Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩინეთის საელჩოს საიტზე კრემლის ტაძარია გამოსახული


საქართველოში ჩინეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე მოსკოვის მიძინების ტაძარია გამოსახული
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე მოსკოვის მიძინების ტაძარია გამოსახული

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალურ საიტზე ილუსტრაციებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს უნდა ასახავდეს, რუსული ეკლესიაა გამოსახული - კრემლის მიძინების ტაძარი.

განახლება: 23 აპრილისთვის, ჩინეთის საელჩოს საიტზე ყველა ფოტო წაშლილია

ბანერზე გამოსახული ხუთი ფოტოდან ორი ჩინეთს ასახავს, ორი - ჯორჯიის შტატს შეერთებულ შტატებში, ერთი კი რუსეთის ფედერაციიიდანაა.

კერძოდ, ეს ხუთი (მარცხნიდან მარჯვნივ), დაბალი გარჩევადობის ილუსტრაციაა გამოსახული:

  1. პირველი, სავარაუდოდ, შანხაის სანაპიროს ღამის ხედია;
  2. მეორე - პეკინის „აკრძალული სასახლე“;
  3. მესამე - შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში მდებარე კაპიტოლიუმის ბიბლიოთეკა;
  4. მეოთხე - რუსეთში, მოსკოვში მდებარე მიძინების ტაძარი;
  5. მეხუთე - ასევე ჯორჯიის ღამის ხედი, ინგლისური წარწერით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯორჯიაში“.
სქრინშოტი ჩინეთის საელჩოს საიტიდან
სქრინშოტი ჩინეთის საელჩოს საიტიდან

ის, რომ საელჩოს საიტზე რუსული ტაძრის ფოტოა, შესაძლოა მექანიკური შეცდომა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამაში ჩინეთის საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლურ ანარეკლს ხედავს.

სხვა ქვეყნებში როგორაა?

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოების საიტები 40-მდე ქვეყანაში, მათ შორის - ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ზოგიერთი მათგანი ქვეყნის ილუსტრაციებს საერთოდ არ შეიცავს, - როგორც, მაგალითად, საელჩო მალტასა თუ ჩეხეთში.

მალტაში ჩინეთის საელჩოს საიტი [ქვეყნის ფოტოების გარეშე]
მალტაში ჩინეთის საელჩოს საიტი [ქვეყნის ფოტოების გარეშე]

ზოგიერთ შემთხვევაში ბანერებზე გამოსახულია მხოლოდ ჩინეთის სიმბოლოები, - ძირითადად, ჩინეთის დიდი კედელი სხვადასხვა რაკურსით (პოლონეთში), პეკინის ცის ტაძარი/ცის სასახლე (საფრანგეთი) თუ პანდა (სლოვენია).

და არის შემთხვევებიც, როდესაც ბანერებზე ჩინეთისა და საელჩოს მასპინძელი ქვეყნის სიმბოლოებია გამოსახული. და ასეთი შემთხვევები უფრო მეტია:

  1. ავსტრია - ჩინეთის დიდი კედელი, ქალაქ ზალცბურგის ხედი, შენბრუნის სასახლე;
  2. ბელგია - ბრიუსელის სამეფო სასახლე, ბრიუსელის კოშკი;
  3. კვიპროსი - სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, - რომელიც აჩვენებს, რომ ვენერა კვიპროსის კუნძულზე ეშვება;
  4. უნგრეთი - უნგრეთის პარლამენტის სასახლე;
  5. ირლანდია - ბუნრატის ციხე-კოშკი;
  6. იტალია - კოლიზეუმი და ცის სასახლე;
  7. ლატვია - რიგის სატელევიზიო ანძა, ცესისის ციხე-კოშკი, ნიკოლოზის ტაძარი (რუსული ტაძარი, თუმცა ლატვიაში, ქალაქ ლიეპაიაში);
  8. ესპანეთი - ესკორიალი.

ესპანეთში ჩინეთის საელჩოს საიტი
ესპანეთში ჩინეთის საელჩოს საიტი

მეზობლებთან რა ხდება?

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ჩინეთის საელჩოების ვებსაიტებზე გამოსახულია:

თურქეთში ჩინეთის საელჩოს საიტი
თურქეთში ჩინეთის საელჩოს საიტი

სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, რომელთა შორის სავაჭრო ურთიერთობები რამდენიმე წელია, სტაბილურად იზრდება, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს.

ამის გათვალისწინებით, რადიო თავისუფლება დაინტერესდა საიტის ილუსტრაციებზე ჩინეთის საელჩოს განმარტებით.

საელჩოს ვკითხეთ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სიმძიმის, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთის სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოებისადმი საქართველოს მოსახლეობის მძლავრი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაძლიერებული ურთიერთობების გათვალისწინებით, რამდენად შესაფერისად მიიჩნევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო მსგავსი ილუსტრაციის ქონას საკუთარ ვებსაიტზე.

ვკითხეთ ისიც, ხომ არ არის ეს დაკავშირებული რაიმე ტექნიკურ ხარვეზთან ან შეცდომასთან, - რადგან ერთ-ერთი ფოტო, რომლის გეოლოკაციაც მოვახდინეთ, ამერიკული „ჯორჯიიდან“ არის და არა საქართველოდან.

საელჩოსგან პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე ავსახავთ.

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სი ძინპინი. 2023 წლის ივლისი.
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სი ძინპინი. 2023 წლის ივლისი.

ნიშნავს ეს რამეს?

გიორგი მელაშვილი, შორეული აღმოსავლეთის სპეციალისტი და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს უხერხულობა, რაც საელჩოს ვებსაიტზე გამოჩნდა, ანარეკლია ჩინეთის დამოკიდებულებისა საქართველოს მიმართ, რასაც საქართველოს რუსეთის ფედერაციისეული აღქმა განაპირობებს.

„ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა ძალიან აქტიური და ინტენსიური იყო კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩინეთის და რუსეთის პროპაგანდა იმეორებდა ერთსა და იმავე ნარატივს, თითქოსდა აშშ-ს გარკვეულ ქვეყნებში აქვს ბიოლაბორატორიები. ეს ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო იმისა, რამდენად კოორდინირებულად მუშაობდა ჩინური და რუსული პროპაგანდა“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

მსგავსი ნარატივები სხვა სფეროებშიც იკვეთება.

ორი დღის წინ, 2024 წლის 20 აპრილს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სათაურად „შეერთებული შტატების უცხოური დახმარების ფარისევლობა და ფაქტები“.

პუბლიკაციაში მეორდება რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული გზავნილი ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით.

„შეერთებულ შტატებს არაერთხელ უცდია, შეეცვალა სხვა ქვეყნები და მსოფლიოში წესრიგი საკუთარი ღირებულებებისა და პოლიტიკური სისტემისათვის მოერგო; ამ მიზნით იგი ხელს უწყობდა ე.წ. დემოკრატიას არაერთ ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა ჯგუფების, პროფესიული ასოციაციების, შრომითი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების საფარველქვეშ, რითაც აძლიერებდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და პროამერიკულ ძალებს, ხოლო ლეგიტიმურ რეჟიმებს ძირს უთხრიდა“.

„არაბული გაზაფხულის, საქართველოში ვარდების რევოლუციის, უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციისა და ყირგიზეთში ტიტების რევოლუციის უკან შეერთებული შტატები იდგა, იგი აფინანსებდა, აღვივებდა და პირდაპირი გზითაც კი ერეოდა“, - წერს ჩინეთის საელჩო.

2003 წლის 22 ნოემბერი, საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში.
2003 წლის 22 ნოემბერი, საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში.

გიორგი მელაშვილის თქმით, გარდა პროპაგანდისტულ გზავნილებში რუსეთისა და ჩინეთის თანხვედრისა, ორი ქვეყანა არაერთ საკითხზე თანამშრომლობს, მათ შორის - გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ეს ურთიერთქმედება განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მხარს არ უჭერს, ლატენტური მხარდაჭერა მკვეთრია და მათ შორის ჩინეთის და რუსეთის პოზიციები ამ კონფლიქტთან დაკავშირებით საკმაოდ ახლომდებარეა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი რევიზიონისტული ძალა ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობს ერთმანეთთან როგორც პოლიტიკური, ისე პროპაგანდისტული თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩინეთის პოზიციონირება დიდწილად ეფუძნება იდეას, რომ საქართველო არის რუსეთთან დაახლოებული ქვეყანა, - რეალურად, რუსეთის უკანა ეზო, - და ნებისმიერი ქმედებები უნდა იყოს შეთანხმებული არა საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებასთან, საქართველოს მთავრობასთან, არამედ მოსკოვის გავლით“, - ამბობს ანალიტიკოსი.

XS
SM
MD
LG