Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექმნის თუ არა კრემლი დაძაბულობის ახალ კერას ცხინვალის რეგიონში?


რუსეთის ე.წ. საელჩო ცხინვალში. 27 იანვარი, 2023.
რუსეთის ე.წ. საელჩო ცხინვალში. 27 იანვარი, 2023.

შეიქმნება თუ არა დაძაბულობის ახალი კერა ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან?  წამოაყენებს თუ არა ცხინვალი ახალ "ტერიტორიულ პრეტენზიებს"? - ამ საკითხებზე მსჯელობა ექსპერტულ წრეებში ცხინვალიდან გავრცელებულ ახალ ინფორმაციას მოჰყვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თავმჯდომარემ გარი მულდაროვმა სოციალურ ქსელებში 22 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბუთები დე ფაქტო პრეზიდენტს გაუგზავნა.

„ამჟამად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიამ მასზე დაკისრებული ამოცანა შეასრულა, სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენის თაობაზე. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს No2 დეკრეტით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, რომელიც დათარიღებულია 1922 წლის 20 აპრილით. საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც დეკრეტის შესრულებას ეხება, შედგენილია სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში და ასევე შედგენილია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რუკა-გეგმის პროექტი“, - წერს მულდაროვი.

ეს დოკუმენტები, როგორც მულდაროვმა განაცხადა, 2023 წლის 2 მარტს დაამტკიცა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ“ და სათანადო რეაგირებისთვის გადაუგზავნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს.

საოკუპაციო გამყოფი ზოლი.
საოკუპაციო გამყოფი ზოლი.

როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ისე დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს არაერთხელ შესთავაზა ჩართულიყო ე.წ. საზღვრის დემარკაციის ერთობლივი კომისიის შექმნაში.

22 მარტის საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც გავრცელდა, რომელიც ცხინვალში გააქტიურებული კომისიის გადაწყვეტილებას შემთხვევით არ ემთხვევა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია აცნობა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება.

რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რასაც მოჰყვება დემარკაცია...
რუსეთის საგარეო უწყება

რუსული მედიის ცნობით, პოზიცია შეეხება მოლაპარაკებების ფორმატის მრავალთვიანი შეფერხების მიუღებლობას. უწყების აზრით, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც „მოსკოვი ხედავს საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით“, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ.

დემარკაციის საკითხი რუსეთის მხარეს ჟენევაში სხვა დროსაც არაერთხელ წამოუყენებია, თუმცა ამჯერად, უკანონო საზღვრების დემარკაციის პროცესში, როგორც ჩანს, მთავარი როლის შესრულებას გეგმავს და მის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს ამ პროცესში მხოლოდ მხარდამჭერებად მოიხსენიებს.

„რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი საქართველოსა და აფხაზეთსა და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რასაც მოჰყვება დემარკაცია. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 54-ე რაუნდის შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. სოხუმი და ცხინვალი, მოსკოვის მხარდაჭერით, განსაკუთრებით - 2008 წლის ომის შემდეგ, სხვადასხვა ინტენსივობით ცდილობდნენ საქართველოსთან დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხის წინ წაწევას.

არ არსებობს არავითარი საზღვრები, არსებობს ერთადერთი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის...
ირაკლი კობახიძე

ცხინვალში მიმდინარე დისკუსიებით თუ ვიმსჯელებთ, დემარკაციის პროცესი მათ 1922 წელს შექმნილ და 1990 წელს გაუქმებულ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ დეკრეტსა და დეკლარაციებთან შესაბამისობაში წარმოუდგენიათ. ამჟამად ყველაზე რთულ მონაკვეთად მიიჩნევა ჩორჩანა-წნელისის საზღვარზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ტერიტორია. საგუშაგოს გამო დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ოკუპირებული ახალგორი მთლიანად იზოლაციაში მოაქცია. ცხინვალი ამ დრომდე მოითხოვს ჩორჩანიდან საგუშაგოს გატანას, და ამის დასტურად სწორედ 1922 წლის დეკრეტი მოჰყავს, თუმცა სხვა რუკებით ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულია. სწორედ ჩორჩანა-წნელისის კრიზისის პერიოდში გააქტიურდა ე.წ. დემარკაციის კომისია ცხინვალში. ოპოზიცია კი მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტს ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებდა. ბიბილოვმა მაშინ კომისიის მუშაობა შეაჩერა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევთან წინასაარჩევნო დებატებისას კი განაცხადა, რომ წნელისის სანაცვლოდ სხვა ოსურ სოფლებს არ დათმობდა. როგორც მისივე ნათქვამიდან ირკვევა, 1922 წლის დეკრეტით, ამჟამად ოკუპირებული სოფლები გუჯაბაური, ზემო არცევი (სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული) და ორჭოსანი, მაშინ ოლქის ტერიტორიაზე არ შედიოდა. 1922 წლის დეკრეტის შემდეგ შექმნილ სამხრეთ ოსეთის ოლქის პირველ რუკაზეც ეს სოფლები გორის რაიონში შედის.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დემარკაციის კომისიის გადაწყვეტილებაზე კომენტარი სთხოვა, თუმცა უწყებაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

23 მარტს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას პარლამენტიდან გამოეხმაურა.

