ამასთან, ბულგარელი იარაღის მაგნატის, ემელიან გებრევის, კუთვნილ EMCO-ს ერთ-ერთ საწყობში 2011 წლის 12 ნოემბერს მომხდარი აფეთქების მიზანი, პროკურატურის ვერსიით, უნდა ყოფილიყო იმ საბრძოლო მასალის განადგურება, რომელიც საქართველოსთვის იყო განკუთვნილი.
ბულგარელი გამომძიებლების ხელთ არსებული მტკიცებულების საფუძველზე, ბულგარეთის გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს კავშირი 2015 წელს სოფიაში იარაღის მაგნატ ემელიან გებრევის მოწამვლის მცდელობასა და 2011-2020 წლებში ბულგარეთის სამხედრო ქარხნებსა და საბრძოლო მასალების საწყობებში 4-ჯერ მომხდარ აფეთქებებს შორის, რომლის „ანალოგიური“ ინციდენტი 2014 წლის შემოდგომაზე ასევე ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეში მოხდა, - ამის შესახებ 28 აპრილს განაცხადა ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ.
თავად კომპანია EMCO-ში უარყოფებენ ინფორმაციას, თითქოს 10 წლის წინ ბულგარეთის ლოვნოდილის საწყობში აფეთქებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი ყოფილიყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, ღებულობდა თუ არა საქართველო აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთიდან შეიარაღებას და საბრძოლო მასალას და ცნობილი იყო თუ არა საქართველოს სამხედრო უწყების მაშინდელი მესვეურებისთვის იარაღის ბულგარელი მაგნატის, ემელიან გებრევის, სახელი.
ბულგარული იარაღი 2004 წლის ცხინვალის მოვლენებში
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ წლებში რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველო მის ორბიტაზე დარჩენილიყო როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. აქ იგულისხმებოდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ყოფნის შენარჩუნება, ასევე ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ქართული არმია იძულებული გახდებოდა მთლიანად ყოფილიყო დამოკიდებული რუსული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ბაზარზე.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველომ პრინციპულად აიღო კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და დაიწყო საქართველოს ჯარის მოდერნიზება დასავლურ სტანდარტებზე, რაც რუსული შეიარაღების დასავლურით ჩანაცვლებასაც ითვალისწინებდა. როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მალევე საქართველოს არმია აქტიურად მოიხმარდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის, მათ შორის ბულგარული წარმოების შეიარაღებას და საბრძოლო მასალას.
„ბულგარული წარმოების შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება ქართული არმიისათვის ხდებოდა, დაახლოებით, 2004 წლიდან. ეს იყო ერთჯერადი ყუმბარსატყორცნები, ჭურვები და ტყვია-წამალი. ანუ ამ მხრივ რაღაც კავშირები იყო. სხვათა შორის, ცხინვალის მისადგომებთან 2004 წლის ომის დროს სეპარატისტებმა იპოვეს ბულგარული წარმოების რპგ-22-ის ტიპის რამდენიმე ხელის ყუმბარსატყორცნი და მახსოვს, მაშინ რუსეთის მასმედიამ დიდი ხმაური ატეხა“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი ალადაშვილმა.
მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ საქართველოსათვის იარაღის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა გართულდა. რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდა საერთაშორისო არენაზე იმისთვის, რომ საქართველოსთვის შეექმნა პრობლემები იარაღისა და ტყვია-წამლის ყიდვასთან დაკავშირებით.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ბოლო თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, იხსენებს, რუსეთი იმხანად ძალიან ხშირად ახდენდა ზეწოლას იმ ქვეყნებზე, საიდანაც საქართველოს ხელისუფლება იარაღისა და ტყვია-წამლის შეძენას ცდილობდა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებდით ყველა შესაძლებლობას, ყველა პარტნიორის დახმარებას იმისთვის, რომ მოგვეგვარებინა პრობლემები, 2008 წლის ომის შემდეგ რომ წარმოიქმნა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც მცირე ხნით - 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე - ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი.
გებრევი და საქართველო
სწორედ ამ დროიდან ხდება საქართველოს სამხედრო წრეებში ცნობილი ბულგარელი იარაღის მაგნატის, ემელიან გებრევის, სახელი.
„ამ ადამიანის [გებრევის] შესახებ მე გამიგია, რომ არსებობდა ასეთი ადამიანი. მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიყავი 2012 წელს და, ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით ყველა იმ შუამავლის შესახებ, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვხმარებოდა იარაღის ან ტყვია-წამლის შეძენასთან დაკავშირებით. მაგრამ 2012 წელს მე მასთან არ მითანამშრომლია. თუ რა იყო 2011-ში, ვერ გეტყვი, როცა სხვა მინისტრი იყო“,- ამბობს დიმიტრი შაშკინი.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ქართული არმიის შეიარაღებაში ემელიან გებრევისგან შეძენილი ბულგარული წამოების შეიარაღება და საბრძოლო მასალა, დიმიტრი შაშკინი ამ საკითხზე ღია საუბარს მიზანშეწონილად არც წარსულში მიიჩნევდა და არც ახლა მიიჩნევს, ორი მიზეზის გამო.
„ბუნებრივია, რომ ნებისმიერ შესყიდვას ადევს გრიფი „საიდუმლო“, საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან და იმ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, რომ თუ ეს ინფორმაცია ღია იქნება, რუსეთის მხრიდან მოხდებოდა ზეწოლა მომწოდებელ სახელმწიფოზე ან ადამიანზე, რომ საქართველოს არ ეყიდა საბრძოლო იარაღი“, -ამბობს დიმიტრი შაშკინი.
ჩეხეთსა და ბულგარეთში მიმდინარე გამოძიებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებში ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიარაღების საწყობებში მომხდარი აფეთქებების მიზანი იყო სწორედ ის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც განკუთვნილი იყო, ჩეხეთის შემთხვევაში, სირიისა და უკრაინისათვის, ხოლო ბულგარეთის შემთხვევაში - უკრაინისა და საქართველოსთვის.
ამასთან, აფეთქებებში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზეა საუბარი.
„დიდი დარწმუნებით შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის მოქალაქეების მოქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და უკრაინისათვის განკუთვნილი სპეცპროდუქციის მიწოდების შეჩერება“, - განაცხადა 28 აპრილს ბულგარეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა სიიკა მილევამ.
სხვა დამატებითი ინფორმაცია საქართველოსათვის 10 წლის წინ განკუთვნილი სამხედრო ტვირთის შესახებ ბულგარეთის პროკურატურას არ გაუვრცელებია.
ოფიციალური ცნობის გავრცელების შემდეგ რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური დაუკავშირდა კომპანია EMCO-ს, რომელმაც უარყო გენერალური პროკურატურის მტკიცება, თითქოს 10 წლის წინ ბულგარეთის ლოვნოდილის საწყობში აფეთქებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი ყოფილიყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
„რას აკეთებდა ბულგარეთის პროკურატურა მთელი ამ წლების განმავლობაში აფეთქებების გამოძიების დროს? რატომ ცდილობს პროკურატურა, რომ კვლავ EMCO-ს შეაწმინდოს ხელი იმის ნაცვლად, რომ ეძებოს ამ ტერორისტული აქტების ნამდვილი მიზეზები და დამნაშავეები?“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას კომპანია EMCO-ში, სადაც პროკურატურის მიმართ თავისი პრეტენზია აქვთ. - „ხომ არ მალავს ბულგარეთის პროკურატურა რაღაცას, რაც ბულგარეთში რუსეთის სპეცსამსახურების მრავალწლიან საქმიანობას უკაშირდება? და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?“
თავად იარაღის მაგნატმა, ემელიან გებრევმა, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
კომპანია EMCO-ს დირექტორი, ემელიან გებრევი, მისი შვილი, ხრისტო, და კომპანიის წარმოების დირექტორი, ვალენტინ ტახჩიევი, 2015 წელს მოწამლეს, სავარაუდოდ, „ნოვიჩოკის“ კლასის შხამით.
ერთნაირი ხელწერით და გადაკეთებული გვარებით
2019 წლის 11 თებერვალს ბულგარეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გებრევის საქმეზე გამოძიება უკავშირდება რუსეთის მოქალაქე სერგეი ვიაჩესლავის ძე ფედოტოვს. კვლევითმა ორგანიზაცია „ბელინგკეტმა“ დაადგინა, რომ საქმე ეხება რუსეთის დაზვერვის ოფიცერს, რომლის ნამდვილი ვინაობაა დენის ვიაჩესლავის ძე სერგეევი. „ბელინგკეტის“ თანახმად, სერგეევი დაკავშირებულია ასევე 2018 წელს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში გრუს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის, იულიას, მოწამვლასთან. გამოძიება აჩვენებს, რომ ის სკრიპალების მოწამვლამდე ორი დღით ადრე ჩავიდა დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება ბულგარელი ბიზნესმენის მოწამვლას, თავად გებრევმა ორი წლის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მასზე თავდასხმაში ჩართული იყვნენ უცხოური მოთამაშეები, მაგრამ აშკარად იღებდნენ დახმარებას ქვეყნის შიგნიდან.
28 აპრილს ბულგარეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა სიიკა მილევამ გაიხსენა, რომ 2020 წლის დასაწყისში ამ თავდასხმის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი მიმალვაში მყოფ რუსეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც, „დიდი ალბათობით“, რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე (გრუ) მუშაობდნენ.
მოგვიანებით ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ დაასახელა რუსეთის მოქალაქეთა ვინაობა - გეორგი გორშკოვი, სერგეი პავლოვი და სერგეი ფედოტოვი, რომლებზეც ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა.
რუსეთის გრუს ოფიცრების ალექსანდრ მიშკინის (ალექსანდრ პეტროვი) და ანატოლი ჩეპიგას (რუსლან ბაშიროვი) მსგავსად, ბულგარეთში ჩადენილ დივერსიულ თავდასხმებში ეჭვმიტანილებიც სხვა სახელებით მოქმედებდნენ.
ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 29 აპრილისათვის დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი სოფიაში.
შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რაზე იქნება საუბარი და რა ნაბიჯს გადადგამს სოფია რუსეთის მიმართ მის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობის გამო.
- ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 7 წლის წინ მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების კავშირის თაობაზე ჩეხეთის სპეცსამსახურების მიერ მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ჩეხეთმა 18 აპრილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს.
- პრაღის ამ ნაბიჯს რუსეთმა უპასუხა „ასიმეტრიულად“ და 21 აპრილს ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის დიპლომატიური მისიის 20 თანამშრომელი, რის გამოც მოსკოვში საელჩოში დარჩა მხოლოდ 5 ჩეხი დიპლომატი.
- ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამავე პროპორციით შეამცირებს ჩეხეთში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას და გამოაცხადა ჩეხეთის ტერიტორიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 60 თანამშრომლის, ასევე ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის გაძევების შესახებ.
- ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმაც.
ბულგარეთის გენერალური პროკურატურის 28 აპრილის საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვის თქმით, ბულგარეთმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რუსეთის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების მხრივ, „უკან ჩამოეტოვებინა ჩეხები“.
„კიდევ კარგი, რომ ერცჰერცოგი ფერდინანდიც ჩვენ არ მოგვიკლავს ჯერ, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე აქეთ მიდის“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.