Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის დაბრუნების რამდენიმე დეტალი - ნაწყვეტები სასამართლო პროცესიდან


ელგუჯა ცომაია სასამართლო პროცესზე
ელგუჯა ცომაია სასამართლო პროცესზე

63 წლის ბიზნესმენმა, ელგუჯა ცომაიამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჯერ ფოთში, შემდეგ აბაშაში, შემდეგ ბათუმში, ხოლო შემდეგ უკვე თბილისში - მართალია, შიშითა და ნერვიულობით - მაგრამ ისე ამგზავრა, რომ, როგორც თავად ამბობს, სერიოზული წინააღმდეგობა პრაქტიკულად არსად შეხვედრიათ.  

პროკურორების არაერთ შეკითხვას - თუ როგორ გამოეპარათ მებაჟეებს არაჟნით დატვირთულ სატვირთო მანქანაზე მოხსნილი „ბოლტი“ და ახსნილი ლუქი, ცომაიამ 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას უპასუხა. განმარტა, რომ წესიერად არავის არაფერი შეუმოწმებია, ხოლო უკრაინელი მებაჟეები საერთოდ ტვირთის ზედაპირული დათვალიერებითაც არ დაინტერესდნენ.

ვიდრე უკრაინიდან 2021 წლის 27 სექტემბრის ღამით წამოსულები ტრაილერით გემზე ავიდოდნენ, მიხეილ სააკაშვილს ცოტა ხნით მოუწია მანქანის სალონის უკანა, ზედა ნაწილის საძინებელ სივრცეში ასვლა, რომ გარეშე თვალს მორიდებოდა; უკვე გემზე კი, როგორც ცომაია ამბობს, ორი დღე ერთად „კაიუტაში“ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.

უშუალოდ არაჟნით დატვირთული ტრაილერის მაცივარში შესვლა მიხეილ სააკაშვილს, ცომაიას მონათხრობის თანახმად, ჯერ კიდევ გემზე, ფოთის პორტში გადმოსვლის წინ მოუწია და იქ სულ 15 წუთი დაჰყო.

„ეს მაცივარი ჩართულ მდგომარეობაში იყო?“, „რა ეცვა, თუ გახსოვთ და რა ნივთები ჰქონდა თან?“, „ქუდი ეხურა?“, „მობილური ტელეფონი თან ჰქონდა?“ - ეკითხებოდნენ ელგუჯა ცომაიას პროკურორები.

ის კი დაბალ ხმაზე პასუხობდა: „მერე რა... კი, ჩართული იყო“; „კი, ქუდიც ეხურა და პირბადეს ეკეთა“; „ტელეფონი სულ თან ჰქონდა“.

ცომაია სააკაშვილის გატაცებაზე და ივანიშვილზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

13 იანვარს, დაკითხვისას, პროკურორებმა ბრალდებულს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩაწერილი ვიდეოც უხსენეს, სადაც ის გატაცებაზე ლაპარაკობს.

„საქმეში არის წარმოდგენილი მტკიცებულება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი წერს ასეთ ვიდეოს, რომ გამიტაცეს, არ ვიცი ვინ გამიტაცაო... იმიტომ ვსვამთ შეკითხვას - ხომ არ გაგიტაცებიათ, უკრაინიდან ისე ხომ არ წამოგიყვანიათ?“, - ჰკითხა პროკურორმა ელგუჯა ცომაიას.

მან კი იკითხა, შემიძლია ვიხუმროო? და უპასუხა, რომ „ასეთი მომტაცებელი“ თუ იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილს მოიტაცებდა, რადგან მას ბევრი ფული აქვს.

ბრალდებული ჰყვება, რომ ფოთიდან აბაშაში ისინი აწ უკვე ასევე ბრალდებულმა მამა-შვილმა, ზური და შალვა წოწორიებმა საკუთარი მანქანით ჩაიყვანეს, რის შემდეგაც მათ მიხეილ სააკაშვილი აღარ უნახავთ.

ცომაია ამბობს, რომ მაინც გააფრთხილა ძალიან ახლო მეგობარი, ზური წოწორია, რომ სააკაშვილის ჩამოყვანის შესახებ არსად არაფერი ეთქვა.

აბაშიდან თბილისისკენ ისინი ასევე ცომაიას კუთვნილი მიკროავტობუსით აპირებდნენ წასვლას, როცა მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელად ბათუმის მონახულება მოინდომა.

ცომაია ბათუმის ეპიზოდის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00

პროკურორის შეკითხვაზე - „რა მოქმედებები განახორციელა [მიხეილ სააკაშვილმა] ბათუმში?“, ცომაია პასუხობს, რომ რამდენიმე ადგილზე გაჩერდნენ და ერთადერთი ის იცის, რომ სააკაშვილმა იქ ვიდეოები გადაიღო, რომლებიც მასაც აჩვენა.

თბილისამდე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა სააკაშვილმა და ცომაიამ მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც ისინი ბათუმის გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. ცომაია ამბობს, რომ შვებით ამოისუნთქა, როცა პოლიციელმა მიხეილ სააკაშვილის ძებნის ნაცვლად მას უბრალოდ უთხრა - „ნათურები არ გინათებს და ჯარიმას გამოგიწერო“.

ამის შემდეგ, ისინი თბილისისკენ ტრაილერით გაემგზავრნენ და მათ ასევე ახლდა გიორგი ნარიმანიძე, რომელიც, ცომაიას თქმით, აბაშაში მათ კარ-მიდამოს უვლის და რომელიც ამ საქმის ფარგლებში ასევე დააკავეს.

ცომაია ამბობს, რომ თბილისში მან მიხეილ სააკაშვილი, მისივე თხოვნით საკუთარ ბინაში მიიყვანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს.

ელგუჯა ცომაია არ მალავს, რომ ის პეციალურად ჩავიდა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსაყვანად, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ წინასწარი შეთანხმება არ ჰქონდა, თუ სად უნდა წაეყვანა სააკაშვილი უკვე საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ერთ ეპიზოდში ბრალდებული იმასაც ამბობს, რომ - ეგონა, სააკაშვილს ვიღაც დახვდებოდა.

დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, სამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის (ვანო მერაბიშვილის) ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მგზავრობა დაგეგმა.

ცომაია სააკაშვილზე და გიორგი ლორთქიფანიძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

ცომაია არ მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩაყვანის თხოვნით მას სწორედ გიორგი ლორთქიფანიძემ მიმართა და უარს ვერ ეტყოდა, რადგან, როცა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და ვერავინ უშველა, მხარდაჭერა მხოლოდ გიორგი ლორთქიფანიძისგან იგრძნო.

სააკაშვილი და ცომაია ერთმანეთს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. ცომაია ვარაუდობს, რომ პორტში სააკაშვილი სწორედ ლორთქიფანიძის მძღოლს უნდა მიეყვანა, მაგრამ აღნიშნავს, რომ პორტში სხვა არავინ უნახავს და ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისთვის აღარაფერი უკითხავს.

ელგუჯა ცომაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2021 წლის 4 ოქტომბერს შეუფარდა.

13 იანვარს სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილებოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2004-2013 წლებში, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.
სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის - საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG