Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოჰყვება რუსეთის საგარეო ვალის დეფოლტს?


რუსული რუბლი
რუსული რუბლი

კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოს განცხადებით, რუსეთი საგარეო სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, დეფოლტთან, ძალიან ახლოსაა, რაც განპირობებულია უკრაინაში შეჭრით.

ეს პერსპექტივა აღვიძებს მოგონებებს მოსკოვის 1998 წლის დეფოლტის შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო საფინანსო რყევებს მთელ მსოფლიოში.

დეფოლტის შესაძლებლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ, აღიარა, რომ რუსული დეფოლტი აღარ არის "წარმოუდგენელი მოვლენა".

განვიხილოთ რუსეთის დეფოლტის შესაძლო შედეგები:

რატომ ლაპარაკობენ, რომ რუსეთი გადახდისუუნარო იქნება?

ოთხშაბათს რუსეთს უწევდა, პროცენტების სახით გადაეხადა 117 მილიონი დოლარი. საქმე ეხება ორ ვალს, რომლებიც დოლარებშია დასაბრუნებელი.

უკრაინის ომის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა რუსეთის ბანკებსა და მათ ფინანსურ ტრანზაქციებზე, და ასევე, გაყინა მთავრობის უცხოური ვალუტის მარაგების დიდი ნაწილი.

ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა, განაცხადა, რომ მთავრობამ გამოსცა მითითებები კუპონების დოლარებში გადახდის შესახებ, მაგრამ დასძინა, რომ თუ ბანკები ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ სანქციების გამო, გადახდა რუბლებით მოხდება. არსებობს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, სანამ რუსეთში დეფოლტი ოფიციალურად გამოცხადდება.

ასე რომ, რუსეთს აქვს გადასახდელი ფული, მაგრამ ამბობს, რომ არ შეუძლია სანქციების გამო, რომლებმაც შეზღუდა ბანკები და გაყინა მისი უცხოური სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი. თუმცა, ეს ნაბიჯი ასევე შეესაბამება უცხოური ვალუტის რეზერვების გადინების შეზღუდვის მცდელობებს, რომლებიც უფრო მწირი გახდა სანქციების გამო.

კრედიტუნარიანობის შეფასების ანუ რეიტინგის სააგენტოებმა დასწიეს რუსეთის საკრედიტო რეიტინგი საინვესტიციო დონეზე დაბლა, ანუ "უვარგისზე". სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ მისი "C" რეიტინგი ნიშნავს, რომ "დეფოლტი ან დეფოლტის მსგავსი პროცესი დაიწყო".

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ

რუსეთის ზოგიერთი ვალი, გარკვეულ პირობებში, იძლევა რუბლებში გადახდის საშუალებას. მაგრამ ეს ვალები - არა. და არის იმის ნიშნები, რომ რუბლის ოდენობა განისაზღვრება მიმდინარე გაცვლითი კურსით, რომელიც მკვეთრად დავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები გაცილებით ნაკლებ ფულს მიიღებენ.

Fitch-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კონკრეტული ვალების ადგილობრივ ვალუტაში გადახდა "წარმოადგენს სახელმწიფო დეფოლტს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლისას".

რუსეთს ემუქრება დეფოლტი, ასევე, უცხოეთისგან აღებული ვალის გამო, რომელთა გადახდის ვადა 2 მარტამდე იყო, მსგავსი 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ. გადახდები განხორციელდა სახელმწიფო სადეპოზიტო ფონდში, მაგრამ არ გაეგზავნა უცხოელ ინვესტორებს, რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.

"იქნება დეფოლტი, თუ არ მოგვარდა გადახდის თარიღის დადგომის მომენტიდან 30 დღის განმავლობაში ", - განაცხადა რეიტინგის სააგენტომ.

ვითარება რთულადაა დოლარში აღებული იმ ვალების გარშემოც კი, რომლების რუბლით გადახდა შეიძლება.

"რუბლი აშკარად არ არის სრულად გაუფასურებული, მაგრამ ის სწრაფად უფასურდება", - განაცხადა კლეი ლოურიმ, ფინანსთა საერთაშორისო ინსტიტუტის ასოციაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

"ჩემი ვარაუდი ასეთია, რომ ეს შეიძლება იყოს იურიდიული საკითხი: განსაკუთრებული გარემოებაა ეს თუ თავად რუსეთის ხელისუფლებამ გამოიწვია იმიტომ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში? ამის გადაწყვეტა სასამართლოში შეიძლება".

როგორ ირკვევა, დეფოლტის მდგომარეობაშია ქვეყანა თუ არა?

რეიტინგის სააგენტოებს შეუძლიათ დასწიონ რეიტინგი დეფოლტამდე, ან ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ობლიგაციის მფლობელებს, რომლებსაც აქვთ კრედიტის დეფოლტის ე.წ. სვოპები, ხელშეკრულებები, რომლებიც მოქმედებს როგორც სადაზღვევო პოლისები დეფოლტის წინააღმდეგ - შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ფირმის წარმომადგენელთა "გადაწყვეტილების კომისიას", რათა მან გადაწყვიტოს, არის თუ გადაუხდელობა ოფიციალური დეფოლტი.

ეს რთული იქნება. "ბევრი იურისტი იქნება ამაში ჩართული", - განაცხადა ლოურიმ.

რა გავლენა ექნება რუსეთის დეფოლტს?

ინვესტიციის ანალიტიკოსები ფრთხილად აცხადებენ, რომ რუსეთის დეფოლტს არ ექნება ისეთი გავლენა მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებსა და ინსტიტუტებზე, როგორიც 1998 წლის დეფოლტს ჰქონდა. მაშინ რუსეთის დეფოლტი აზიის ფინანსურ კრიზისს დაემთხვა.

აშშ-ის მთავრობას მოუწია ჩარევა და აიძულა ბანკები, დახმარებოდნენ Long-Term Capital Management-ს, მაღალ რისკზე მომუშავე მსხვილ ამერიკულ ე.წ. ჰეჯ-ფონდს, რომლის დაშლა, როგორც შიშობდნენ, შეიძლებოდა დამუქრებოდა უფრო ფართო საფინანსო და საბანკო სისტემის სტაბილურობას.

თუმცა, ამჯერად "ძნელია წინასწარ 100%-ით თქმა, რადგან ყველა სუვერენული დეფოლტი განსხვავებულია და გლობალური შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ის მოხდება", - განაცხადა დანიელ ლენცმა, გერმანიის ფრანკფურტის DK Bank-ის ევროს სტრატეგიის ხელმძღვანელმა.

"ამის მიუხედავად, რუსეთის დეფოლტი აღარ იქნება დიდი მოულოდნელობა ბაზრისთვის მთლიანობაში ... დიდი ძალის რყევების გამომწვევი ტალღები რომ იყოს მოსალოდნელი, ამას უკვე დავინახავდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება სერიოზული პრობლემები მცირე სექტორებში".

რუსეთის ფარგლებს გარეთ გავლენა შეიძლება შემცირდეს, რადგან უცხოელმა ინვესტორებმა და კომპანიებმა შეამცირეს ან თავი აარიდეს იქ გარიგებებს უფრო ადრინდელი სანქციების შემდეგ, რომლებიც აშშ-მა და ევროპის კავშირმა დაუწესეს [რუსეთს] 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, გეორგიევამ, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს დამანგრეველი შედეგები ადამიანების ტანჯვის თვალსაზრისით და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზემოქმედება ენერგიასა და სურსათზე ფასების გაზრდის კუთხით, დეფოლტი, თავისთავად, მთელი მსოფლიოს ბანკებისთვის რისკების თვალსაზრისით, "ნამდვილად არ იქნება სისტემისთვის მნიშვნელოვანი" .

ობლიგაციების მფლობელებმა, მაგალითად, ფონდებმა, რომლებიც განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებში ახდენენ ინვესტირებას - შესაძლოა, დიდი ზარალი განიცადონ. Moody-ს ამჟამინდელი რეიტინგი გულისხმობს, რომ დეფოლტის შემთხვევაში, კრედიტორები თავიანთი ინვესტიციების 35%-დან 65 %-მდე ზარალს უნდა მოელოდნენ.

რა ხდება, როცა ქვეყანაში დეფოლტია?

ხშირად, ინვესტორები და მთავრობა, რომელმაც დეფოლტი განიცადა, აწარმოებენ მოლაპარაკებას ანგარიშსწორების გარშემო, რომლის დროსაც ობლიგაციების მფლობელებზე გაიცემა ახალი ობლიგაციები, რომლებსაც ნაკლები ღირებულება აქვს, მაგრამ გარკვეულ ნაწილობრივ კომპენსაციას მაინც აძლევს მათ.

თუმცა ძნელია იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს ახლა, როცა ომი მიმდინარეობს და დასავლეთის სანქციები ბევრ გარიგებას კრძალავს რუსეთთან, მის ბანკებსა და კომპანიებთან.

ზოგიერთ შემთხვევაში, კრედიტორებს შეუძლიათ იჩივლონ. თუ დავუშვებთ, რომ რუსულ ობლიგაციებს ახლავთ დათქმა, რომელიც კრედიტორების უმრავლესობას აძლევს საშუალებას, დათანხმდეს ანგარიშსწორებაზე და თავს მოახვიოს ასეთი გადაწყვეტილება უმცირესობას, რომელიც ვეღარ იჩივლებს.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდება, ის შეიძლება გამოეთიშოს ობლიგაციების ბაზრის სესხებს მანამ, სანამ დეფოლტი არ დარეგულირდება და ინვესტორები არ აღიდგენენ ნდობას მთავრობის შესაძლებლობებისა და გადახდის სურვილის მიმართ.

რუსეთის მთავრობას კვლავაც შეუძლია რუბლების სესხება ქვეყნის შიგნით, სადაც ის თავისი ობლიგაციების შესაძენად, ძირითადად, რუსულ ბანკებზეა დამოკიდებული.

რუსეთი უკვე განიცდის მძიმე ეკონომიკურ შედეგებს სანქციებისა, რომლებმაც გამოიწვია რუბლის კურსის დაცემა და დაარღვია სავაჭრო და ფინანსური კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან.

ასე რომ, დეფოლტი იქნება მოსკოვის კიდევ უფრო ფართო პოლიტიკური და ფინანსური იზოლაციის კიდევ ერთი სიმპტომი, როგორც უკრაინაში შეჭრის შედეგი.

XS
SM
MD
LG