პარასკევს, შაბათსა და კვირას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, დაშავდა ორი თანამშრომელი და დაზიანდა სამი სენსორი, რომლებიც სადგურზე რადიაციის დონეს ზომავს.
“ნებისმიერი თავდასხმა ბირთვულ რეაქტორზე თვითმკვლელობაა”, - თქვა ორშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, მდინარე დნიპროს ახლოს მდებარეობს და დენით ქვეყნის 20%-ზე მეტს ამარაგებს. რუსმა სამხედროებმა ის უკრაინაში შეჭრის მეცხრე დღეს, 4 მარტს დაიკავეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (აესს) უკრაინის წარმომადგენლის, იევჰენი ციმბალიუკის თქმით, სადგურის პერსონალი ფსიქოლოგიურ წნეხშია და “მუშაობს რუსული თოფების ლულების ქვეშ”.
საფრთხეების კატალოგი
აესს-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას აკვირდება. მისი წარმომადგენლები დიდი ხანია უშედეგოდ სთხოვენ რუსეთსა და უკრაინას, შეუშვან ინსპექცია სადგურის ტერიტორიაზე.
აესს-ი აცხადებს, რომ რეაქტორზე რამდენიმე დეტალია გამოსაცვლელი, რომ ვეღარ უკავშირდება სადგურის თანამშრომლებს, და დანამდვილებით აღარ იცის, მიღებულია თუ არა იქ უსაფრთხოების ყველა ზომა.
ივნისში აესს-მა უკრაინისგან უარი მიიღო. უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიამ ენერგოატომმა, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს ფლობს, განაცხადა რომ ამ ვითარებაში ინსპექციის ჩატარება რუსული ოკუპაციის “ლეგიტიმაციას” ნიშნავს.
ივლისში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ჯერ 5-ში Wall Street Journal-მა დაწერა, რომ რუსეთმა ატომური რეაქტორის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა მოაწყო, სადაც განათავსა ხუთასი ჯარისკაცი და საარტილერიო დანადგარები. 19-ში კი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დაბომბა რუსული ჯარის პოზიციები ატომური სადგურის შორიახლოს და მოკლა სამი ჯარისკაცი.
ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უყვებიან, რომ ჭურვები ეცემა რეაქტორის სიახლოვეს მდებარე ქალაქებშიც.
“მთელი კატალოგი გვაქვს იმის, რაც არასდროს არ უნდა ხდებოდეს არც ერთ ბირთვულ დაწესებულებაში”, - თქვა 8 აგვისტოს აესს-ის დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ამჟამად აფეთქებები ემუქრება არა მხოლოდ ბირთვულ რეაქტორებს (რომლებიც ბეტონისა და ლითონის სქელი ფენებითაა დაცული), არამედ გაგრილების სისტემებსა და საწყობებსაც, სადაც გამოყენებული საწვავი ინახება. რეაქტორის გადახურების ან რადიოაქტიული ნარჩენების გაჟონვის შემთხვევაში, რადიაციის დონე აიწევს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში, და შესაძლოა შავ ზღვაშიც.
რუსმა რადიოქიმიკოსმა ბორის ჟუიკოვმა გამოცემა “მედუზას” უთხრა, რომ არ ელოდება ჩერნობილის მსგავს კატასტროფას, თუმცა “რადიაცია შეიძლება ათეულობით კილომეტრზე გავრცელდეს”.
ატომური ფარი
ბირთვული კატასტროფის საფრთხეს უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს აბრალებენ.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კატასტროფა არ მოხდა “მხოლოდ რუსი ჯარისკაცების დროული რეაგირების წყალობით”.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 აგვისტოს რუსეთი “ბირთვულ ტერორში” დაადანაშაულა და მოუწოდა დასავლეთს, უარი თქვას რუსული ბირთვული საწვავის შეძენაზე.
უკრაინელები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს ვერ ესვრიან, არადა, იქიდან რუსული რაკეტები მოფრინავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა, სერგეი შატალოვმა, რომელიც იბრძვის მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე, 1 აგვისტოს New York Time-ს უთხრა, რომ მის პერიმეტრზე რუსული არტილერია ისვრის მხოლოდ სადგურის ტერიტორიიდან.
“როგორ ვუპასუხებთ? ეს ბირთვული ობიექტია”, - თქვა მან.
უკრაინული მხარის მტკიცებით, სროლა ზაპოროჟიედან დაიწყო დაახლოებით სამი კვირის წინ, სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინულმა არმიამ დაიწყო ამერიკული სარაკეტო დანადგარების, Himars-ების გამოყენება. მათი წყალობით, უკრაინამ გაანადგურა საგზაო და სარკინიგზო ხიდები, რომლითაც რუსეთი ჯარს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე ამარაგებდა.
ატომური რეაქტორის ფარად გამოყენებაში რუსეთი 1 აგვისტოს დაადანაშაულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არ არის სამხედრო ტექნიკა, მხოლოდ “ჯარისკაცების შეზღუდული რაოდენობა”, რაც “აუცილებელია მისი უსაფრთხოების დასაცავად”.
ატომური სადგურის დაბომბვის საპასუხოდ, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 10 აგვისტოს მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს ის უკრაინას.