Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევი პუტინს მოსკოვში შეხვდა - რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალში დაპატიჟეს


მოსკოვი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
მოსკოვი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

16 მარტს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ისინი ერთმანეთს თებერვლის ბოლოს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მაშინ ალან გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრა ამის გამო გადაიდო.

ეს არის გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. გაგლოევმა დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა გასული წლის მაისში ანატოლი ბიბილოვის დამარცხების შემდეგ დაიკავა. პუტინი მაშინ მხოლოდ მილოცვით შემოიფარგლა. თითქმის 10 თვის განმავლობაში ის გაგლოევს არ ხვდებოდა.

პუტინი გაგლოევს შეჰპირდა, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყველა შესაძლო მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

„მე არ დავახასიათებ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს - აქ კომენტარი ზედმეტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება. მაგალითად, ტვირთბრუნვა გასულ წელს 12 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. ვითარდება საინვესტიციო პროგრამა, ვითარდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური და საკრედიტო პროგრამა. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო ბაზა. შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა დამყარებული“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გაგლოევთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, გაგლოევმა რუსეთს სამხრეთ ოსეთის მთავარი მოკავშირე უწოდა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაა. გაგლოევის თქმით, ოსი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთის ხელმძღვანელობის, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

„ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე რთულ დროს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის გვერდში გვედგა. მხარს გვიჭერს და ამ დრომდე შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, როცა სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ დროული და სწორი გადაწყვეტილების შემდეგ აგრესორი გაჩერდა. ჩვენ მხოლოდ მადლობის სიტყვებს არ ვამბობთ და ვალს საქმით ვიხდით - სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოსი მებრძოლები, რუს ძმებთან ერთად, ჩვენს საერთო ისტორიას, ღირებულებებს და რწმენას იცავენ. უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველა გამარჯვებაში დარწმუნებული მიდის. ბევრი მათგანი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც არის დაჯილდოებული. წელს ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრად", - უთხრა გაგლოევმა ვლადიმირ პუტინს.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნა აღიარებული. 2008 წლის 9 სექტემბერს დამყარდა ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები, 2008 წლის 17 სექტემბერს ხელი მოეწერა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას. 2009 წლის 27 აპრილს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩო გაიხსნა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს 30 ათასზე მეტი მოქალაქე დევნილად იქცა. გადაწვეს ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები. რუსეთის ავიაცია ბომბავდა საქართველოს ქალაქებს, დაბომბვებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ომის დასრულება შესაძლებელი გახდა მედვედევ-სარკოზი-სააკაშვილის 12 აგვისტოს შეთანხმებით, რომლის მიხედვით, რუსეთის არმია 7 აგვისტომდელ მდგომარეობას უნდა დაჰბრუნებოდა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა შესულიყვნენ, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ამ შეთანხმებას არ ასრულებს. ამ დრომდე რეგიონში გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, საოკუპაციო ძალა აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს.

XS
SM
MD
LG