აშშ-სა და ნატოსთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გერმანია მოლაპარაკებების ერთგვარ დამატებით რაუნდში აპირებს ჩართვას - გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გერმანიის ახალ კანცლერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იანვრის ბოლომდე სურს. შოლცმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია მიესალმება რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს - კანცლერი დაინტერესებულია ე.წ. ნორმანდიის ფორმატის აღდგენითაც, რომელიც რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და უკრაინას აერთიანებს. შოლცისა და პუტინის შესაძლო შეხვედრამდე, 18 იანვარს, კიევში ვიზიტის შემდეგ, რუს კოლეგას შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალინა ბერბოკი.
უნდა ველოდოთ თუ არა მოსკოვის მიმართ ბერლინის პრაგმატული კურსის ცვლილებას და ზოგადად, რა უნდა დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსულ ულტიმატუმებს?
„დათმობას არ ვაპირებთ, და გარწმუნებთ, გერმანია არ იქნება ქვეყანა, რომელიც რუსეთთან დათმობებზე წავა... უკრაინის საზღვრის გადაღმა მდგარი თითოეული რუსული ტანკისთვის უკრაინელებს ერთი “ჯაველინი” ან “მილანი” მაინც უნდა ჰქონდეთ გამზადებული, რათა სათანადოდ „მიესალმონ“ აგრესორს, თუ ის ქვეყანაში შემოჭრას დააპირებს“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ევროპარლამენტარმა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერმა. მან ასევე უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვებსაც.
რადიო თავისუფლება: როგორი განწყობაა გერმანიაში კანცლერისა და პრეზიდენტ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის წინ?
ლავროვისგან კეთილი მასპინძლობისა და თავაზიანობის იმედი არ უნდა გვქონდეს...
მიხაელ გალერი: როგორც ნახეთ, ნატოცა და ევროკავშირიც ერთსულოვანი იყო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს აგრესიისა და ძალადობისგან და ვაფრთხილებთ, რომ თუ ასე არ მოიქცევა, უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაატყდება თავს. ამ პოზიციას იზიარებს გერმანიაც. რუსი ჯარისკაცები უკვე ორი თვეა სიცივეში დგანან, და ერთადერთი, რაც გვინდა და რასაც ვიმედოვნებთ, არის ის, რომ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მაგრამ ასე არ ხდება, შესაბამისად, აუცილებელია, ჩვენც ვიდგეთ ერთად და ვიდგეთ მტკიცედ ამ გამოწვევის წინააღმდეგ. ამ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი მოსკოვს ეწვევა და ლავროვს შეხვდება. იმედია, კარგად არის მომზადებული, რადგან როგორც კომისარ ბორელის ვიზიტმა ცხადყო, ლავროვისგან კეთილი მასპინძლობისა და თავაზიანობის იმედი არ უნდა გვქონდეს.
რადიო თავისუფლება: გააგრძელებს თუ არა ახალი კანცლერი თავისი წინამორბედის პოლიტიკას მოსკოვთან მიმართებით? თუ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?
დათმობას არ ვაპირებთ, და გარწმუნებთ, გერმანია არ იქნება ქვეყანა, რომელიც რუსეთთან დათმობებზე წავა...
მიხაელ გალერი: ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოზიცია უფრო და უფრო ხისტი ხდება - და, შესაბამისად, დასავლეთს უწევს, ადაპტირდეს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უნდა ფიქსირდებოდეს მკაფიოდ და იოტისოდენა ეჭვიც კი არ უნდა გაჩნდეს, რომ რუსების მოთხოვნებს რაიმე ლეგიტიმაცია აქვს. ჩვენ გვაინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღების შემცირება და კონტროლი, გამჭვირვალობა და მზად ვართ ამ თემებზე კონსენსუსი ვეძებოთ რუსეთთან, მაგრამ სხვა საკითხებზე დათმობას არ ვაპირებთ, და გარწმუნებთ, გერმანია არ იქნება ქვეყანა, რომელიც რუსეთთან დათმობებზე წავა - აი, რისი მოლოდინი მაქვს ახალი კანცლერისგან.
რადიო თავისუფლება: რა როლი აქვს ევროკავშირს ამ დიპლომატიურ დუელში? ჩვენ ვნახეთ, რომ სპეციალური წარმომადგენელი ბორელი უკრაინას ეწვია, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ მოლაპარაკებებში ევროკავშირი უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი - არც ჟენევაში, არც ბრიუსელში ნატოსთან და არც ვენაში ეუთოსთან...
უკრაინის საზღვრის გადაღმა მდგარი თითოეული რუსული ტანკისთვის უკრაინელებს ერთი ჯაველინი ან მილანი მაინც უნდა ჰქონდეთ გამზადებული,რათა სათანადოდ „მიესალმონ“ აგრესორს, თუ ის ქვეყანაში შემოჭრას დააპირებს...
მიხაელ გალერი: პირველ რიგში - კარგია, რომ როგორც იქნა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ უკრაინას ეწვია. ეს ჯერ კიდევ ფედერიკა მოგერინის უნდა ექნა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთთან ცალსახაა - შეკავება და დიალოგი. პოტენციური სამხედრო საფრთხის საპასუხოდ, ჩვენ რეალური ბერკეტები გვაქვს ეკონომიკური სანქციების სახით. და პარლამენტში ვთვლით, რომ ამ ბერკეტების გამოყენების დრო დადგა - რომ რუსეთი SWIFT-ის სისტემიდან უნდა გამოვთიშოთ. და ამას ნამდვილად ექნება უზარმაზარი და დაუყოვნებელი ეფექტი. ასეთივე ეფექტიანი იქნება რუსი ოლიგარქებისა და პრივილეგირებული „ბიზნესმენებისთვის“ მუდმივი ვიზების გაუქმება ევროკავშირის მასშტაბით. ვნახოთ, როგორ მოეწონებათ - უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, რასაც პუტინი აკეთებს, მათვე ვნებს და ამის შესახებ პუტინს შესჩივლონ მანამ, სანამ მან ის ახალ აგრესიაზე წასვლას გარისკავს. მათ უნდა გაიაზრონ, რომ თუ პუტინზე დადებენ ფსონს, პუტინთან ერთადვე მოუწევთ წაგება.
რადიო თავისუფლება: ევროპელი მოკავშირეები, გერმანიის ჩათვლით, ჯერჯერობით ფეხს ითრევენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. რუსეთის ულტიმატუმების ფონზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს?
უკრაინელები არ დანებდებიან, წინააღმდეგობას გაწევენ და რუსებს მხოლოდ ეკონომიკურად კი არა, სამხედრო თვალსაზრისითაც მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ - რუსეთში ბევრი ცხედარი დაბრუნდება, რუს დედებს კი მათი გლოვა მოუწევთ...
მიხაელ გალერი: დიახ, და მეტიც - ეს მიდგომა აქამდეც უნდა შეცვლილიყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი. ასე რომ, მინდა, უკრაინის მცდელობა, მიიღოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, დაკმაყოფილდეს. გერმანელებს „მილანი“ (დასავლეთევროპული, ფრანკო-გერმანული წარმოების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა) გვაქვს, ამერიკელებს „ჯაველინი“ - ვფიქრობ, უკრაინის საზღვრის გადაღმა მდგარი თითოეული რუსული ტანკისთვის უკრაინელებს ერთი „ჯაველინი“ ან „მილანი“ მაინც უნდა ჰქონდეთ გამზადებული, რათა სათანადოდ „მიესალმონ“ აგრესორს, თუ ის ქვეყანაში შემოჭრას დააპირებს. საბედნიეროდ, უკრაინის არმია ის აღარაა, რაც 2014 წელს იყო - ისინი განვითარდნენ, და ბევრად უფრო მაღალ დონეზე არიან. და მაინც, საპირისპირო მხარეს 100 000-კაციანი არმიაა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი შეძლებენ მათ შეკავებას, თუ რუსეთი შემოიჭრება... ამიტომაც მტკიცედ ვუჭერ მხარს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას - რათა კრემლისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინელები არ დანებდებიან, წინააღმდეგობას გაწევენ და რუსებს მხოლოდ ეკონომიკურად კი არა, სამხედრო თვალსაზრისითაც მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ - რუსეთში ბევრი ცხედარი დაბრუნდება, რუს დედებს კი მათი გლოვა მოუწევთ, რაც მე პირადად, სულაც არ მინდა ვნახო.
