Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით პუტინს ზედმეტად დიდი ბერკეტი ჩავუგდეთ ხელში“ - ბუნდესტაგის დეპუტატი ფრანკ მიულერ-როზენტრიტი


ბუნდესტაგის დეპუტატი ფრანკ მიულერ-როზენტრიტი
ბუნდესტაგის დეპუტატი ფრანკ მიულერ-როზენტრიტი

„არ შეიძლება, ამხელა ვალში ვიყოთ სხვა ქვეყანასთან, მით უმეტეს, დიქტატურასთან, არ შეიძლება, დიქტატორს ჩვენს პოლიტიკაზე ამხელა ბერკეტი ჰქონდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბუნდესტაგის დეპუტატმა ფრანკ მიულერ-როზენტრიტმა, როდესაც უკრაინაში ახალი რუსული აგრესიის საფრთხის შესახებ საუბრისას კითხვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენსა და გერმანიის პოზიციას შეეხო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობის ზრდასთან ერთად, პროპორციულად მატულობს იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ემხრობიან. რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო იარაღის მიწოდება. თავშეკავებულია და სკეფსისს ინარჩუნებს ევროკავშირის ერთ-ერთი, თუ არა მთავარი ძრავა - ბერლინი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბერლინი კონფლიქტის მოგვარების ყველა დიპლომატიური შესაძლებლობის გამოყენებას ეცდება.

რა განწყობებია თავად გერმანიაში, რას ფიქრობს მისი პოლიტიკური ელიტა და რაზეა „წამსვლელი“ ბერლინი, თუ სიტუაცია უკრაინის საზღვარზე უკიდურესად გაუარესდა - გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის საგარეო პოლიტიკის წამყვან ექსპერტ ფრანკ მიულერ-როზენტრიტს პრაღიდან ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: გერმანული მედიის ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე ერთმანეთს გერმანიის კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი პუტინიც შეხვდებიან - რა მოლოდინი გაქვთ ახალი კანცლერისგან? იმავე ტაქტიკას აირჩევს, რასაც მისი წინამორბედი თუ რაიმე სიახლეს უნდა ველოდოთ?

მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში...

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: გერმანია და რუსეთი მრავალი წელი იყვნენ პარტნიორები, მაგრამ ყირიმმა, აღმოსავლეთმა უკრაინამ და, ზოგადად, პუტინის დიქტატურამ თამაშის წესები შეცვალა. დროა, რუსეთი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს დაუბრუნდეს. ვიმედოვნებ, რომ ახალი კანცლერი რამე ახალს შემოგვთავაზებს, ვიდრე ფრაუ მერკელი, რომლის დროსაც „ვიმეგობროთ რუსებთან, დანარჩენი ევროპა კი მარტო [იყოს]“ პრინციპით ვხელმძღვანელობდით. მინდა გერმანია მეტს ესაუბრებოდეს აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებს, იქნება ეს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი თუ ჩეხეთი. რუსეთთან საუბრისას ერთიანი ევროპული ენა უნდა გამოვიყენოთ და არა - ევროპული და შემდეგ ცალკე გერმანული. რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ მათ არავინ ეთანხმება, რომ თუ ყველა საერთაშორისო ნორმას დაარღვევ, მერე ვეღარ მოხვალ ჩვენთან და იტყვი: „ახლა ბიზნესი ვაკეთოთ“.

რადიო თავისუფლება: იმედი გაქვთ, რომ კანცლერი შოლცი რაიმე ახალს შემოგვთავაზებს - რატომ არ შეიძლება, ეს „სიახლე“ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება გახდეს? რა უნდა მოხდეს, რომ გერმანია ამაზე წავიდეს?

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: ვფიქრობ, ახლა დროა, ევროკავშირი გამოვიდეს წინა ფრონტზე და ყველამ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ მოვაგვაროთ რუსეთ-უკრაინის დილემა. რუსეთი აცხადებს, რომ ის ნატოს აგრესიის საპასუხოდ მოქმედებს, რაც მტკნარი სიცრუეა. მაგრამ, სამწუხაროდ, არის ხალხი, რომელსაც ამის სჯერა - რუსეთის პროპაგანდა მუშაობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში.

რადიო თავისუფლება: და თუ ევროკავშირი დაიწყებს დისკუსიას, მიაწოდოს თუ არა თავდაცვითი იარაღი უკრაინას, რა იქნება გერმანიის პასუხი?

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: ვფიქრობ, ამ საკითხზე მალე პარლამენტში დისკუსია გვექნება. ასე რომ, მანამდე ვერ გეტყვით, რა მოხდება.

რადიო თავისუფლება: პირადად თქვენ რას ფიქრობთ?

დიახ, ჩვენ გვჭირდება ენერგორესურსები, მაგრამ აუცილებელია მათი წყაროების დივერსიფიკაცია. არ შეიძლება, ამხელა ვალში ვიყოთ სხვა ქვეყანასთან, მით უმეტეს, დიქტატურასთან, არ შეიძლება, დიქტატორს ჩვენს პოლიტიკაზე ამხელა ბერკეტი [მივცეთ]...

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: ჩემი პირადი, და არა პარტიული პოლიტიკოსის, პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ უნდა ვიდგეთ თავისუფლების, დემოკრატიის გვერდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ აქვს მნიშვნელობა, ტაივანია ეს, ისრაელი თუ უკრაინა, ჩვენ თავისუფლებას და დემოკრატიას უნდა ამოვუდგეთ მხარში და არა დიქტატურას.​

რადიო თავისუფლება: მინდა ასევე გკითხოთ, იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს - განსაკუთრებით, როცა საქმე ენერგორესურსებს ეხება - რათა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს.

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში.

რადიო თავისუფლება: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე რას იტყოდით - უნდა მოახდინოს თუ არა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ გავლენა ამ პროექტზე თუ ეს გაზსადენს „არ ეხება“?

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: ვფიქრობ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახით პუტინს ზედმეტად დიდი ბერკეტი ჩავუგდეთ ხელში. ვთვლი, რომ ამ საკითხზეც ევროპული კონსენსუსი უნდა გვქონდეს. ამ ეტაპზე მსგავსი ევროპული კონსენსუსი არ გვაქვს. როგორც აღვნიშნე, პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის - როცა ყველა ერთად, ერთ ენაზე საუბრობს. შესაბამისად, საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.​

რადიო თავისუფლება: როგორც გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი, როგორ აუხსნიდით ამას თქვენს ამომრჩეველს?

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება. დიახ, ჩვენ გვჭირდება ენერგორესურსები, მაგრამ აუცილებელია მათი წყაროების დივერსიფიკაცია. არ შეიძლება, ამხელა ვალში ვიყოთ სხვა ქვეყანასთან, მით უმეტეს, დიქტატურასთან, არ შეიძლება, დიქტატორს ჩვენს პოლიტიკაზე ამხელა ბერკეტი [მივცეთ]. მაგრამ, ამავდროულად, ეს ძალიან ძნელი ასახსნელია ამომრჩევლებისთვის - ბევრი მათგანი ამას არ დაეთანხმება და იტყვის, რომ ჩვენ გაზი გვჭირდება - იაფი გაზი. მაგრამ მიუღებელია თვალის დახუჭვა უკრაინის პრობლემაზეც, ამას ვერ ვიზამთ. ჩვენი ლიბერალი პარტნიორების გვერდში უნდა ვიდგეთ, დემოკრატიის გვერდში...​

რატომ თქვეს უარი ბერლინმა და პარიზმა [ბუქარესტში]? იმიტომ რომ ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის მთავრობის პოზიციას გაუწიეს ანგარიში და იმედოვნებდნენ, რომ ამით რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდებოდა...

რადიო თავისუფლება: იაფი გაზის მიღების ფასადაც კი.

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: დიახ.​

რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა - უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ბერლინი და პარიზი დიდი ხანია ამ თემისადმი სკეფსისს იჩენენ - თუნდაც ბუქარესტის სამიტი გავიხსენოთ. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?

ფრანკ მიულერ-როზენტრიტი: პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელი სამხედრო ალიანსის წევრი გახდება. შესაბამისად, თუ უკრაინას სურს ნატოს წევრი გახდეს, სრული უფლება აქვს ამის მიღწევას ეცადოს. რატომ თქვეს უარი ბერლინმა და პარიზმა [ბუქარესტში]? იმიტომ რომ ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის მთავრობის პოზიციას გაუწიეს ანგარიში და იმედოვნებდნენ, რომ ამით რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდებოდა. ჩემი აზრით, ეს ორი ქვეყანა მაშინ ნატოს წევრები რომ გამხდარიყვნენ, რუსეთი ამას არ შეეგუებოდა და შეიძლება, ამ ყველაფერს დღევანდელზე უარესი კონფლიქტი მოჰყოლოდა. დღეს უკრაინას უკვე ტერიტორიული კონფლიქტი აქვს - პუტინმა კი კარგად იცის, რომ ასეთი კონფლიქტით ქვეყანა ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი, შესაბამისად, [რუსეთი ეცდება], ეს კონფლიქტი არ მოგვარდეს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG