Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელგუჯა ცომაიამ გაიხსენა, რა უთხრა პატრულმა, როცა მანქანაში მას გვერდით მიხეილ სააკაშვილი ეჯდა


ელგუჯა ცომაიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიხსენა ბათუმიდან თბილისში დაბრუნების დროს პატრულის თანამშრომელთან კომუნიკაციის ეპიზოდი. ცომაიას სასამართლოში დღეს, 13 იანვარს ჰკითხავდნენ.

"გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მანქანას და ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მეჯდა, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, შენ გაგახარა ღმერთმა-მეთქი, გამომიწერა, ჩავსხედით ისევ და წამოვედით", - თქვა მან.

ცომაიას თქმით, ამის შემდეგ მათ სატრანსპორტო საშუალების შეცვლა გადაწყვიტეს.

"მარშუტკით რომ ვაპირებდით წამოსვლას, ვუთხარი მოდი ჯობია ტრაილერით წავიდეთ-მეთქი. ტრაილერი კაციშვილმა არ იცოდა", - თქვა ცომაიამ.

გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG