„პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნები როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ სხვა არაფერია, თუ არა უტიფრობა და სიგიჟე. ყველაფრის დანგრევა უნდა, რაც 1997 წლის შემდეგ შევქმენით - დიდი ბოდიში, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი, ვინც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას აშენებდა - ჩემი ცხოვრების 8 წელი შევალიე ამას, პრეზიდენტის რანგში არანაირი ძალისხმევა არ დამიშურებია, რადგან ეს იყო ჩემი ქვეყნის და ჩემი ერის არჩევანი. „ბოდიში“, რომ პუტინს არ ვკითხეთ, როგორ ჯობდა მოქცევა. მისი პრეტენზიები, ევრაზიის კონტინენტი მართოს როგორც „ცარმა“, სხვა არაფერია, თუ არა ჭკუიდან გადასული კაცის სიშლეგე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგა. ფრაიბერგას პრეზიდენტობისას გადადგა ლატვიამ ისტორიული ნაბიჯი და გახდა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი.
პრეზიდენტ ფრაიბერგას ვაჟა თავბერიძე ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ეგიდით გამართულ „რუსეთის კონფერენციაზე“ ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: შესაძლებელი იყო თუ არა იმის თავიდან არიდება, რაც უკრაინაში მოხდა?
„ჟაკ შირაკმა მითხრა ერთხელ - დათვს ულვაშები არ უნდა მოქაჩოო. არა-მეთქი, ბატონო პრეზიდენტო, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ არც ის გვინდა, დათვმა შეგვჭამოს.“
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: თავად პუტინს თუ ჰკითხავთ, კი, შესაძლებელი იყო - უკრაინელები უნდა დათანხმებოდნენ პუტინს, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, რომ ენა არ აქვთ, ისტორია არ აქვთ, დამოუკიდებლობის უფლება არ აქვთ, რომ მთავრობა, რომელიც თავად აირჩიეს დემოკრატიული წესით, არალეგიტიმურია, რომ ნაცისტები არიან, რომ რუსულად მოსაუბრეებს გენოციდს უწყობენ და ა.შ. შეეძლო უკრაინას ამ პირობებზე დათანხმება? არა, არ შეეძლო. თუ ეს იყო საჭირო ომის თავიდან ასაცილებლად, მაშინ გამოდის, რომ ომი გარდაუვალი იყო.
ვფიქრობ, პუტინს უნდოდა ეს ომი, რათა როგორც სახლში, ასევე საზღვრებს გარეთ ეჩვენებინა, თუ რაოდენ ძლიერია, სურდა, მთელი მსოფლიო დაეშინებინა, რათა ისინი დათანხმებოდნენ მის გიჟურ მოთხოვნებს. რატომ ჰქონდა ამის იმედი? იმიტომ რომ წლებია, დასავლეთი ცდილობს, რუსეთი როგორმე „დააწყნაროს“, არ გააბრაზოს და ა.შ. როდესაც ჩვენ ვაპირებდით ნატოში შესვლას, ხშირად მეუბნებოდნენ: რუსეთს არ გაუხარდება, თუ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მითხრა ერთხელ - დათვს ულვაშები არ უნდა მოქაჩოო. არა-მეთქი, ბატონო პრეზიდენტო, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ არც ის გვინდა, დათვმა შეგვჭამოს.
„2008 წელს, როდესაც რუსეთი თბილისიდან 49 კილომეტრში გაჩერდა, ამოვიოხრეთ და ვთქვით - ოჰჰჰჰ, რა ცუდია, მაგრამ რა გაეწყობა? რაცაა, ესაა. საწყალი ქართველები.“
იცით, როგორ ხედავს თავს პუტინი სარკეში? „ცარი“ სრულიად რუსთა და რუსეთისა. და ეს საკმაოდ ვრცელი სამფლობელოა. 2008 წელს, როდესაც სამხრეთი ოსეთი აიღო და თბილისიდან 49 კილომეტრში გაჩერდა, რა გავაკეთეთ? ამოვიოხრეთ და ვთქვით - ოჰჰჰჰ, რა ცუდია, მაგრამ რა გაეწყობა? რაცაა, ესაა. საწყალი ქართველები. 2014-ში უფრო ღრმად შეტოპა, [ყირიმის] ანექსიაზე წავიდა. და ჯიუტად აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსები არ იყვნენ. Პუტინი ერთგვარ „ალისა სარკისმიღმა სამყაროში“-ს დგამს, საკუთარი რეჟისურით - ყველაფერი, რასაც თავის ხალხს და გარე სამყაროს ეუბნება, რეალობის საპირისპიროა.
მახსოვს, მიუნხენის კონფერენციაზე მაშინ პრეზიდენტმა პოროშენკომ წინ დაგვიყარა უამრავი რუსული პასპორტი - უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცებისა, იმ ყბადაღებული „მწვანე კაცუნების“. მაგრამ პუტინი მოკვდება და არ გატყდება, იტყვის, არა, არა, არა, იქ რუსები არ იყვნენო. დღეს რუსული არხები მოსახლეობას ეუბნებიან, რომ უკრაინას არ ბომბავენ, რომ ეს ყველაფერი დასავლური გაზეთების მონაჩმახია.
რადიო თავისუფლება: როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი - სად გადის წითელი ხაზი დასავლეთისთვის?
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრემიერმა ჯონსონმა, ისევე როგორც სხვა ლიდერებმა, ბევრჯერ ხაზგასმით თქვეს, რომ მესამე მსოფლიო ომი, თანაც ბირთვული ომი არ გვსურს. ვფიქრობ, ნატოს საზღვრებია ის წითელი ხაზები, რომელიც პუტინმა არ უნდა გადაკვეთოს. ის ფიქრობს, რომ თუ ბირთვულ არსენალს გამოამზეურებს, ყველაფერზე კვერს დავუკრავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ასე არ მოხდება - ვფიქრობ, თანდათან ყველა რწმუნდება, რომ რუსეთთან მაამებლობა არ მუშაობს. არადა, ეს მაამებლობა ის სიმღერაა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩაგვესმოდა ყურში - არ გავაბრაზოთ რუსეთი! ნუ გავაღიზიანებთ დათვს! მოდი, საჭმელი მივუგდოთ! კარგი, ბატონო, რაც გინდათ, ის აჭამეთ, ოღონდ ჩვენ ნუ გვთხოვთ, დათვს შევეჭმევინოთ იმისთვის, რომ თქვენ მისმა ბურდღუნმა ღამით ძილი არ დაგიფრთხოთ!
„არ გავაბრაზოთ რუსეთი! ნუ გავაღიზიანებთ დათვს! მოდი, საჭმელი მივუგდოთ! კარგი, ბატონო, რაც გინდათ, ის აჭამეთ, ოღონდ ჩვენ ნუ გვთხოვთ, დათვს შევეჭმევინოთ იმისთვის, რომ თქვენ მისმა ბურდღუნმა ღამით ძილი არ დაგიფრთხოთ!“
ამის სანაცვლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ დათვი გალიაში იჯდეს. 2008 წელს დასავლეთმა არ მისცა „მაპ“-ი უკრაინას და საქართველოს. სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა საქართველოში. თბილისისა და კიევისთვის „მაპ“-ი უნდა მიეცათ და ხმამაღლა უნდა ეთქვათ, რომ მზად არიან მათ მისაღებად „მაპ“-ით განსაზღვრული პროცედურების შემდეგ. მაგრამ შეეშინდათ, დაფრთხნენ, არ უნდოდათ დათვის გაღიზიანება. რუსეთსაც მეტი რა უნდოდა, დაინახა, რომ ხელები ხსნილი ჰქონდა და არავინ დაუპირისპირდებოდა…
რადიო თავისუფლება: წითელი ხაზები ნატოს საზღვრებზე, მაგრამ არა მის გარეთ? ყველაზე საშინელი სცენარი განვიხილოთ - რა მოხდება, თუ პუტინი გადაწყვეტს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს?
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: მაშინ დასავლეთს მოუწევს ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს. მაგრამ არ ვურჩევდი ბატონ პუტინს, ამ გზით შეამოწმოს დასავლეთის მზადყოფნა - შეიძლება გადაამლაშოს და ძვირად დაუჯდეს. ბირთვული იარაღის გამოყენება დღეს ტაბუდადებული თემაა - თუმცა უმიზეზოდ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმაც ტაბუა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, პუტინი ამაზე წავიდა...
რადიო თავისუფლება: რამდენად კმაყოფილი ხართ იმ სანქციებით, რომელიც რუსეთს დაუწესდა?
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: ბევრად უკეთესია, ვიდრე მანამდე არსებული სანქციები. ამჯერად გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღეს, სწრაფადვე ვნახეთ შედეგებიც - მეორე დღეს რუბლი, ასე ვთქვათ, უფსკრულში გადაიჩეხა. და როდესაც რუბლი ასე უფასურდება, ამის შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, თუ რას უქადაგებენ ტელევიზორით. მათ ეტყვიან, რომ დასავლეთის ბრალია, რომ შიათ, მაგრამ როდესაც რუსებს მშიერი კუჭით მოუწევთ დაძინება, ერთი ნაწილი, ალბათ, მაინც გააგრძელებს ფიქრს, რომ რუსები ყველაზე კარგები, საუკეთესოები არიან მსოფლიოში და ამიტომ ერჩიან სხვები, მათი სიკარგის შურთ... მაგრამ მეორე ნაწილი მაინც დაფიქრდება, ნუთუ ესაა ის მომავალი, ის გზა, რომლითაც ჩვენი ლიდერები გვატარებენ? ამიტომ სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, მეტი და კიდევ უფრო მტკივნეული სანქციები უნდა ვიხილოთ.
რადიო თავისუფლება: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზეც გკითხავთ - რა შეუძლია დათმოს უკრაინამ, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას?
„უნდა ვიფიქროთ, როგორ მივცეთ პუტინს „ღირსეულად“ უკან დახევის შესაძლებლობა. უკრაინა შეიძლება დათანხმდეს 20-წლიან ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ არა მგონია, პუტინმა ეს იმყოფინოს“
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: მართებული კითხვაა. ვფიქრობ, მათ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიონ, რადგან ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა, ამის შემდეგ კი შეიძლება დაიწყონ ფიქრი, როგორ დაიხევს პუტინი „სახის დაკარგვის” გარეშე... და როგორ შეიძლება დათანხმდეს უკრაინა რაიმე პირობებს? მაგალითად, 20 წლით ნეიტრალიტეტს, მაგრამ არა მგონია, პუტინმა ეს იმყოფინოს. ნეიტრალური ქვეყნები არსებობენ და ეს მათი არჩევანია, მაგრამ ასევე გვაქვს მაგალითები, სადაც ნეიტრალიტეტმა არ იმუშავა - ერთი ასეთი ჩემი ქვეყანა, ლატვიაა. ლატვიამ სცადა, ყოფილიყო ნეიტრალური მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამან კარგი არაფერი მოუტანა. ჯერ საბჭოელები შემოიჭრნენ, შემდეგ ნაცისტები, მერე კი საბჭოთა ოკუპაციაში ვიყავით 50 წელი საკუთარი ნების წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის კოლექტიური თავდაცვის ქოლგაში მოქცევა უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო.
რადიო თავისუფლება: რა როლი უნდა ითამაშოს დასავლეთმა ამ პროცესში?
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: დასავლეთი პირველ რიგში უნდა ეცადოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს. მეორე პრიორიტეტი კი უნდა იყოს რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანა. რამდენად შესაძლებელია ეს, სხვა საკითხია, მაგრამ პრინციპულად, პოზიცია ასეთი უნდა იყოს. ამას გარდა, როდესაც ბატონი პუტინი დაიჩივლებს, რომ ნატოსგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ალიანსს შეუძლია წერილობითი გარანტია მისცეს, რომ რუსეთს თავს არ დაესხმებიან. ლატვიას, თავისი უზარმაზარი არმიით, ურიცხვი მოსახლეობით, შეუძლია პირობა მისცეს საბჭოთა კავშირის „დიად მემკვიდრეს”, რუსეთის ფედერაციას, რომ თავს არ დაესხმება. თუ ასე ძალიან ეშინიათ, თუ ბატონი ლავროვი შიშისგან ცახცახებს, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია მივცეთ წერილობითი გარანტია, რომ მათზე თავდასხმას არავინ გეგმავს.
რადიო თავისუფლება: როდესაც რაიმე შეთანხმება ან სტატუს-კვო იქნება მიღწეული, დასავლეთის დედაქალაქების კარები ისევ გაიღება პრეზიდენტ პუტინისთვის? ის ისევ შეძლებს ევროპელ ლიდერებს „მეგობრული“ ვიზიტით ესტუმროს და ემასლაათოს?
„ ეს არის „ალისა სარკისმიღმა სამყაროში“, პუტინის რეჟისურით - ყველაფერი, რასაც თავის ხალხს და გარე სამყაროს ეუბნება, რეალობის საპირისპიროა.“
ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: ვფიქრობ, პუტინმა ბევრად მეტი დაკარგა ამ ავანტიურით, ვიდრე თვითონ ვარაუდობდა - მისი პრესტიჟი სამუდამოდ დასამარდა. ომის დამნაშავის იარლიყი აქვს, საზოგადოების ცნობიერებაში აღიქმება, როგორც ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. ასე რომ, ძალიან გაუჭირდება „წესიერ საზოგადოებაში“ რეინტეგრირება, მასაც და მის ქვეყანასაც. ძალიან ცოტა მეგობრები ეყოლებათ, ისეთები, როგორიცაა ბელარუსი და ვენესუელა.