„არ არსებობს არავითარი საზღვრები, არსებობს ერთადერთი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის - ჩვენთვის მთავარია ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არ გადაიხედება.

იურიდიულად ეს დოკუმენტი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ 1922 წელს ბოლშევიკების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის დეკრეტს ეყრდნობა, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო და საქართველოში მისი მარიონეტული ხელისუფლება წარმოადგენდა...
სოსო ვახტანგაშვილი

„ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, არაღიარების პოლიტიკას და ამ პოლიტიკაში საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ეფექტური და იქნება ეფექტური, ეს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არ გადაიხედება. ჩვენთვის მთავარია ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი პოლიტიკის თანმიმდევრულობა, გპირდებით, ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

დემარკაციასთან დაკავშირებული შეთავაზება მოსკოვმა ჟენევაში, 2021 წლის 12-13 ოქტომბრის რაუნდზე გაახმაურა, ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მოჰყვა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ:

სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე .. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა“.

ექსპერტები დე ფაქტო კომისიის ამჟამინდელ გააქტიურებაში ერთგვარ საფრთხეს მაინც ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი არა გააჩნია. ცხინვალელი ისტორიკოსი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოში მიღებული დეკრეტი სამხრეთ ოსეთის შექმნის შესახებ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონოა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები მეტი სიფრთხილისა და დაკვირვების საფუძველს იძლევა.

„იურიდიულად ეს დოკუმენტი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ 1922 წელს ბოლშევიკების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის დეკრეტს ეყრდნობა, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო და საქართველოში მისი მარიონეტული ხელისუფლება წარმოადგენდა. ამ დროს კანონიერი ხელისუფლება იმყოფებოდა ემიგრაციაში. ამიტომ თავად სამხრეთ ოსეთის ოლქის დეკრეტიც უკანონო იყო, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. შემდგომში უკვე ზვიად გამსახურდიას მთავრობამ აღადგინა დამოუკიდებლობა საქართველოს რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არც იმ კონსტიტუციაში ყოფილა გათვალისწინებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ასე რომ, ცხინვალში ამ კომისიის მუშაობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, მაგრამ საინტერესოა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც თან ახლავს ცხინვალში შექმნილ ვითარებას. მაგალითად, წნელისი-ჩორჩანის საკითხი ახლაც სადავოა და დიდი აგრესიის წყაროა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღებით ვიყოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.

საქართველოში საზოგადოების, ოპოზიციისა და მესამე სექტორის გააქტიურების ფონზე, რასაც „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტის ჯერ მიღება და შემდეგ ჩაგდება მოჰყვა, ამას კი რუსეთის უარყოფითი რეაქციაც დაემატა, ცხინვალმა აქტიურობა დაიწყო საოკუპაციო გამყოფ ხაზზე. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, და რუსეთი საქართველოზე ზეწოლის ახალ ბერკეტს აამოქმედებს.

ოკუპანტები სოფელ ატოცთან. 7 ნოემბერი, 2018 წ.
ოკუპანტები სოფელ ატოცთან. 7 ნოემბერი, 2018 წ.

„ამ კომისიის დასკვნას შეიძლება ახალი ტერიტორიული პრეტენზიები მოჰყვეს და დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს. ეს უნდა განვიხილოთ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგ ინსტრუმენტად. დე ფაქტო კომისია ეყრდნობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ დეკრეტს, სადაც ოლქის საზღვრები მოცემულია მხოლოდ ტექსტობრივი ფორმით და ამის მიხედვით ზუსტი კარტოგრაფიული საზღვრების გავლება შეუძლებელია. მეორე ისაა, რომ ოლქი საქართველოს შიდა ტერიტორიაზე შეიქმნა და შიდა ტერიტორიულ საზღვრებად არის მონიშნული და არ არსებობს არანაირი მინიშნებაც კი იმაზე, რომ წარსულში ან მომავალში ეს შეიძლება იყოს ცალკე სახელმწიფოს საზღვრების დადგენის საფუძველი“.

ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჯერჯერობით დაძაბულობა არ შეინიშნება, თუმცა ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მავთულხლართებისა და ღობეების გასწვრივ ე.წ. მესაზღვრეების პატრული იმაზე ხშირად ჩნდება, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

XS
SM
MD
LG