რუსეთიდან დაბრუნებულმა ალან გაგლოევმა გასული კვირის შაბათს ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენა" ცალმხრივად იწყება. გაგლოევმა ჟურნალისტებთან, ვლადიმირ პუტინთან ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მან ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის დასკვნასაც შეეხო.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს და ხვალ არა, მაგრამ მოვა დრო, როცა საჭირო იქნება დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, ზუსტად ისევე, როგორც სახელმწიფო საზღვარი დავადგინეთ რუსეთის ფედერაციასთან“, - თქვა გაგლოევმა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე გარი მულდაროვმა ფეისბუკში 22 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბუთები დე ფაქტო პრეზიდენტს გაუგზავნა.
„ამჟამად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიამ მასზე დაკისრებული ამოცანა შეასრულა, სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენის თაობაზე. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს N2 დეკრეტით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, რომელიც დათარიღებულია 1922 წლის 20 აპრილით. საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც დეკრეტის შესრულებას ეხება, შედგენილია სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში და ასევე შედგენილია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რუკა-გეგმის პროექტი“, - დაწერა მულდაროვმა.
ალან გაგლოევმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ახლა საჭიროა სპეციალისტების მოძებნა, რომლებიც კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტების საფუძველზე მოამზადებენ რუკას. გაგლოევმა აღიარა, რომ ამჟამად საქართველოსთან არანაირი ე.წ. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს და ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ ახლა იწყება.
მაშ რა დარღვევისთვის აკავებენ და ასამართლებენ ათობით საქართველოს მოქალაქეს? რისთვის სვამენ მათ ცხინვალის ციხეში? ვითარების აბსურდულობაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის კოდექსით, თითქოს რუსეთის საზღვრის დარღვევისთვის სჯიან. ამაზე გაგლოევი არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ თუ ოდესმე საქართველოსთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება, სამხრეთი ოსეთი ამ დოკუმენტებით მომზადებული უნდა დახვდეს. დე ფაქტო პრეზიდენტი აღიარებს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია.
როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ისე დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს არაერთხელ შესთავაზა ჩართულიყო ე.წ. საზღვრის დემარკაციის ერთობლივი კომისიის შექმნაში. ბოლო თვეებში ამ მიმართულებით კრემლის გააქტიურება თვალში საცემია. მაგალითად, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანა - უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ამიერკავკასიის რეგიონში, რაც მოსკოვის ხედვით, "საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით“ უნდა მოხერხდეს, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით.
ცხინვალში მიმდინარე დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ, დემარკაციის პროცესი მათ 1922 წელს შექმნილ და 1990 წელს გაუქმებულ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ დეკრეტსა და დეკლარაციებთან შესაბამისობაში წარმოუდგენიათ.
ამჟამად ყველაზე რთულ მონაკვეთად მიიჩნევა ჩორჩანა-წნელისის საზღვარზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ტერიტორია. საგუშაგოს გამო დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ოკუპირებული ახალგორი მთლიანად იზოლაციაში მოაქცია.
ცხინვალი ამ დრომდე მოითხოვს ჩორჩანიდან საგუშაგოს გატანას, და ამის დასტურად სწორედ 1922 წლის დეკრეტი მოჰყავს, თუმცა სხვა რუკებით, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის 80-იანი წლების რუკებით, ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულია. სწორედ ჩორჩანა-წნელისის კრიზისის პერიოდში გააქტიურდა ე.წ. დემარკაციის კომისია ცხინვალში. ოპოზიცია კი მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტს ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებდა.
ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევთან წინასაარჩევნო დებატებისას განაცხადა, რომ წნელისის სანაცვლოდ სხვა ოსურ სოფლებს არ დათმობდა. როგორც მისივე ნათქვამიდან ირკვევა, 1922 წლის დეკრეტით, ამჟამად ოკუპირებული სოფლები გუჯაბაური, ზემო არცევი (სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული) და ორჭოსანი, მაშინ ოლქში არ შედიოდა. 1922 წლის დეკრეტის შემდეგ შექმნილ სამხრეთ ოსეთის ოლქის პირველ რუკაზეც ეს სოფლები გორის რაიონს ეკუთვნის.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დემარკაციის კომისიის გადაწყვეტილებაზე კომენტარი სთხოვა, თუმცა უწყებაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ.
23 მარტს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას პარლამენტიდან გამოეხმაურა.
„არ არსებობს არავითარი საზღვრები, არსებობს ერთადერთი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - ჩვენთვის მთავარია ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დემარკაციასთან დაკავშირებული შეთავაზება მოსკოვმა ჟენევაში, 2021 წლის 12-13 ოქტომბრის რაუნდზე გაახმაურა, ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მოჰყვა.
„სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა“, - წერია განცხადების ტექსტში.
საქართველოში საზოგადოების, ოპოზიციისა და მესამე სექტორის გააქტიურების ფონზე, რასაც „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტის ჯერ მიღება და შემდეგ ჩაგდება მოჰყვა, ამას კი რუსეთის უარყოფითი რეაქციაც დაემატა, ცხინვალმა აქტიურობა დაიწყო საოკუპაციო გამყოფ ხაზზე. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, და რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ახალ ბერკეტს აამოქმედებს.
„ამ კომისიის დასკვნას შეიძლება ახალი ტერიტორიული პრეტენზიები მოჰყვეს და დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს. ეს უნდა განვიხილოთ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტად. დე ფაქტო კომისია ეყრდნობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ დეკრეტს, სადაც ოლქის საზღვრები მოცემულია მხოლოდ ტექსტობრივი ფორმით და ამის მიხედვით ზუსტი კარტოგრაფიული საზღვრების გავლება შეუძლებელია. მეორე ისაა, რომ ოლქი საქართველოს შიდა ტერიტორიაზე შეიქმნა და შიდა ტერიტორიულ საზღვრებად არის მონიშნული და არ არსებობს არანაირი მინიშნებაც კი იმაზე, რომ წარსულში ან მომავალში ეს შეიძლება იყოს ცალკე სახელმწიფოს საზღვრების დადგენის საფუძველი“, - განაცხადა ბენდიანიშვილმა.
ამჟამად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების ინსტალაციით, რუსეთის ეფესბეს სასაზღვრო სამსახური და დე ფაქტო რესპუბლიკის კაგებეს ე.წ. სასაზღვრო დეპარტამენტი არიან დაკავებული. ამ ღობეებს და მავთულხლართებს ისინი რუსეთის გენშტაბის 80-იანი წლების რუკების მიხედვით ამონტაჟებენ. ახლა კი, დე ფაქტო კომისიის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაცია ცალმხრივად 1922 წლის დეკრეტის საფუძველზე უნდა მოხდეს, არ არსებობს ახალი რუკა და არც არავინ იცის როდის იქნება, ამიტომ, გარდა იმისა, რომ არანაირი სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ამ ქმედებებს არ გააჩნია, ოსური კანონების მიხედვითაც კი სრული იურიდიული აბსურდი იქმნება.