Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პროკურატურა: სამხედრო საწყობში 2011 წელს მომხდარი აფეთქება რუსულ კვალს და საქართველოს უკავშირდება


გენერალური პროკურორი ივან გეშევი და პრესმდივანი სიიკა მილევა
გენერალური პროკურორი ივან გეშევი და პრესმდივანი სიიკა მილევა

ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ 28 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბულგარელი იარაღის მაგნატის, ემელიან გებრევის, კუთვნილ EMCO-ს ერთ-ერთ საწყობში, 2011 წლის 12 ნოემბერს მომხდარი აფეთქება რუსული სპეცსამსახურების კვალს და საქართველოს უკავშირდება.

ბულგარეთის პროკურატურამ 2011-2020 წელს სამხედრო აღჭურვილობის საწყობებში მომხდარ 4 აფეთქებასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ბულგარეთის პროკურატურის მონაცემებით, 2011 წელს საწყობში აფეთქება საქართველოსთვის, დანარჩენ შემთხვევებში კი უკრაინისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდების შესაფერხებლად მოხდა. აფეთქებებში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზეა საუბარი.

„დიდი დარწმუნებით შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის მოქალაქეების მოქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და უკრაინისათვის განკუთვნილი სპეცპროდუქციის მიწოდების შეჩერება“, - განაცხადა 28 აპრილს ბულგარეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა სიიკა მილევამ.

სხვა დამატებითი ინფორმაცია საქართველოსათვის 10 წლის წინ განკუთვნილი სამხედრო ტვირთის შესახებ ბულგარეთის პროკურატურას არ გაუვრცელებია.

მანამდე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენები იყო მხოლოდ უკრაინა.

2014-2015 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მიერ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციების მიზანს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება და ამ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტება, - ასეთ დასკვნას შეიცავს ჯგუფ Bellingcat-ის ახალი გამოძიება, რომელიც რუსულ გამოცემა The Insider-თან, გერმანულ Der Spiegel-სა და ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ერთად ჩატარდა.

ბულგარელი გამომძიებლების ხელთ არსებული მტკიცებულების საფუძველზე ბულგარეთის გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს კავშირი 2015 წელს სოფიაში იარაღის მაგნატ ემელიან გებრევის მოწამვლის მცდელობასა და 2011-2020 წლებში ბულგარეთის სამხედრო ქარხნებსა და საბრძოლო მასალების საწყობებში 4-ჯერ მომხდარ აფეთქებებს შორის, რომლის „ანალოგიური“ ინციდენტი 2014 წლის შემოდგომაზე ასევე ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეში მოხდა, - ამის შესახებ 28 აპრილს განაცხადა ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ.

კომპანია EMKO-ს დირექტორი, ბულგარელი იარაღის მაგნატი ემელიან გებრევი, მისი შვილი ხრისტო და კომპანიის წარმოების დირექტორი, ვალენტინ ტახჩიევი 2015 წელს მოწამლეს სავარაუდოდ „ნოვიჩოკის“ კლასის შხამით.

დღესვე ბულგარეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა სიიკა მილევამ გაიხსენა, რომ 2020 წლის დასაწყისში ამ თავდასხმის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი მიმალვაში მყოფ რუსეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც, „დიდი ალბათობით“, რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე (გრუ) მუშაობდნენ.

17 აპრილს ჩეხეთის დაბა ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 7 წლის წინ მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების კავშირის თაობაზე ჩეხეთის სპეცსამსახურების მიერ მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ჩეხეთმა გასულ კვირაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს. პრაღის ამ ნაბიჯს რუსეთმა უპასუხა „ასიმეტრიულად“ და 21 აპრილს ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის დიპლომატიური მისიის 20 თანამშრომელი, რის გამოც მოსკოვში საელჩოში დარჩა მხოლოდ 5 ჩეხი დიპლომატი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამავე პროპორციით შეამცირებს ჩეხეთში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობას და გამოაცხადა ჩეხეთის ტერიტორიიდან რუსეთის დიპლომატიური მისიის 60 თანამშრომლის, ასევე ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის გაძევების შესახებ. რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბალტიის ქვეყნებმა, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმაც მიიღეს.

XS
SM
MD
LG