იმ დღეს რამდენიმე ათეული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქე ვნახე და გამოველაპარაკე კიდეც. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო ჩამოსული და იუსტიციის სახლში ინდივიდუალურ მეწარმედ ან ბიზნესის რეგისტრაციისთვის იყვნენ მოსულნი.
"აქ ბიზნესის გადასარჩენად ჩამოვედი. საქართველოდან უფრო მარტივია. უცხოური კომპანიისთვის ვმუშაობ. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებამ, რუსეთში უცხოური ვალუტა და უცხოური ვაჭრობა შეზღუდოს, ჩემი საქმიანობის გაგრძელება რუსეთში შეუძლებელი გახადა. არ ვიცი, რამდენად მარტივად მოგვცემენ დასტურს რეგისტრაციაზე, ახლა რიგს ველოდებით, ვნახოთ", - მეუბნება რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჩემს კითხვებზე ანონიმურად დარჩენის პირობით მპასუხობს. საქართველოში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩამოვიდა, საზღვარზეც უპრობლემოდ შემოუშვეს, არც აგრესია მიგრძვნია ქართველებისგანო, ამბობს.
საუბრის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეც ვეკითხები.
"ჩვენ რა შეგვიძლია?" - მოკლედ მპასუხობს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ დაწერა, რომ 2022 წლის 1-დან 4 მარტის ჩათვლით, 3 სამუშაო დღის მონაცემებით (3 მარტი დასვენების დღე იყო), საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებაზე განაცხადებით იუსტიციის სახლს რუსეთის 201-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან უმრავლესობას, 184 პირს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სურდა, 16-ს - კომპანიის, ერთს კი - ააიპ-ის.
1-დან 7 მარტის ჩათვლით კი იმავე მიზნით იუსტიციის სახლს ბელარუსის 107-მა მოქალაქემ მიმართა. 3, 4 და 5 მარტს იუსტიციის სახლები არ მუშაობდა. უმრავლესობას, 101 ადამიანს, აქაც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია სურდა, 4-ს - კომპანიის, 2-ს კი - ააიპ-ის.
"შევადარეთ წინა წლების, 2019, 2020, 2021 წლების იგივე პერიოდის მონაცემებსაც, რუსეთის შემთხვევაში ეს იყო 5 კომპანია საშუალოდ, 5 სუბიექტი მიმართავდა საჯარო რეესტრს რეგისტრაციის სურვილით, წელს კი 201 სუბიექტის მოთხოვნა დაფიქსირდა. ბელარუსის შემთხვევაში კი ერთი კომპანია იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში მაგ პერიოდში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის შიშები, რაც საზოგადოებას აქვს, არ არის ქარიშხალი ჭიქაში", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან "აი, ფაქტის" დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე. რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს ოფიციალური, დათვლილი მონაცემები არ გამოუქვეყნებია.
"ჩემი ნაცნობი ქართველებიც ხშირად მეუბნებიან, რომ თუ საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე იცხოვრებს, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. ეს ძალიან რთული საკითხია და არ ვიცი, რა ვთქვა. ვიცი, რომ უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში მეტი ადამიანი ჩამოდის და ბიზნესსაც არეგისტრირებენ. შესაძლოა ზოგი რუსი იმიტომ ჩამოვიდეს, რომ სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არ აქვს და არა საქართველოს სიყვარულისთვის. მეშინია, რომ შეიძლება აქ ცუდად მოიქცნენ. ჩემ გარშემო ჯერჯერობით, ისეთი ადამიანები არიან და ჩამოდიან, რომლებიც პუტინის აგრესიულ პოლიტიკასა და ომს არ ეთანხმებიან", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა როსლიკოვა.
ანას 12 მარტს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გამართულ აქციაზე შევხვდი, სადაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასა და უკრაინაში რუსეთის ომს აპროტესტებდნენ.
ანა საქართველოში სექტემბრიდან ცხოვრობს. მას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი უკვე აქვს და თბილისიდან დისტანციურად სატელეფონო თამაშების სფეროში მუშაობს.
"აქ ისე ვარ, როგორც სახლში. თავს გაცილებით უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიდრე რუსეთში. უკრაინაში ომი ჩვენთვის შოკი იყო. იქ მეგობრები, ნათესავები მყავს. მესმის იმ ქართველების, რომლებიც დღეს რუსების მიმართ განსხვავებულად არიან განწყობილნი. მესმის, რადგან პუტინს საქართველოში ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული, ჩვენ ყველას პუტინის მოშორება გვინდა, გვინდა ომი მალე დასრულდეს, იქ [უკრაინაში] მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან. ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ და რომლებიც რუსულ ტელეარხებს უყურებენ, არ იციან რა ხდება სინამდვილეში, პროპაგანდის სჯერათ", - ამბობს ანა.
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გამო, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი რუსეთთან სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმის დაწესებას პეტიციით ითხოვს, რომელსაც ხელს ამ დროისათვის 11 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.
"ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით", - ნათქვამია პეტიციაში.
"ჩვენ ბელარუსიდან ვართ. ინდივიდუალურ მეწარმედ გუშინ დავრეგისტრირდით, საქართველოდან გვინდა დისტანციურად ვიმუშაოთ. ჯერ ერთი თვით დარჩენას ვფიქრობთ. ბელარუსში მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით და მერე გადავწყვეტთ, რა და როგორ", - მეუბნება 29 წლის ალექსანდერ კალიდა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. თბილისში ის პარტნიორ გოგოსთან ერთად უკრაინაში ომის შემდეგ ჩამოვიდა.
მიხსნის, რომ მინსკში ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, IT ინდუსტრიიდან, რომლის წევრიც თვითონაცაა, მიყვება, რომ სხვა ქვეყნებში ბევრი მიდის, საქართველოში კი დისტანციურად მუშაობისთვის შექმნილ დიდ შესაძლებლობას ხედავენ. ბელარუსის მოქალაქეებს, ისევე როგორც რუსეთისას, საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
ალექსანდერი თვითონ იწყებს საუბარს იმაზე, რომ რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში მისი ქვეყანაც ჩართულია. ირწმუნება, რომ ისინი, ვინც ბელარუსიდან აქ ჩამოდიან, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერენ.
"კოლეგებმა და სხვა ბელარუსებმა გააფრთხილეს, რომ ჯობს უკრაინიდან წამოსულ ხალხთან არ ვთქვა, საიდან ვარ, რადგან შეიძლება აგრესია გამოხატონო, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ყველაფერს, ამიტომ არ ვეთანხმები იდენტობის დამალვას, რადგან მეამაყება, რომ ბელარუსი ვარ", - ამბობს ბელარუსი მიგრანტი.
"გულწრფელად გეუბნებით, უძლურები ვართ"
ეთნიკურად რუსებისა და ბელარუსების გარდა, უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ეთნიკურად ქართველებიც ჩამოდიან. 28 წლის გიორგი ქაქუთია ერთ-ერთი მათგანია.
"საქართველოში ყოველ ერთ წელიწადში, ზაფხულში ჩამოვდიოდი ხოლმე. აქ ბევრი ნათესავი მყავს. ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი რუსეთში, თუმცა ახლა იქ ისეთი მომენტი დადგა, მაღაზიებშიც უკვე ბევრი რაღაცები არ არის, კურსი დავარდა ძალიან, გაძვირდა ყველაფერი, ამიტომ, მე და ჩემმა ცოლმა ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. ბავშვებს მეტი პერსპექტივები აქ ექნებათ. ვნახავთ, ჯერ რა იქნება, დავაკვირდებით სიტუაციას. საბუთების საკითხს ვაგვარებთ ახლა", - მეუბნება გიორგი ქაქუთია.
ის საქართველოში სანქტ-პეტერბურგელ ცოლთან, ანასტასია ბრატიშკასთან და შვილებთან, 4 წლის ანრისა და ერთი წლის მარკთან, ერთად ჩამოვიდა. მათ თბილისში საკუთარი ბინა აქვთ, ნახევარი წელი ვითარებას დააკვირდებიან და თუ უკეთესობისკენ არ შეიცვალა, საქართველოში დარჩებიან.
"ჩვენთან ძალიან რთულია ახლა იმ კუთხით, რომ უბრალოდ ქუჩაში გასვლა არ შეგვიძლია. ვიღაც მხარს უჭერს რეჟიმს, ვიღაც არა", - მიხსნის ანასტასია, თუ როგორი რთული ვითარებაა რუსეთში ახლა და დასძენს, რომ მისი სანაცნობო წრიდან ქვეყნიდან ბევრი არ გადის. ასეთი მიგრანტი მას მხოლოდ ერთი კლასელი ახსენდება, რომელიც, როგორც ის ამბობს, რუსეთიდან 2 წლის წინ წავიდა.
"უფრო მეტად ბელარუსიდან მიდიან. მანქანაშიც, რომლითაც ჩამოვედით, ძალიან ბევრი ბელარუსი იჯდა. ისინი ჯერ ბელარუსიდან რუსეთში მიდიან, რუსეთიდან კი - საქართველოში", - ამბობს 28 წლის ანასტასია.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იუსტიციის სახლში მომხდარ ინციდენტზეც მიყვება.
"ჩვენთვის ვიდექით, როცა კაცი მოგვიახლოვდა და ქართულად დაგვიწყო ჩხუბი: რუსებო, წადით აქედანო. ბავშვები მულტფილმს რუსულ ენაზე უყურებდნენ და შენიშვნა მომცეს და მითხრეს, რომ გამომერთო. ნაწილობრივ მესმის მათი, მაგრამ ამასთანავე კეთილი უნდა იყო და შეეცადო გაიგო, რომ ისინი, ვინც რუსეთიდან გარბიან, მინიმუმ ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს არ უჭერენ მათ, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. მაგრამ ჩვენ უძლურები ვართ, გულწრფელად გეუბნებით, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მინდა, ეს გაიგონ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ოკუპაციას და არც თავდასხმას, რა თქმა უნდა", - ამბობს ანასტასია ბრატიშკა.
"აქამდე ყოველ წელს გვეგონა, რომ ევროპა ვხდებით, ბოლო ნახევარი წელი ყოველდღიურად გრძნობ, რომ პირიქით, ყველაფერი უკან-უკან მიდის. თითქოს, 40 წლით დავიხიეთ უკან. პროპაგანდა 24 საათი მუშაობს. სანქციების კი ეშინია ხალხს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო რუსეთის მტერია და სანქციებს იმიტომ აწესებენ, რომ რუსეთისთვის ცუდი უნდათ", - ამბობს გიორგი.
ბოლო 10 წელში რუსულმა კომპანიებმა საქართველოში 600 მილიონ ლარამდე ტენდერები მოიგეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან ნაწილობრივი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ან კომპანიები არიან. მათი უმეტესობა 2013-2020 წლებში საქართველოში დარეგისტრირდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევით, რუსული კომპანიების ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს - 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა რუსულ კომპანიებთან, ჯამში, 590 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს, რაც საერთო შესყიდვების 1,4%-ია.
TI-ის კვლევით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული კომპანიების ნახევარზე მეტი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. საქართველოში ფუნქციონირებენ და სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობენ რუსული კომპანიები, რომელთა წილის მფლობელი სახელმწიფო ან სახელმწიფო საწარმოები არიან.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება ან შეიზღუდება. ორგანიზაცია მთავრობას, ასევე, იმ რუსული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვისკენ მოუწოდებს, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მარტს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას არ აღემატება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად გაკონტროლდეს ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უსაფრთხოების სპეციალისტი და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთიდან საქართველოში მიგრანტებთან ერთად რუსეთის ხელისუფლების სპეცსამსახურების თანამშრომლებიც შემოვიდნენ, რაც, მისი აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშია. ასევე სახიფათოა, მისი აზრით, საქართველოს დამოკიდებულება რუსულ კაპიტალზე, რუსულ ბიზნესზე.
"მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ, რუსული სამთავრობო უწყებების მიერ ქართული ღვინის აკრძალვა ახლო წარსულში, იგივე ფრენების ხან აკრძალვა და პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რამხელა ნაკადებთან გვაქვს საქმე. თუ მართლაც დიდი ნაკადები არსებობს, მაშინ საზღვარზე გარკვეული რეჟიმი უნდა დაწესდეს, არ არის აუცილებელი, ეს იყოს სავიზო რეჟიმი. შესაძლოა ეს იყოს განსაკუთრებული რეჟიმები, რომლითაც ქვეყანაში მათი ყოფნის დრო განისაზღვრება და ეს არ იყოს უვადო. შეიძლება იყოს გარკვეული ფილტრაცია პროფესიის, საქმიანობის სფეროს მიმართულებით და სხვა", - ამბობს გოცირიძე.
9 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან უფრო ნაკლები ადამიანია შემოსული, ვიდრე პანდემიამდე, გასულ წლებში. გომელაურის თქმით, 24 თებერვლიდან 9 მარტამდე დაახლოებით 20 000 ადამიანი შემოვიდა, მათგან 3 000-ს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.
"საზღვარი კონტროლდება უმაღლეს დონეზე, მათ შორის მწვანე ტერიტორიაზე... 2019 წელსა და 2021 წელს თუ შევადარებთ, რუსეთიდან 70%-ია შემოსული. ომის დაწყებიდან დღემდე არის 20 ათასზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში იყო 40 ათასამდე...
მათგან ბევრი შემოდის თურქეთის მიმართულებიდან, ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში - უმეტესად არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს და გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ რაოდენობაში", - განაცხადა გომელაურმა.
დღეს, 14 მარტს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, მოქალაქეების არც დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვისა და არც პანიკის მიზეზი არ უნდა გახდეს.
"აქაც უნდა შევინარჩუნოთ დაბალანსებული პოზიცია. ამ მხრივ დამაზიანებელია ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც საქართველოში ეთნიკური დისკრიმინაციის საფრთხეზე აპელირებს. ამის ნაცვლად, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და დროული ინფორმაცია და დაარწმუნოს იმაში, რომ სამოქალაქო წესრიგი სათანადოდაა უზრუნველყოფილი როგორც საზღვარზე, ისე ქვეყანაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის რეგისტრაციის სიხშირესთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ ინტერვიუსთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 11 მარტს მიმართა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.