Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები სერტიფიკატების გარეშე განაგრძობენ ფრენას


რუსეთის ავიაკომპანიების უმრავლესობა განაგრძობს ფრენას მას შემდეგ, რაც ბერმუდის კუნძულების ხელისუფლებამ ფრენისთვის ვარგისიანობის სერტიფიკატები შეუჩერა მათ თვითმფრინავებს. ბერმუდის კუნძულებზეა რეგისტრირებული რუსეთის ავიაკომპანიების ფლოტის მინიმუმ 75%. სერტიფიკატების შეჩერების შემდეგ ფრენა უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან მათ უსაფრთხოებაზე ვერცერთი ქვეყანა ვეღარ აგებს პასუხს.

ბერმუდის კუნძულების სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ სერტიფიკატები შეაჩერა 12 მარტს. სერტიფიკატების გარეშე ფრენა რუსეთის კანონმდებლობით იკრძალება. ამდენად, ყველა იმ თვითმფრინავის რეისი, რომელიც ბერმუდის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ფაქტობრივად არალეგალურია.

მაგრამ რუსეთის კომპანიები განაგრძობენ ავიალაინერების გამოყენებას. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, მარტო 13 მარტს ცაში აფრინდა ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული 100-მდე თვითმფრინავი, რომელთაც ლიცენზიები არ ჰქონდათ.

ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა „კომერსანტს“ ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ ელოდებიან მთავრობის დადგენილებას, რომელიც ოფიციალურად მისცემს მათ ფრენის უფლებას.

მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესეს და რუსეთის თვითმფრინავებს აეკრძალათ დასავლეთის ქვეყნების თავზე ფრენა, რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს მხოლოდ 15 ქვეყნის თავზე აქვთ ფრენის უფლება. მათ შორის არიან: თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ინდოეთი და ჩინეთი.

XS
SM
MD
LG