა მოსკოვში, ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები, შეთანხმება „გადაიხედა“ და რაც უკან ჩამოიტანა, უბრალოდ საშინელება იყო. იმდენად ცუდი, რომ როდესაც მეორე დღეს საფრანგეთის ელჩმა მაჩვენა, ვუთხარი, ერიკ, გარეთ უნდა გავიდე-მეთქი, ისე გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც შენმა პრეზიდენტმა მოიმოქმედა. არც კი ესმის, რა ჩაიდინა, რომ ამით რუსებს უფლება მისცა, საკუთარი ჯარები ჰყავდეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სანაცვლოდ კი ქართველებს აიძულა, ჯარები გამოეყვანათ მათი აწ უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს აბსოლუტურად არასწორია და არღვევს საერთაშორისო სამართალს. და კიდევ უარესი - იქ იყო ბოლო პუნქტი, რომელზეც თითქმის არავინ იცის და არც მე მისაუბრია ხშირად, მაგრამ ვფიქრობ, დროა, გავიხსენოთ. შავი პირი იმ შეთანხმებისა, რომელიც სარკოზიმ წამოიღო პუტინისგან, შეიცავდა პუტინის მიერვე შემოტანილ პუნქტს, რომ რუსებს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება შეეძლოთ, არამედ იმ ტერიტორიისაც, სადაც გაჩერდნენ, ანუ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთავარი მაგისტრალიდან, და დამატებით, ფრანგები დათანხმდნენ, რომ რუსებს უფლება ჰქონდათ, სამხედრო პატრულირება ეწარმოებინათ, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ხუთი ან ათი კილომეტრის მანძილზე მათი სამხედრო ოპერაციების ადგილიდან. ნებისმიერი, ვისაც რუკა ნანახი ჰქონდა, მიხვდებოდა, რომ ეს ნიშნავდა რუსებისთვის უფლების მიცემას, დაებლოკათ ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა. როცა ეს წავიკითხე, ჭკუიდან გადავედი. დავურეკე სახელმწიფო მდივანს, დავურეკე ჩემს უფროსს, დენ ფრიდს - და ვუთხარი, დაუშვებელია, რომ ეს მოხვდეს შეთანხმებაში-მეთქი. თანაც სწორედ იმ დროს თავიანთ ფრანგ კოლეგებს ხვდებოდნენ პარიზში, მე კი თბილისში ვიყავი. მკითხეს, რატომო? ვუთხარი, თუ რუკას შეხედავთ, მიხვდებით, რატომაც - ფრანგებმა რუსებს, რუს ჯარს ფაქტობრივად უფლება მისცეს, რკინიგზა დაბლოკონ. რა მოუვა თბილისს ამ შემთხვევაში? მას შეუწყდება სურსათი, საწვავი, მედიკამენტები, ყველაფრის მიწოდება. ჩემი ხელმძღვანელებიც ადგნენ და ჰკითხეს თავიანთ ფრანგ კოლეგებს - ეს რატომ გააკეთეთ? ფრანგებმა კი უპასუხეს - რა ვიცი, გონივრულად მოგვეჩვენა, რომ რუსებს სჭირდებათ პატრული, რათა დაიცვან საკუთარი დანაყოფები ქართველების სავარაუდო თავდასხმისგანო... და მაშინ ჩემმა უფროსმა, არ მინდა მას დამსახურება დავუკარგო, იკითხა - რუკა თან გქონდათ, როდესაც ამას დაეთანხმეთ? ფრანგებმა - არა, რუკისთვის არ შეგვიხედავს, ეს უბრალოდ საღ აზრად ჩავთვალეთო... ვფიქრობ, რომ ფრანგებს ახლაც ისევე გააცურებენ, როგორც მაშინ.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ მაკრონიც სარკოზის ბედს გაიზიარებს?

ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, იყო თუ არა ის ზღვარი, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აირჩია საპასუხოდ, მართებული - რა შეიძლება იყოს ეს ზელენსკისთვის, არ ვიცი...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, ამას უკვე ვხედავთ. მაკრონი არ უყურებს [რა ხდება], ის არ არის ჩართული დეტალებში. მას უნდა დიალოგი და უნდა, ორივე მხარემ მოახდინოს დეესკალაცია, თითქოს უკრაინამ დააშავა რამე. უკრაინა არის თავისთვის და უნდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არავის ემუქრება სამხედრო აგრესიით. რუსეთი კი პირიქით, ყოვლად არალეგალურად და ამორალურად, ძალის გამოყენების მუქარით ცდილობს „დიდი რუსეთის“ რაღაც აბსტრაქტული იდეის რეალობად ქცევას. მიუხედავად ყოველივე ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც ორივე მხარეს მოუწოდებს დეესკალაციისკენ. დიალოგი - ეს ევროპელების მოდუს ოპერანდია - მათ არ აინტერესებთ, ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი. ესეც ძალიან წააგავს იმას, რაც საქართველოში მოხდა 2008 წელს.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ ბაიდენის თხოვნით, სწორედ მაკრონი ეცდება, ბაიდენ-პუტინის სამიტი რეალობად აქციოს. დასავლურ პრესაში საინტერესო ციტატა გაჟღერდა ფრანგული ოფიციოზისგან: „ჩვენ ვქმნით ისეთ დიპლომატიურ პერსპექტივას, რომელსაც კრემლი დაეთანხმება“. რა პერსპექტივაზე შეიძლება იყოს საუბარი?

მეთიუ ბრაიზა: პირველ რიგში, ეს ნიშნავს მოლაპარაკებებზე წინასწარ ხელის ჩაქნევას. დიპლომატიური პერსპექტივა, რომელსაც პუტინი დაეთანხმება? პუტინი, რომელიც თვითონ ახდენს ესკალაციას და დიპლომატიაში ფონს გასვლას სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობს? შეიძლება, რასაც ფრანგი დიპლომატები გულისხმობენ, ნიშნავს შემდეგს: დიახ, შეგვაშინა რუსეთის მუქარამ, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში. და რუსეთი თანახმაა, გვქონდეს დისკუსია, რადგან ჩვენ, ფრანგებმა ვაღიარეთ, რომ როგორც უკრაინამ, ასევე ნატომ და მთელმა ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას რუსეთის მოთხოვნები, რომ ნატო 1997 წლის დროინდელ საზღვრებს დაუბრუნდეს. ფაქტობრივად, თავად მაკრონმაც იგივე თქვა, როდესაც განაცხადა, რომ რუსების მოთხოვნებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და განვიხილოთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG