Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი საქართველოს მხარდაჭერისგან თავს იკავებს. სხვების მხარდაჭერა გაიზარდა - გაეროში კენჭისყრის გეოპოლიტიკა


ჩინეთი კვლავ არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს რეზოლუციას - წლევანდელ მხარდამჭერებს სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და სომხეთი შეემატნენ
ჩინეთი კვლავ არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს რეზოლუციას - წლევანდელ მხარდამჭერებს სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და სომხეთი შეემატნენ

ჩინეთი, საქართველოსთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მიუხედავად, კვლავ არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს რეზოლუციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ.

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 103 ხმით კვლავ დაადასტურა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.

წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. პირველი მიღებიდან მე-16 წელს მას სომხეთი, არგენტინა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდნენ.

მოწინააღმდეგეეთა რიცხვი არ შეცვლილა.

ვინ დაუჭირა მხარი?

4 ივნისს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

რეზოლუციას, რომელსაც 2008 წლიდან (2008 წელს აფხაზეთთან, 2009 წლიდან კი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში) ყოველ წელს უყრიან კენჭს, წელს 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

შარშან - 100-მა.

ტრადიციულ მხარდამჭერებსა და თანასპონსორებს შორის არიან აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ახალი ზელანდია და სხვები.

რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა ცხრა ქვეყანა: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ბურუნდი, ზიმბაბვე, კუბა, მალი და ნიკარაგუა.

გაეროში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რეზოლუციის ახალი მხარდამჭერები „ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ“.

დამატებითი სამი ხმა, ტრადიციული მხარდამჭერი ქვეყნების გარდა, საქართველომ წელს მიიღო:

  1. სომხეთისგან;
  2. არგენტინისგან;
  3. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან.

რა შეიცვალა?

სომხეთი, რომელიც საქართველოს მეზობელია, 2019 წლამდე ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

ამის მიზეზი ყარაბაღის კონფლიქტი იყო: სომხეთს მიაჩნდა, რომ დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ირიბად დაუჭერდა მხარს ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანისეულ ინტერპრეტაციას, - და, შესაბამისად, აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნებას.

რეზოლუციასთან დაკავშირებით სომხეთმა პოლიტიკა ორჯერ შეცვალა: ჯერ ხმის მიცემისგან თავშეკავება დაიწყო, წელს კი უკვე მხარი დაუჭირა - ისტორიაში პირველად.

პოლიტიკა პირველად 2019 წელს შეიცვალა, პროდასავლურად განწყობილი ნიკოლ ფაშინიანის გაპრემიერების შემდეგ - სომხეთი კენჭისყრას არ დაესწრო.

ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლის დემონსტრაციებისას. მის დაწყებულ მსვლელობებს ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა
ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლის დემონსტრაციებისას. მის დაწყებულ მსვლელობებს ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა

მომდევნო წლებში სომხეთის ტრადიციული პრორუსული პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან და უკრაინის ომთან ერთად, მულტივექტორულისკენ შეიცვალა. ახლა ერევანი დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილს გამოხატავს.

ყარაბაღის 2020 წლის ომმა და 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ რეგიონის დარჩენილი ნაწილის დაკავებამ კი კვლავ შეცვალა ვითარება კენჭისყრასთან დაკავშირებით.

ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა - ათიათასობით ადამიანი - აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად იძულებული შეიქნა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წინა კვირას განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი დევნილები, - რომლებმაც რეგიონი 1990-იან წლებში დატოვეს, - სექტემბრიდან დაიწყებენ სახლში დაბრუნებას.

სომხეთმა და საქართველომ 2024 წლის იანვარს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ვიზიტისას ოფიციალურად მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.

არგენტინა კენჭისყრაში კი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ხმის მიცემისგან თავს იკავებდა. 2024 წელს კი საქართველოს მანაც პირველად დაუჭირა მხარი.

გაეროში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ არგენტინის მიმხრობა ასე ახსნა: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას“.

მინისტრი ილია დარჩიაშვილი 2024 წლის მარტის ბოლოს ეწვია არგენტინას და, ქართული დიასპორის გარდა, შეხვდა:

  • ვიცე-პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელს, რომელიც ამავე დროს სენატის პრეზიდენტიც არის;
  • საგარეო საქმეთა მინისტრ დიანა მონდინოს;
  • პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ მატიას ლოპესს.

საგარეო სამინისტროს ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და „ხაზი გაუსვეს არგენტინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“.

2023 წლის ნოემბერში არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ხავიერ მილეიმ, - რადიკალმა მემარჯვენე პროფესორმა, რომელიც მარგინალ პოლიტიკოსად ითვლებოდა.

საპრეზიდენტო კამპანიისას ის ხშირად გამოდიოდა „კომუნისტური რეჟიმების“, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგ, ასევე, მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ფედერაციას.

მილეი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. მის ინაუგურაციას დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. არგენტინის პრეზიდენტმა 6 მარტს დაწერა, რომ 2024 წლის ივნისში უკრაინას ეწვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი ბუენოს აირესში, მილეის ინაუგურაციაზე. 2023 წლის 10 დეკემბერი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ხავიერ მილეი ბუენოს აირესში, მილეის ინაუგურაციაზე. 2023 წლის 10 დეკემბერი

სამხრეთ აფრიკა წინა წლებში ან საერთოდ არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, ან ხმის მიცემისგან თავს იკავებდა. წელს მისი პოლიტიკაც შეიცვალა.

გაეროში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს მედიასთან არ განუმარტავს, რა იყო ის ფაქტორი, რამაც წელს მხარდაჭერა მოაპოვებინა.

საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიის ფარგლებში, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთანაც თანამშრომლობს. თბილისისა და პრეტორიას ურთიერთობებში 2022 წელი აქტიური იყო:

  • პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა 202 წლის აგვისტოში.
  • ამ ვიზიტისას აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ცენტრში, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში (SAIIA), მოხსენება წაიკითხა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე;

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსა BRICS-ის სამიტზე იოჰანესბურგში. 2023 წლის 22 აგვისტო
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსა BRICS-ის სამიტზე იოჰანესბურგში. 2023 წლის 22 აგვისტო
  • 2022 წლის ოქტომბერშივე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა.
  • საგარეო უწყების ცნობით, ამ ვიზიტისას ქართულმა მხარემ სამხრეთ აფრიკის დელეგაციის ხელმძღვანელს მიაწოდა „ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

საქართველოს მადლობა ჩინეთს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, რომელთანაც საქართველომ 2023 წლის ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“, - განაცხადა 5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია.

2008 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ჩინეთს არასოდეს დაუჭერია მხარი რეზოლუციისათვის.

იგი ტრადიციულად თავს იკავებდა, 2022 წელს კი რეზოლუციის წინააღმდეგაც კი მისცა ხმა. ოფიციალური განმარტებები პეკინსა და თბილისში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

რეზოლუციაზე ჩინეთის გადაწყვეტილება თბილისში ოპოზიციურმა პარტიებმა მწვავედ გააკრიტიკეს.

„როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები სახლებში დაბრუნდნენ“? - იკითხა პეტრე ცისკარიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა 5 ივნისს.

5 ივნისსვე, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ თქვა, რომ „ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი“: ის „ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში და არსებითად კვლავ რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს ჩვენს რეგიონში“.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კრიტიკაზე პასუხად განაცხადა: „ამ შემთხვევაში, ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“.

პაპუაშვილის თქმით, მხარეები ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობას და მის მნიშვნელობას არაერთ ფორმატში უდასტურებენ ერთმანეთს, ხოლო „რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“.

„ძალაუფლების ერთი ცენტრი“

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს მთავრობა წარმოაჩენს, როგორც სიახლეს, რომელიც ტრანსფორმირებას მოახდენს ჩინეთის აღქმებისა საქართველოს მიმართ, გუშინაც დადასტურდა, რომ ეს ასე არ იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სალომე გიუნაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ილიაუნის მოწვეული ლექტორი.

2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში საქართველო მტკიცედ აღიარებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, - რაც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია, - მაგრამ ჩინეთისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ არის ხაზგასმული. საუბარია მხარეთა მიერ „ყველა ქვეყნის“ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.

„ჩინეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირების არის ძალიან გამოკვეთილი, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, - განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როდესაც რუსეთი ჩინეთისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩინეთის ამ პოზიციის ტრანსფორმაცია ვერც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ მოახერხა“, - ამბობს სალომე გიუნაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, გლობალური ცვლილებები უფრო მეტად აახლოებს ჩინეთსა და რუსეთს, და, მართალია, შეიძლება, რომ მათ რიგ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ ამ საკითხებში საქართველო და სამხრეთ კავკასია არ შედის:

„სამხრეთ კავკასიის კონტექსტში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, რუსეთი და ჩინეთი ძალის ერთიან ცენტრად უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობდნენ იმ ნარატივის, იმ მოსაზრების დამკვდრებას, რომ ჩინეთი შეიძლება იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ძალის ალტერნატიული ცენტრი, გუშინაც დადასტურდა, რომ ეს ასე არ იქნება“, - ამბობს სალომე გიუნაშვილი, რომელიც ჰანკუკის უნივერსიტეტის (სამხრეთ კორეა) საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრია.

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას მხარეები „ულიმიტო პარტნიორობას“ უწოდებენ.

2024 წლის მაისში პრეზიდენტებმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა პეკინში ხელი მოაწერეს უკვე არსებული „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას.

„სტრატეგიული პარტნიორობის“ კვალდაკვალ, საქართველო გეგმავს, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცეს ანაკლიის პორტის 49%-იანი წილი. შერჩეული კონსორციუმის წევრები აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიები არიან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, თუ რას ნიშნავს „სტრატეგიული პარტნიორის“, ჩინეთის მხრიდან მსგავსი არა კეთილმეგობრული საქციელი. სტრატეგიული ობიექტების, მაგალითად, ანაკლიის პორტის, უპირობო გადაბარებას“?, - განაცხადა 5 ივნისს პარლამენტარმა რომან გოცირიძემ, „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა.

რეზოლუცია A/78/L.74

4 ივნისს გაეროში მიღებული რეზოლუცია (A/78/L/74) გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, რადგან გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG