Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტის თქმით, „როსატომი“ რუსეთის სამხედროებს ზაპოროჟიეს აეს-ზე ცეცხლის კორექტირებაში ეხმარება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ემზადება, რომ მოინახულოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის ჯარებს უკავიათ და რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. დელეგაციას IAEA-ის გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უხელმძღვანელებს. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. არ არის ნათელი, საიდან შევლენ ექსპერტები ელექტროსადგურში - უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, როგორც ამას საერთაშორისო წესები მოითხოვს, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. IAEA-ის ვიზიტის წინ მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებისთვის მზადებაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი.

კიევი ამტკიცებს, რომ რუსეთის ჯარები ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ. საფრთხეთა შორისაა ობიექტზე სახიფათო იარაღის შენახვა და არეალში სროლა.

14 აგვისტოს 42-მა ქვეყანამ დაგმო უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა და განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკრაინის ხელისუფლებას ხელს უშლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

რუსეთი არ უარყოფს, რომ ჯარები ჰყავს განლაგებული ელექტროსადგურში, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლი არ დაუშენია ობიექტისთვის. პირიქით, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სდებს ბრალს არეალში საარტილერიო ცეცხლის გახსნაში, რასაც კიევი უარყოფს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებაზე „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა ბირთვული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ოლგა კოშარნაიამ.

ჩვენი კომენტატორები ხშირად სვამენ შეკითხვას, რომლითაც მოკლედ თქვენც მოგმართავთ: „რაში სჭირდება რუსეთს მის მიერ დაკავებული აეს-ის დაბომბვა? განა ეს სიბრიყვე არ არის?“

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვულ ფარად იყენებენ. რუსეთი ზაპოროჟიეს სადგურის მახლობლად განათავსებს სარაკეტო დანადგარებს, რომლებიც იერიშებს ახორციელებს დნეპრის მეორე ნაპირზე - მარგანეცსა და ნიკოპოლზე. რუსეთი ფსონს ზრდის. ფრონტზე მას ძალიან კარგად არ მისდის საქმე, ყირიმში ფეთქდება საწყობები, აეროდრომები, ბელგოროდის ოლქში რომელიღაც სატანკო ნაწილში აფეთქდა საწყობი, რასაც დიდი შედეგები მოჰყვა.

ეს არის ბირთვული შანტაჟი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები. რუსეთს სურს, სტატუს-კვო დაფიქსირდეს მის მიერ ამ მომენტისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ მას ეს მაინცდამაინც ვერ გამოსდის. ამასთან, „როსატომის“ თანამშრომლები, რომლებიც მარტიდან მოყოლებული სამხედროებთან ერთად გუშაგობენ სადგურში, რუსეთის სამხედროთა ცეცხლის კორექტორები არიან. ისინი მას ისე მიმართავენ, რომ სროლა იყოს, მაგრამ არა სადგურის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვანძების მიმართულებით. გარდა ამისა, რუსეთმა ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ სურს, ზაპოროჟიეს სადგური მიუერთოს ყირიმს და რუსეთის გაერთიანებულ ენერგოსისტემას და აღადგინა გადამცემი ხაზი [პერეკოპის] ყელიდან: ქვესადგურები ჯანკოიდან კახოვკამდე.

ტექნიკურად შესაძლებელია ამის გაკეთება?

რა თქმა უნდა. ტექნიკურად ეს შესაძლებელია. ჩვენ ხომ რუსეთის სისტემასთან სინქრონულად ვმუშაობდით 23 თებერვლამდე, ბელარუსის სისტემასთანაც, შემდეგ კი ევროპულზე გადავერთეთ. ევროპის კავშირში ენერგოსისტემების მუშაობის მიმართ ტექნიკური მოთხოვნები, ბუნებრივია, უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთთან სინქრონული მუშაობაა. ამიტომ ის გეგმაზომიერად მოქმედებს. და, აი, 4 აგვისტოს უკვე გაჩნდა პროგრამა ზაპოროჟიეს სადგურზე, რომ გადართვის პროცესში საჭირო იქნება მისი გაჩერება. ხოლო იმისთვის, რომ ყველა სისტემა მუშაობდეს, საჭირო იქნება მისი გათიშვა გაერთიანებული ენერგოსისტემიდან და სწორედ ყირიმიდან მომარაგება ქვესადგურით ჯანკოი-კახოვსკაია-ზაპოროჟიეს აეს-ი. ყველა ბლოკი გაჩერებული იქნება, მაგრამ სისტემებმა უნდა იმუშაოს.

ეს რითაა სახიფათო? თუ სახიფათო არ არის?

ეს არ არის სახიფათო. იქ კიდევ დიზელის გენერატორიცაა. მაგრამ უკრაინის სამხედროებმა მიანიშნეს: როგორც კი ეს გეგმა გამოჩნდა, მეორე დღესვე დაეცა ამ ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომლის განახლება მაისიდან მოყოლებული მიმდინარეობდა. უზარმაზარი საყრდენი ასეთი ხაზისთვის, 750 კილოვატის მაგისტრალური ხაზისთვის.

უკრაინის სამხედროები საკუთარ თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. მაგრამ მიმდინარე კვირაში უცებ მწყობრიდან გამოვიდა ჯანკოის სატრანსფორმატორო ქვესადგური, რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა რუსეთის ფედერაციის ამ პროგრამაში. ანუ ესაა მინიშნება, რომ „ბიჭებო, არაფერი გამოგივათ“.

ვარაუდობთ, რომ პარტიზანების ნამუშევარია? IAEA-ის სტუმრობას რა აფერხებს?

რუსეთს სურს, IAEA ოკუპირებული ტერიტორიებიდან შევიდეს. ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ზაპოროჟიეს აეს-ი უკრაინის საკუთრებაა და IAEA-ის მისია არაოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა შევიდეს.

ამასთან, ივნისში „ენერგოატომი“ თავის პრესრელიზებში ოფიციალურად წერდა, რომ IAEA-ის გენერალურ დირექტორს უარი უთხრეს სადგურში ვიზიტზე. და, საერთოდ, ასეთი ვიზიტი ლეგიტიმურობას მიანიჭებს სადგურზე რუსეთის ჯარებს. ახლა კი ამბობენ, რომ არასოდეს იყვნენ ამის წინააღმდეგი, მაგრამ IAEA სხვა შემადგენლობაში უნდა იყოს, საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში. ეს რას ნიშნავს?

დავიწყოთ იმით, რომ „ენერგოატომმა“ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებებს. ჩვენთან სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის უფლება აქვთ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. კულებამ უშიშროების საბჭოს სხდომის წინ გაგზავნა წერილი, რომელშიც აღწერა: IAEA-ის დაუყოვნებელი მისია გაეროს სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ ჩვენს სადგურებზე რუსეთის სამხედროების ყოფნის შედეგები.

და არაოკუპირებული ტერიტორიებიდან შესვლა?

უკრაინის პირობებია: IAEA-ის შტატიდან რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე ამ მისიის მზადების დროს და არც საბოლოო ანგარიშისთვის მზადებასთან წვდომა. მაგრამ ეს პრინციპული საკითხია და რუსეთს ესმის, რომ ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ის იტყუება IAEA-ის მისამართით ყოველდღიურ სიტყვიერ ნოტებში იმის თაობაზე, რომ უკრაინა ისვრის. თუმცა 42-მა ქვეყანამ IAEA-ს მისწერა: „მტკიცედ ვგმობთ რუსეთის ფედერაციას მისი მცდელობებისთვის, დეზინფორმაციით შეფაროს საკუთარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.“

19 აგვისტოს ლვოვში გაიმართა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შორის. მათი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება.

შეხვედრის შემდეგ გუტერეშმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ ელექტროსადგურიდან და გამოთქვა მოწოდება, რომ ის არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე.

თურქეთში დაბრუნებულმა ერდოანმა კი ზაპოროჟიეს აეს-ის გარშემო ვითარებას უწოდა „საფრთხე მსოფლიოსთვის“. მისი თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარში წამოჭრის ამ საკითხს.

XS
SM
MD
LG