საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში მისი დაბრუნების გადაწყვეტილების თაობაზე და შედეგებზე რომელიც მის ჩამოსვლას სდევდა.
„იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა. თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს უპრობლემოდ იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ! ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე როგორც არასდროს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან დასძინა. რომ არის მომეტებული საფრთხის წყარო ბიძინა ივანიშვილისთვის, რომესლაც სააკაშვილის ციხეში ყოფნაც არ აწყნარებს.
„გამოაცხადეს, სადღაც რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო და ვინც ის შემოყვანაო და ამიტომ ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომატებული საფრთხე რა არის - რადიაცია, ატომური ბომბი და ა.შ. მინდა გავაკეთო აღიარება - მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო. ვარ! ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? - მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ბიძინა ივანიშვილისთვის, იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ. მე ვარ მომატებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის ვინც, ახლა ხელფასი გაიზრდა ჩინოვნიკებისთვის“,- თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა საუბარი შემდეგ გაძვირებული პროდუქტების, გაზისა და ელექტორენერგიის ტარიფებზე განაგრძო.
13 იანვარს სასამართლოში განიხილება ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.