Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვართ მზად, რუსებს ვეომოთ უკრაინისა და საქართველოსთვის? არა...“ - კრისტოფ ლანცი


კრისტოფ ლანცი
კრისტოფ ლანცი

ამერიკისა და ბრიტანეთის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სამხედრო შეჭრის მზარდი რისკის ფონზე, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს გერმანიის მთავრობაც. ბუნდესკანცლერი შოლცი 15 თებერვალს, კიევში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვს ეწვევა და ბევრი ფიქრობს, რომ პუტინი სწორედ შოლცის ვიზიტამდე „შეიკავებს თავს“ ომის დაწყებისგან...

„გამიკვირდება, თუ კანცლერ შოლცის ვიზიტს რაიმე გარდატეხა მოჰყვება. სადაც ბაიდენმა და მაკრონმა ვერაფერი გააწყვეს, შოლცმა რა უნდა ქნას?“ - ამბობს ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და „დოიჩე ველეს“ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, კრისტოფ ლანცი. „მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ევროპაში ახალი ომიც არ გვსურს - ასეთია დღეს გერმანიის პოზიცია“, - აღნიშნავს ის. ასეთივე ირონიულია მისი განწყობა დიპლომატიური ალტერნატივის - მინსკის ხელშეკრულებებისა და საკუთარი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ცნობილი ფორმულისადმი: პრეზიდენტი „ეთიკითა და მორალური პრინციპებით არ ხელმძღვანელობდა, როდესაც ეს ფორმულა შემოგვთავაზა“, - ამბობს ლანცი.

მასთან ინტერვიუ სწორედ „დოიჩე ველეზე“ კითხვით დავიწყეთ -

„ზელენსკიმ კომიკოსობით დაიწყო და დღეს პოლიტიკოსია, სამაგიეროდ, გერმანიის მთავრობა და პოლიტიკოსები იქცევიან კომიკოსებივით“

ახლახან, RT (ყოფილი „Russia Today”)-ისთვის ლიცენზიის არმიცემის საპასუხოდ, კრემლმა მოსკოვში „დოიჩე ველეს“ ბიურო დახურა...

„RT”-სა და „დოიჩე ველეს“ შორის კონფლიქტი უბრალოდ კიდევ ერთი ფილაა მოსკოვსა და ბერლინს შორის არსებული დაძაბულობის მოზაიკაში, - ეუბნება ლანცი რადიო თავისუფლებას, - კრემლის რეაქცია ასიმეტრიული იყო - უბრალო ინციდენტის პასუხად, რომელშიც თავადვე იყვნენ დამნაშავე, ზარბაზანი გამოაგორეს. როგორი უნდა იყოს ბერლინის პასუხი ამ პროვოკაციაზე? ახლა ჩვენ გავყაროთ რუსი ჟურნალისტები? ეს არ მგონია ჭკვიანური სვლა. ჩვენ, რუსეთისგან განსხვავებით, ვაფასებთ პრესის დამოუკიდებლობას და პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას, ზოგჯერ შეიძლება ზედმეტადაც კი. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ „დოიჩე ველეს“ დაბრუნება მოსკოვში, რადგან მათ ლიცენზია უბრალოდ წაგლიჯეს. ვფიქრობ, ერთ-ნახევარ ან ორ წელში „დოიჩე ველე“ მოსკოვში დაბრუნდება.

რადიო თავისუფლება: მოსალოდნელია თუ არა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კანცლერმა შოლცმა, ომის თავიდან არიდების ნაცვლად ე.წ. სანუგეშო პრიზად ჩამოიტანოს „დოიჩე ველეს“ მოსკოვში დაბრუნება? ჩაუთვლიან ამას დიპლომატიურ გამარჯვებად გერმანიაში?

კრისტოფ ლანცი: შეიძლება მოახერხოს კიდეც, მაგრამ არ მგონია, ეს ფართო პუბლიკისთვის იმდენად მგრძნობიარე საკითხი იყოს, რომ ტაში შემოკრან და შესძახონ - ვაუ, რა მაგარია შოლცი! საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ შოლცი, ფაქტობრივად, ხმას არ იღებს. მთავარი საკითხი აქ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენია - ეს გერმანულ-რუსული პროექტია და მრავლისმთქმელი იყო, რომ ბაიდენს

„შროდერი ამაზრზენია, ადმირალი შიონბახი კი ბრიყვი“

მოუწია რუსებისთვის თქმა: მოგიწევთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაივიწყოთო, მაშინ როცა გერმანიის კანცლერმა თავს ისიც კი ვერ აიძულა, რომ გაზსადენის სახელწოდება ეხსენებინა. ვფიქრობ, ამ პრობლემის გასაღები შიდაპარტიული უთანხმოებაა „სოციალ დემოკრატებში“. დღეს მოქმედი პარტიებიდან მათ რუსებთან საქმეების გაჩარხვის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვთ. შორს რომ აღარ წავიდეთ, შეგვიძლია ჩვენი „დარტყმული“ ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი ვახსენოთ, ამაზრზენი ფიგურა, რომელიც ამაზრზენადვე იქცევა. და მაინც, მიუხედავად ამ „პუტინის კვერისდამკვრელებისა (Putinverstehers)“, დარწმუნებით გეტყვით, რომ გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა ამ კონფლიქტში უკრაინასა და მის სუვერენიტეტს უჭერს მხარს. თუმცა, ამავდროულად, არ გვსურს ევროპაში ახალი ომის ნახვა. საბოლოოდ ყველაფერი ბანალურ შეკითხვამდე დადის, რომელიც საკულტო ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა დაგვისვა ბერლინში - სნაიდერმა თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის შეეცდება, უკან დაიბრუნოს ის მიწები, რომელთა მოხვეჭის დროსაც რუსული სისხლი დაიღვარა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო და გვითხრა, რომ ილუზიები არ გვქონოდა რუსების რეალური მიზნების შესახებ. ბოლოს მან იკითხა - ხართ მზად, რუსებს ეომოთ ამ მიწებისთვის? არ ვართ, და პრობლემაც ამაშია.

რადიო თავისუფლება: დათანხმდებიან კი შოლცი და გერმანია ბაიდენის პოზიციას, რომ თუ რუსეთი ხელახლა შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „შეგვიძლია დავივიწყოთ“?

„რუსეთი ყოველთვის შეეცდება, უკან დაიბრუნოს ის მიწები, რომელთა გამოც რუსული სისხლი დაიღვარა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო”

კრისტოფ ლანცი: თუ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას დაიწყებს, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, სანქციების პაკეტში ჩაიწერება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ ამუშავდება. თუ გერმანიის მთავრობა სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინმა თავისას მიაღწია და ევროპა ორად გახლიჩა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უბრალოდ გაზსადენი აღარაა, ის დღეს სიმბოლოდაც იქცა.

რადიო თავისუფლება: გერმანია უკრაინას უარს ეუბნება თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, ამას კი იმით ამართლებს, რომ არ სურთ იარაღით მოამარაგონ დაძაბულობის ზონები. თუმცა ამ დოქტრინას ბერლინისთვის ხელი არ შეუშლია, გასულ წელს სარეკორდო მოგება ენახა ეგვიპტისთვის იარაღის მიყიდვით... რატომ ორმაგი სტანდარტი?

კრისტოფ ლანცი: ვიტყოდი, რომ თუ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კომიკოსობით დაიწყო და დღეს პოლიტიკოსი და პრეზიდენტია, გერმანიის მთავრობამ და პოლიტიკოსებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს კომიკოსების როლი მოირგონ - მხოლოდ ამით აიხსნება უკრაინისთვის ჩაფხუტების მიწოდების გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ არასერიოზულია. არ ვფიქრობ, რომ უკრაინას მილიონობით იარაღი უნდა მივაწოდოთ, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად გარკვეული რაოდენობით თავდაცვითი იარაღის მიწოდება ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა. მარტო მე არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს გერმანიაში - ამ მოსაზრებას იზიარებს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მაინც.

რადიო თავისუფლება: და გერმანიის აწ უკვე ყოფილი საზღვაო

„როცა საქართველოს ნატოში გაწევრება განიხილებოდა, მე ვიკითხე - ბიჭებო, ცოტა ძალიან ახლოს ხომ არ ეპარებით რუსეთის არტერიას?“

სარდლის, ვიცე-ადმირალ შიონბახის მოსაზრებებს რამდენი იზიარებს? რომ პუტინის შეშფოთებები ლეგიტიმურია, რომ ის პატივისცემას იმსახურებს, რომ ყირიმი აღარ დაბრუნდება, რომ უკრაინას და საქართველოს ნატოში არაფერი ესაქმებათ...

კრისტოფ ლანცი: აქ უკვე ჭეშმარიტ იდიოტთან გვაქვს საქმე - რამდენად ბრიყვი უნდა იყო, რომ საჯარო გამოსვლაზე ისეთი რამეები ჩამოფქვა, რასაც პაბში ოთხი კათხა ლუდის შემდეგ ამბობ და თან იფიქრო, რომ ამას არავინ ჩაიწერს? რაც შეეხება იმას, რაც მან თქვა, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. 80-იან წლებში გერმანელისთვის რომ გეკითხათ - როგორ ფიქრობთ, ბერლინის კედელი დაეცემა და გერმანია გამთლიანდებაო?, 90 პროცენტი გიპასუხებდათ, არა, გამორიცხულიაო. იმავე კითხვას თუ პოლიტიკოსებს დაუსვამდით, გეტყოდნენ, რომ კი, რადგან არა-ს თქმა პოლიტიკურად არასწორი იქნებოდა. ახლა დავსვათ კითხვა - დაუბრუნდება კი ყირიმი უკრაინას? ბერლინის კედლის დაცემამ მასწავლა, რომ ასეთ კითხვაზე არა აღარ უნდა ვუპასუხო, ასე რომ, ვიტყვი, რომ შეიძლება, მაგრამ ეს არ მოხდება უახლოესი 10 წლის მანძილზე. ასე მუშაობს პოლიტიკა. გერმანიის პოლიტიკური კლასიც ასევე ფიქრობს. ახლა, რაც შეეხება საქართველოს - წლების წინ, როცა საქართველო დიდი შემართებით ცდილობდა ნატოსთან დაახლოებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე, მე ვიკითხე - ბიჭებო, ცოტა ძალიან ახლოს ხომ არ ეპარებით რუსეთის არტერიას? შემდეგ ვიცით, რაც მოხდა. დღეს გვიწევს ვუპასუხოთ კითხვას - როგორ დავეხმაროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რომ ჰქონდეთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, რა გააკეთონ, საით წავიდნენ... ვფიქრობ, პასუხი ცოტა უფრო ნაცრისფერია, ვიდრე ნატოში გაწევრების მარტივი შავ-თეთრი დილემის გადაჭრა...

რადიო თავისუფლება: ერთადერთ დიპლომატიურ გამოსავლად, რომელსაც რუსეთი დათანხმდება - და, როგორც ჩანს, ბერლინი და პარიზიც არ იტყოდნენ უარს - მინსკის შეთანხმებები და მათზე მიბმული

„არ მგონია, რომ შტაინმაიერი ეთიკითა და მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობდა, როდესაც ეს [მინსკის შეთანხმების] ფორმულა შემოგვთავაზა. ასე რომ, ვიტყოდი, რომ კიევის შიში უსაფუძვლო არაა“

ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა რჩება. კიევში შიშობენ, რომ ეს უკრაინის ფედერალიზაციას და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრებაზე დონბასისა და ლუგანსკისთვის ვეტოს უფლების მიცემას მოასწავებს. იზიარებთ მათ შეშფოთებას?

კრისტოფ ლანცი: არ მინდა რაიმე კონსპირაციული თეორები განვავითარო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არის შტაინმაიერი - ის გერჰარდ შროდერის უახლოესი მოკავშირე იყო, შროდერის კანცლერობისას 6 წელი მის შტაბს მართავდა. ის სოციალ-დემოკრატების ე.წ. ძველი თაობის ქსელს ეკუთვნის. არ მგონია, რომ ის ეთიკითა და მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობდა, როდესაც ეს ფორმულა შემოგვთავაზა. ასე რომ, ვიტყოდი, რომ კიევის შიში უსაფუძვლო არაა. მესმის, რომ ხალხი უკრაინაში გაღიზიანებულია გერმანიის საქციელით. ცოტა ხნის წინ უკრაინელი მეგობარი გავაცილე უკან სახლში და ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ, და ბოდიშს ვიხდი იმის გამო, თუ როგორ იქცევა გერმანია. ეს არ იყო ადვილი ჩემთვის, მაგრამ მეტი არც არაფერი გვაქვს სათქმელი...

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG