საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
„შარშან პირველად, ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთს, რომელმაც კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
„მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“, - თქვა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია.
2023 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება.
4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
ამ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. წელს დოკუმენტს მხარი დაუჭირა103-მა ქვეყანამ, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შარშან მხარდამჭერთა რიცხვი 100 იყო. წელს პირველად, რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც მანამდე თავს იკავებდა ან ხმას წინააღმდეგ აძლევდა. რეზოლუციას წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთი აფრიკა და არგენტინაც.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ცხრა ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ და სირიამ.
52-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, კენჭისყრაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ფორუმი