„პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ თუ ისინი შეიჭრებიან უკრაინაში, მთავრობას დაამხობენ და პრორუსი რეჟიმით შეცვლიან, ამას ყველა მოაწერს ხელს და ამით უკრაინის პრობლემა მოგვარდება. ეს დამატებით ელვარებას სძენს მისი, როგორც „ცარის“ გვირგვინს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმ. ევროპის ცენტრის დირექტორი, ანჯელა სტენტი, რომლის წიგნი, „პუტინის სამყარო” ერთ-ერთ ფუნდამენტურ კვლევად ითვლება მათთვის, ვისაც რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ახსნა ან გაგება სურს. ვაჟა თავბერიძე ანჯელა სტენტს პრაღიდან ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: უკანასკნელი ცნობების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში სამი ადამიანი დაშავდა პრორუსი სეპარატისტების მხრიდან საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად. თუ რუსეთი ამ ტაქტიკას გაჰყვება და სეპარატისტების მეშვეობით შეეცდება უკრაინას მეტი და მეტი ზიანი მიაყენოს, რას გააკეთებს დასავლეთი? შეგვიძლია, ამას „მცირე შეჭრა“ ვუწოდოთ?
ანჯელა სტენტი: ვფიქრობ, დასავლეთისთვის ძალიან რთული იქნება, ამას რაიმე ქმედითი დაუპირისპიროს. აშშ-მა დიდი ძალისხმევის შედეგად
„პუტინს სწამს, რომ მხოლოდ მას აკისრია ისტორიული მისია, რუსეთი კვლავ დიად ძალად აქციოს... საკუთარ თავს ჩააგონა, რომ ეს მისი ბედისწერაა“
მოახერხა ევროპელი მოკავშირეების დათანხმება სანქციებზე - თუმცა ეს სანქციები მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, თუ რუსეთის მხრიდან სამხედრო შეჭრას ვიხილავთ. თუ ეს ყველაფერი დონბასის რეგიონს არ სცდება, მაშინ დასავლელ მოკავშირეებს გაუჭირდებათ საპასუხოდ რაიმე სერიოზული მოიმოქმედონ.
რადიო თავისუფლება: ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი საბაბს ეძებს, რათა უკრაინას დაესხას თავს, პრეზიდენტმა ბაიდენმა კი რუსეთის ქმედებებს ე.წ. ყალბი დროშის ოპერაცია უწოდა. არ გაგონებთ ყველაფერი ეს 2008 წლის ომის პრელუდიას?
ანჯელა სტენტი: მსგავსება არის. 2008 წელს ბუშის მთელი ადმინისტრაცია „ჩასჩიჩინებდა“ პრეზიდენტ სააკაშვილს, პროვოკაციებს არ აჰყოლოდა. შემდეგ რაც მოხდა, ვიცით.
ვფიქრობ, ახლაც მსგავსი გზავნილები კეთდება, ამჯერად კიევის მისამართით, რადგან [ომის შემთხვევაში] დასავლეთი ბევრს ვერაფერს იზამს. აშშ მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენს, რომ მისი სამხედრო ინსტრუქტორები უშუალოდ არ აღმოჩნდნენ ჩაბმული რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ვფიქრობ, ახლა კიევს ურჩევენ, არ ისროლონ საპასუხოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძნელია, რადგან ეს მათი ტერიტორიაა და ისინი უკვე ჩაბმული არიან ომში. მაგრამ ვფიქრობ, რომ რჩევა ასეთია.
რადიო თავისუფლება: რაიმე წითელი ხაზები არსებობს? არის რაიმე ეტაპი, როდესაც კიევს მოუწევს პასუხი და ამაში მასვე არ
„2008 წელს ბუშის მთელი ადმინისტრაცია „ჩასჩიჩინებდა“ პრეზიდენტ სააკაშვილს, პროვოკაციებს არ აჰყოლოდა... ახლა კიევს ურჩევენ, არ ისროლონ საპასუხოდ...“
დაადანაშაულებენ? თუ რუსეთს შეუძლია, ყოველდღე „მოუმატოს გაზს“ და სეპარატისტების მეშვეობით მეტი და მეტი ზიანი მიაყენოს უკრაინას?
ანჯელა სტენტი: ვერ გეტყვით. რაც ვიცით, არის ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ თქვა, რომ თუ ერთი რუსი სამხედროც კი გადაკვეთს საზღვარს, ამაზე დაუყოვნებლივი რეაქცია გვექნება. მაგრამ ამ მომენტისთვის ეს არ ხდება. ღიად არავის ჩამოუყალიბებია იმ ტიპის წითელი ხაზები, რომელზეც თქვენ საუბრობთ.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება იმ უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს, რომელიც უკრაინას უკვე მიადგა რუსი ჯარების უბრალოდ საზღვრისგადაღმა დგომის გამო, როგორ აპირებს დასავლეთი უკრაინის შველას?
ანჯელა სტენტი: თავისთავად ცხადია, ეკონომიკური ზიანი უზარმაზარია. აშშ, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები უკვე აწვდიან ფინანსურ დახმარებას უკრაინას და განაცხადეს, რომ ამ დახმარების მოცულობა გაიზრდება. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის პრობლემა - პრობლემაა გაქცეული ინვესტორები. არავის სურს ფულის დაბანდება ქვეყანაში, რომელიც ომის გამუდმებული საფრთხის წინაშე დგას, და ამას დასავლეთი ბევრი ვერაფრით უშველის. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც პუტინი უკრაინის ჩამოშლას და ჩამოქცევას ცდილობს.
რადიო თავისუფლება: და, როგორც ჩანს, წარმატებითაც.
ანჯელა სტენტი: დიახ. ზოგადად, პუტინი საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს ამ ყველაფერს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს ულტიმატუმებს უგზავნის - ჩვენ გვიწევს პრეზიდენტ პუტინის დღის წესრიგს ვუპასუხოთ. ყველა აქეთ-იქით დარბის, ერთიმეორის მიყოლებით ვხედავთ დიპლომატიურ ვიზიტებს. და ყველა ცდილობს გამოიცნოს, რას იზამს მოსკოვი.
„ბუქარესტის სამიტის დაპირება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრების შესახებ 2008 წელს გაკეთდა და მას შემდეგ წინ არ წაგვიწევია“
რადიო თავისუფლება: მოსკოვმა შესაძლოა დონბასი და ლუგანსკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიაროს - რა მოჰყვება ამას?
ანჯელა სტენტი: იგივე, რაც მოჰყვა საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. ერთი მხრივ, ეს კიდევ უფრო გაართულებს უკრაინისთვის ამ ტერიტორიების დაბრუნებას ახლო მომავალში. მეორე მხრივ, რუსეთი ამით გარკვეულწილად ბერკეტს კარგავს, რადგან რუსეთის მიზანი იყო მინსკის შეთანხმებების გზით ამ ორი წარმონაქმნისთვის დე ფაქტო ვეტოს მოპოვება უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე. აღიარება კი მინსკის შეთანხმებებს ფაქტობრივად კლავს, და რუსეთი ამ ბერკეტებს კარგავს.
რადიო თავისუფლება: 4 ოკუპირებული ტერიტორია საკმარისი ბერკეტი არაა კიევისა და თბილისის ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩასახშობად?
ანჯელა სტენტი: როგორც ვიცით, ამ ეტაპზე უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი არ განიხილება. ბუქარესტის სამიტის დაპირება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრების შესახებ 2008 წელს გაკეთდა და მას შემდეგ წინ არ წაგვიწევია, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. მაგრამ სანამ ტერიტორიაზე ჰყავთ რუსი სამხედროები და ე.წ. სეპარატისტული დანაყოფები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები არიან, ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, მიუხედავად იმისა, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში. სწორედ ეს იყო რუსების მიზანიც.
„სანამ ტერიტორიაზე გყავთ რუსი სამხედროები და ე.წ. სეპარატისტული დანაყოფები, რომლებიც რუსეთის მარიონეტები არიან, ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, მიუხედავად იმისა, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში.“
რადიო თავისუფლება: თავად პუტინზეც გკითხავთ - „Wall Street Journal”-ში წერდით, რომ „პუტინი ჭადრაკს არ თამაშობს, ის ძიუდოს წესებით მოქმედებს“. ამ მეტაფორის ფარგლებში, დასავლეთი რომელ სპორტს მისდევს?
ანჯელა სტენტი: ვერ გეტყვით. მაგრამ არა ძიუდოს, რადგან ჩვენ ვერაფერს ვაკონტროლებთ და უბრალოდ ვრეაგირებთ მეტოქის „მოძრაობებზე“, ამ შემთხვევაში ულტიმატუმებზე.
რადიო თავისუფლება: პუტინის მეტამორფოზა - მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი მასზე საუბრისას აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, რამდენიმე პუტინის მომსწრე გავხდით, რომ ის „ტყავს იცვლის“ და ა.შ. როგორი და ვინაა დღევანდელი პუტინი?
ანჯელა სტენტი: ვფიქრობ, ის ნამდვილად შეიცვალა, განსაკუთრებით იზოლაციის უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, როდესაც გარშემორტყმული იყო მრჩეველთა მცირე ჯგუფით, სადაც ყველა მათგანი აგრესიული საგარეო რიტორიკის მომხრეა. ამან, ვფიქრობ, გავლენა მოახდინა რეალობის მისეულ აღქმაზე. ერთი მხრივ, ის აქვეყნებს 5000-სიტყვიან ესეს, სადაც ამბობს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ ჩვენ ძმები და დები ვართ. მერე კი ეუბნება რუს ჯარისკაცებს, რომ უნდა წავიდნენ და ებრძოლონ და დახოცონ თავიანთი დები და ძმები. ალბათ ფიქრობს, რომ თუ ისინი შეიჭრებიან უკრაინაში, მთავრობას დაამხობენ და პრორუსი რეჟიმით შეცვლიან, ამას ყველა მოაწერს ხელს და ამით უკრაინის პრობლემა მოგვარდება. ეს დამატებით ელვარებას სძენს მისი, როგორც „ცარის“ გვირგვინს - ვფიქრობ, დღევანდელი პუტინი თავის ისტორიულ მემკვიდრეობაზე ფიქრობს. ეს არის „ცარი“, რომელმაც დაკარგული მიწები შემოიმტკიცა, რომელმაც უკრაინა მის კანონიერ ადგილზე დააბრუნა - რუსეთში, რუსეთის ჩრდილისა და რუსეთის იმპერიის ქვეშ. პუტინს სწამს, რომ მხოლოდ მას აკისრია ისტორიული მისია, რუსეთი კვლავ დიად ძალად აქციოს და დასავლეთს აიძულოს, რუსეთის ინტერესები ლეგიტიმურად აღიაროს. მან ალბათ საკუთარ თავს ჩააგონა, რომ ეს მისი ბედისწერაა.