Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის პრეზიდენტად არჩეულია კანდიდატი, რომელიც ცენტრალური ბანკის „დაწვით" იმუქრება


ხავიერ მილეი
ხავიერ მილეი

არგენტინის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა მკვეთრად მემარჯვენე ხავიერ მილეიმ. 19 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, მილეიმ ხმების 56%-ით დაამარცხა არგენტინის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის კანდიდატი, ეკონომიკის მინისტრი სერხიო მასა. მან მილეის გამარჯვება უკვე მიულოცა.

53 წლის ეკონომისტი და ტიკ-ტოკის „ვარსკვლავი“ ხავიერ მილეი არგენტინის მემარჯვენე ძალთა ალიანსში შემავალი ლიბერტარიანელთა პარტიის ლიდერია. 2021 წელს აირჩიეს არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის წევრად. ხავიერ მილეი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფავორიტად არ ითვლებოდა. ოქტომბერში ჩატარებულ პირველ ტურში სერხიო მასამ ხმების თითქმის 37% მიიღო, ხოლო ხავიერ მილეიმ 30%-მდე.

როგორც BBC წერს, საუბრის მკვეთრი სტილის და ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამების გამო, მილეის ხშირად ადარებენ აშშ-ის და ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპს და ჟაირ ბოლსონარუს.

ხავიერ მილეი მხარს უჭერს მოქალაქეთა ცხოვრებაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, უარყოფს, რომ გლობალური დათბობა ადამიანის საქმიანობის შედეგია, ეწინააღმდეგება აბორტებს და ემხრობა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მილეი საუბრობდა სუსტი ეროვნული ვალუტის, პესოს, ამერიკული დოლარით შეცვლის აუცილებლობაზე და აცხადებდა, რომ ინფლაციის პრობლემის მოსაგვარებლად არგენტინის ცენტრალურ ბანკს დაწვავს.

2023 წლის სექტემბერში, არგენტინაში ინფლაციამ 138% შეადგინა. ხავიერ მილეი, რომლის საარჩევნო კამპანიის სიმბოლო ბენზოხერხი იყო, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებით აპირებს.

XS
SM
MD
LG