„მას უნდა, როგორმე შეაჩეროს უკრაინის განუხრელი ევროპეიზაცია ... სურს, აღადგინოს ნოსტალგიური, ისტორიული დიდი რუსეთი, სადღაც 1800 წლის საზღვრებში, რომელიც საბჭოთა კავშირის მოდელზე იქნება აგებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა. Პოლიტიკური კარიერა მან იმ წელს დაიწყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. Სტუბი დღემდე, სხვადასხვა დროს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ევროპულ საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარი იყო. ის პუტინს, რუსეთს და რეგიონს კარგად იცნობს.
ვაჟა თავბერიძე ალექსანდერ სტუბს პრაღიდან ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: როგორია დღევანდელი სურათი - რას ვხედავთ?
ალექსანდერ სტუბი: რასაც ვხედავთ, არის რუსული აგრესიის კლასიკური სცენარი ცივი ომის შემდეგ. პირველი საქართველო იყო 2008 წლის აგვისტოში, მეორე - ყირიმი და დონბასის რეგიონი 2014 წელს, ახლა კი მესამე ფაზას ვხედავთ - სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. კრემლის სახელმძღვანელო წიგნაკი მეტწილად უცვლელი დარჩა - უბრალოდ დაემატა ახალი პუნქტი, სრულმასშტაბიანი იერიში, რასაც ბევრი არ ელოდა და რისი მომსწრეებიც ვართ გუშინ დილიდან.
რადიო თავისუფლება: მისი ცნობილი ერთსაათიანი ტირადიდან გამომდინარე - რის მიღწევას ცდილობს პუტინი - „უბრალოდ“ რეჟიმის შეცვლას კიევში თუ სურს, ის ტირადა ახალ რეალობად გვიქციოს?
ალექსანდერ სტუბი: მისი სიტყვა თითქმის დისტოპიური იყო. და ეს არ იყო ის, რასაც მე კლასიკურ პუტინს ვეძახი, ის საკმაოდ არარაციონალურად მომეჩვენა, რაღაცებს როშავდა... პუტინი „საქმეში“ ბევრჯერ მინახავს ბოლო წლების მანძილზე და, როგორც წესი, ბევრად უფრო ნიუანსური და
„პუტინის ისტორიული, დიდი რუსეთი, სამი ელემენტისგან შედგება: ერთი ენა - რუსული, ერთი რწმენა - მართლმადიდებლობა, და ერთი ლიდერი - თავად პუტინი“
დალაგებულია, ვიდრე იმ სიტყვისას იყო. ძნელია თქმა, როგორია ის ენდშპილი, რომელიც პუტინმა დაგეგმა, მაგრამ შეგვიძლია ვისაუბროთ მოტივებზე, რამაც მას ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც შედარებით ნაკლებს საუბრობენ, არის ის, რომ მას უნდა, როგორმე შეაჩეროს უკრაინის განუხრელი ევროპეიზაცია. ეს 1989 წლის მომენტია უკრაინისთვის. მეორე - ვიცით, რომ უნდა აღადგინოს ნოსტალგიური, ისტორიული დიდი რუსეთი, სადღაც 1800 წლის საზღვრებში, რომელიც საბჭოთა კავშირის მოდელზე იქნება აგებული. პუტინის ისტორიული, დიდი რუსეთი სამი ელემენტისგან შედგება: ერთი ენა - რუსული, ერთი რწმენა - მართლმადიდებლობა, და ერთი ლიდერი - თავად პუტინი.
ამ ისტორიულ დიდ რუსეთში შედის ბელარუსიც, რომელზეც რატომღაც აღარავინ საუბრობს - კარგი იქნება, ბავშვს ნაბან წყალს თუ არ გადავაყოლებთ - სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა, როდესაც ბელარუსზე ხმას აღარ ვიღებთ. პასუხისმგებლობა ლუკაშენკასაც უნდა დაეკისროს - მისი „წვლილი“ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის ამ თამაშში ფიგურა გახდა და ამ ყველაფერზე ხელებს ვერ დაიბანს. ერთი დადებითი, რაც შეიძლება აღვნიშნო, არის ის, რომ პუტინს გული ეთანაღრება, რომ დასავლეთის რეაქცია იმაზე მძაფრი გამოდგა, ვიდრე ის გეგმავდა და სწორედ იმას იღებს, რისი თავიდან აცილებაც სურდა - უკრაინელები რუსებს მტრად მიიჩნევენ, ფინელები და შვედები უფრო დაფიქრდნენ ნატოში გაწევრებაზე. ასე რომ, შეიძლება ეს ყველაფერი პუტინის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
რადიო თავისუფლება: ადრინდელ ინტერვიუში პუტინს უწოდეთ „ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, სტრატეგიული ლიდერი“, რომელიც ოდესმე შეგხვედრიათ. ეს კონტრასტშია ბევრი თქვენი დასავლელი კოლეგის შეფასებებთან - როგორც წესი პუტინს ეძახიან „პარანოიდს, ყალთაბანდს, გიჟს“. საუკეთესო შემთხვევაში - „ტაქტიკოსს, მაგრამ არა სტრატეგს“. ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი სათანადოდ ვერ აფასებს პუტინს?
ალექსანდერ სტუბი: ვფიქრობ, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ. თუ ადამიანი 20 წელია ძალაუფლებას ინარჩუნებს რუსეთში, როგორც პრეზიდენტი და პრემიერი, ე. ი. ის, სულ მინიმუმ, სტრატეგიული და რაციონალური მოაზროვნეა. ჩვენ არ ვიცით, რა უტრიალებს მას თავში ახლა. ვფიქრობ, რომ დიახ, დასავლეთი ზოგჯერ მას არასწორად აღიქვამს. პუტინის შესაძლებლობების არასათანადოდ აღქმა დიდი შეცდომაა - ეს არასდროს უნდა გააკეთო.
რადიო თავისუფლება: რა რეაქციას უნდა ველოდოთ დასავლეთისგან?
ალექსანდერ სტუბი: სანქციების მეორე პაკეტს შემდეგ ალბათ მესამე ტალღა მოჰყვება. ახლა, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინასთან და კიევში შეჭრას ცდილობს, ვიტყოდი, რომ ამ
„ლუკაშენკას რაც შეეხება, ბავშვი ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ და მისი წვლილი არ უნდა დავივიწყოთ ამ ყველაფერში - მას არ შეუძლია, აქ ხელები დაიბანოს“
ეტაპზე სანქციები უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. მაგიდაზე უნდა იდოს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაც, რაც ფაქტობრივად სანქციების პაკეტის „ბირთვული იარაღია“. ეს რუსეთს ფაქტობრივად ფინანსური მომსახურებების სფეროდან გარიყავს. იმავე ტერმინს გამოვიყენებ, რაც მარიო დრაგიმ გამოიყენა, როდესაც ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო ფინანსური კრიზისის დროს: ჩვენ ახლა „რადაც-არ-უნდა-დაგვიჯდეს“ მომენტის წინაშე ვდგავართ.
რადიო თავისუფლება: დღეს უკრაინას უწევს რუსეთის მოგერიება. ვისი ჯერი იქნება ხვალ? ბევრი შიშობს, რომ რუსეთი შემდეგ ნატოს არაწევრ მეზობლებს დაადგამს თვალს - აფიქრებთ ეს ფინეთში?
ალექსანდერ სტუბი: არა, ფინეთში ეს არ გვაშინებს. დიახ, 1340-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, მაგრამ თავს დაცულად ვგრძნობთ. ევროკავშირის წევრები ვართ, ნატოს პარტნიორები და ნატოს სტანდარტებს ალიანსის ბევრ წევრზე უკეთ ვერგებით. ბრწყინვალედ მომზადებული არმია გვყავს, არც თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობას ვუჩივით. რუსეთმა იცის, რას შეეჭიდება, თუ ფინეთის ან შვედეთისკენ გაიწევს, ასე რომ, არა, ფინეთის უსაფრთხოებაზე არ ვნერვიულობთ.