რადიო თავისუფლება: მოლაპარაკებების წინ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეეჩერებინა - იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს ფაქტობრივად დე ფაქტო ვეტო უკვე აქვთ ამ საკითხზე, რა იყო ამ მოთხოვნის მიზანი? ამ ყველაფრის ქაღალდზე გადატანა?
როცა პოროშენკო დაბრუნდება, დააპატიმრებენ და ა.შ. - მგონი, ახლა შინაომების დრო არ არის - ერთად უნდა დადგნენ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ...
მიხაელ გალერი: ისინი ქაღალდზე ვერაფერს მიიღებენ. და მეტიც, მათ ამ მცდელობას, როგორც ჩანს, საპირისპირო ეფექტი ექნება - უკრაინისა და საქართველოს სურვილი, ნატოში შევიდნენ, არახალია, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ რუსეთის მანევრების წყალობით, უკვე ფინეთსა და შვედეთშიც დაფიქრდნენ ამაზე. მართლა ვერ გამიგია - პუტინს მრჩეველი არ ჰყავს თუ უბრალოდ არავის უსმენს? ყირიმის მიტაცებამდე უკრაინაში არასდროს ყოფილა ნატოში შესვლის მოწადინე საგრძნობი უმრავლესობა. ამ ყველაფერს ერთ დასკვნამდე მივყავართ - პუტინს ნატოს იარაღის ან ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობის კი არ ეშინია, არამედ ჩვენი ცხოვრების წესის - დემოკრატიული საზოგადოებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აშინებს ის ფაქტი, რომ უკრაინა, რომელიც ისტორიულად ძალიან ახლოსაა რუსეთთან, შესაძლოა ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს, კანონის უზენაესობითა და სტაბილური ეკონომიკით, და რუსებს დაანახვოს, რომ თურმე სხვანაირად, სხვაგვარ ქვეყანაში ცხოვრებაც შეიძლება. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის მისი მთავარი კოშმარი. ჩვენ ეს ვიცით - სწორედ ამიტომ არ უნდა მივცეთ მას მეორე იალტის მოწყობის შესაძლებლობა. ეს დრო დიდი ხანია წავიდა.
რადიო თავისუფლება: ფინეთი და შვედეთი როგორმე უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას - საქართველოს და უკრაინას რა ბედი ეწევათ? აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე ევროპული პერსპექტივა საერთოდ არ იყო ნახსენები...
საქართველოს მთავრობაში, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ევროკავშირის გაფრთხილებებისა და კეთილმეგობრული რჩევების იგნორირება. მეორე მხრივ, მთლად კონსტრუქციულ განწყობას არც ოპოზიცია ამჟღავნებს...
მიხაელ გალერი: მე მესმის მათი იმედგაცრუებისა: სამი ქვეყნისთვის, რომლებსაც აქვთ ასოცირების ხელშეკრულებები და თავისუფალი ვაჭრობა, არ ჩანს დამატებითი, ფორმალური პერსპექტივა. მეორე მხრივ, მინდა გავიმეორო, რაც მანამდეც ბევრჯერ მითქვამს: ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. საშინაო დავალებების წერას უნდა შეეშვათ. მოლდოვისთვის არაფერი გვაქვს სასაყვედურო, თუ იმ მცირე ეპიზოდს არ გავიხსენებთ, როცა გაზპრომი აშანტაჟებდათ. მაგრამ რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს... მაშფოთებს, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე, უკრაინაში მაინც რჩებათ დრო პოლიტიკური ომებისთვის მოქმედ პრეზიდენტსა და მის წინამორბედს შორის. მთელი ეს დისკუსია, რომ როცა პოროშენკო დაბრუნდება, დააპატიმრებენ და ა.შ., მგონი ახლა შინაომების დრო არ არის - ერთად უნდა დადგნენ ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქართველოს - თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი სამჯერ იყო საქართველოში ჩამოსული... ეს ხელწამოსაკრავი ამბავი არ არის. იმედგაცრუებულები ვართ და ამ იმედგაცრუებას რამდენიმე ადრესატი ჰყავს - პირველ რიგში, მთავრობა, სადაც, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ევროკავშირის გაფრთხილებებისა და კეთილმეგობრული რჩევების იგნორირება. მეორე მხრივ, მთლად კონსტრუქციულ განწყობას არც ოპოზიცია ამჟღავნებს. ერთადერთი, ვინც ამ ყველაფრით სარგებელს ნახულობს და ბედნიერია, ისევ და ისევ პუტინია. ასე რომ, მინდა მოვუწოდო ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, ქვეყნის რეალურ ინტერესებსა და გრძელვადიან პერსპექტივებზე იფიქრონ...
რადიო თავისუფლება: 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველო დასავლეთისთვის თითით საჩვენებელი ქვეყანა იყო რეგიონში, უკრაინაში კი არ იყო ომი და არც ყირიმი იყო ანექსირებული. მიუხედავად ამისა, ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის მოცემაზე უარი გვითხრეს, მხოლოდ დაგვპირდნენ. ეს უარი კონკრეტული ქვეყნების სკეპტიციზმმა განაპირობა და ერთ-ერთი მათ შორის თქვენი ქვეყანა იყო. შეიძლება ითქვას, ეს სკეპტიციზმი მას შემდეგ არ განელებულა, თუ არ იმატა კიდეც. რა უნდა მოხდეს, რომ გერმანიამ მეტი კეთილგანწყობით შეხედოს ამ საკითხს?
ნატოს გაფართოებამ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება უნდა გაზარდოს...
მიხაელ გალერი: დიახ, საიდუმლო არაა, რომ ეს ქვეყნები გერმანია და საფრანგეთი იყვნენ. 2008 წელს ამ ქვეყნებისთვის მაპ-ი რომ მიგვეცა, შესაძლოა, ამას გარკვეული რეაქცია, უკმაყოფილება მოჰყოლოდა მოსკოვიდან, მაგრამ არა ისეთი, რისი მომსწრეც დღეს ვართ. ახლა ალბათ სხვა სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ რას იზამ - დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ. ნატოს გაფართოებისას ორ საკითხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - პირველი, ეს თავად კონკრეტულ ქვეყანას უნდა უნდოდეს. ჩვენ ძალით არავის ვიწვევთ არც ნატოსა და არც ევროკავშირში, რუსეთისგან განსხვავებით. და მეორე - ამან ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება უნდა გაზარდოს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც დღეს რუსული ჯარები უკრაინის საზღვართან არიან და არა ბალტიის ქვეყნების საზღვართან, არის ის, რომ ეს ქვეყნები ნატოში არიან... გულდასაწყვეტია, რომ ამ გარემოებებში გვიწევს მსგავს საკითხებზე საუბარი - ვისურვებდი, რომ თავად რუსეთის შიგნით მომხდარიყო აუცილებელი ცვლილებები. ოდესმე ეს ცვლილებაც მოხდება, მაგრამ ალბათ არა პუტინის დროს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ის მდიდარი და ცოცხალი ზის კრემლში. პუტინის პოლიტიკის მიზანია, ეს ცვლილება რაც შეიძლება გადაავადოს, მაგრამ მე ვფიქრობ, მისმა ქმედებებმა უკვე გამოიწვია დასავლეთში ღირებულებებისა და მიდგომების გადაფასება რუსეთის მიმართ - ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკა არც ისე მომხიბლავად გამოიყურება, როგორც ადრე.