Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ პოლიტიკით ევროკავშირში ვერ შეხვალთ“ - ბუნდესტაგის დელეგაციის გზავნილი


გერმანელი დეპუტატების დელეგაცია, მარცხნიდან: ულრიხ ლეხტე, დებორა დიურინგი, ნილს შმიდი და იურგენ ჰარდტი, თბილისი, 2024 წლის 6 სექტემბერი
გერმანელი დეპუტატების დელეგაცია, მარცხნიდან: ულრიხ ლეხტე, დებორა დიურინგი, ნილს შმიდი და იურგენ ჰარდტი, თბილისი, 2024 წლის 6 სექტემბერი

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სანამ არ გაუქმდება „აგენტების კანონი“ და არ შესრულდება ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია - ეს არის გერმანიის სამთავრობო კოალიციისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დელეგაციის მთავარი გზავნილი.

6 სექტემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოში, პრესკონფერენცია გამართა ოთხმა გერმანელმა პარლამენტარმა, რომლებიც გერმანიის ოთხ მთავარ პარტიას წარმოადგენენ.

წინასაარჩევნოდ ჩამოსულმა იურგენ ჰარდტმა (ქრისტიან-დემოკრატები), ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატები), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატები) და დებორა დიურინგმა (მწვანეები) საქართველოში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

ოთხივე პოლიტიკოსი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, ამავდროულად, თითოეული მათგანი თავისი პარტიის საგარეო პოლიტიკის სპიკერია.

უნიკალური შემთხვევა

გერმანელმა პარლამენტარებმა თავიანთი ქვეყნის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპს არ უღალატეს - ოთხივე პოლიტიკოსი ზუსტად პირველ საათზე, დათქმულ დროს შემოვიდა გერმანიის საელჩოს პრესკონფერენციების ოთახში.

პირველი სიტყვა სოციალ-დემოკრატების, ბუნდესტაგის ყველაზე დიდი ფრაქციისა და კანცლერ ოლაფ შოლცის პარტიის წარმომადგენელს, ნილს შმიდს ერგო.

„საკმაოდ უნიკალური შემთხვევაა, როცა ოთხივე ჩვენგანი ერთადაა საგარეო ვიზიტზე“, - თქვა ნილს შმიდმა.

ნილს შმიდი
ნილს შმიდი

სოციალ-დემოკრატ პოლიტიკოსს მხედველობაში ჰქონდა, რომ საქართველოში ერთობლივად ჩამოსვლა გადაწყვიტეს როგორც ამჟამინდელი მმართველი კოალიციის სამივე პარტიის, ისე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა.

ნილს შმიდის თქმით, ბუნდესტაგის ამჟამინდელ მოწვევაში ეს მეორე მსგავსი შემთხვევა იყო - აქამდე გერმანიის ოთხი მთავარი პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი ვიზიტი მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამართა.

„რატომ? იმიტომ რომ ძალიან ვწუხვართ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ევროპულ მომავალზე“, - თქვა ნილს შმიდმა.

ორი გზავნილი

გერმანელი პარლამენტარების დელეგაციას ორი მთავარი გზავნილი ჰქონდა. პირველი - ისინი ელოდებიან, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „სამართლიან და თავისუფალ“ გარემოში ჩაივლის.

მეორე - გერმანელი პარლამენტარების თანახმად, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

„ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკით, საქართველოს შანსი არ აქვს, ევროკავშირის წევრი გახდეს“, - თქვა ნილს შმიდმა და დასძინა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ბუნდესტაგი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს:

„ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ეს სამი პარტია, სამთავრობო კოალიციის პარტიები და მთავარი ოპოზიციური პარტია, წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის დიდ უმრავლესობას.

შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით, საქართველო ვერ მოიპოვებს გერმანიის ბუნდესტაგის თანხმობას ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების გახსნაზე“.

მეათე რეკომენდაცია - „გაიწვიეთ კანონი“

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობების აღსადგენად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად?

გერმანელი პარლამენტარების თანახმად, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს წინსვლა ამ ეტაპზე არა პოლიტიკური, არამედ წმინდად ტექნიკური საკითხია - გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯია, საქართველომ უნდა შეასრულოს ცხრა რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ გასცა გასულ წელს.

ახლა კი, გერმანელი პოლიტიკოსების თანახმად, საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს - „აგენტების კანონის“ უკან გაწვევა.

„საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ჩამორჩენილია. ნათლად რომ განვმარტო, უცხოეთის აგენტების კანონით, საქართველო ვერ შეძლებს, ევროკავშირს შეუერთდეს. ეს უბრალოდ განხილვასაც არ ექვემდებარება“, - თქვა პრესკონფერენციაზე დებორა დიურინგმა, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა.

დებორა დიურინგი
დებორა დიურინგი

„მწვანეები“ გერმანიის სამპარტიული სამთავრობო კოალიციის წევრები არიან - სწორედ ამ პარტიას წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

„გერმანიის პარლამენტი, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების გახსნას, სანამ [„აგენტების“] კანონი, ისევე როგორც პირადი თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონები, უკან არ იქნება გაწვეული“.

ნილს შმიდმა აღნიშნა, რომ „აგენტების კანონი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მეცხრე რეკომენდაციას სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ.

ჩვენთვის არავის ეცალა

გერმანელი პარლამენტარების დელეგაცია უკვე მეორე დღეა, საქართველოშია. ისინი შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძეს.

დელეგაციის წარმომადგენლების თანახმად, მათ მთავრობის მაღალჩინოსნებთან უნდოდათ შეხვედრა, რაზეც უარი მიიღეს.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანელებს იმიტომ არ შეხვდა, რომ ქუთაისში იყო წასული.

„წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და საკუთარ მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას“, - თქვა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ.

სამხარაძეს ისიც ჰკითხეს, თუ რატომ ვერ შეხვდა გერმანელ პოლიტიკოსებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თუმცა ამასთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ულრიხ ლეხტეს თანახმად, ქართველი მაღალჩინოსნები რამდენიმე კვირით ადრე გააფრთხილეს დელეგაციის ვიზიტის შესახებ.

„ეს ჩვენთვის სიახლე იყო, რომ არაა შესაძლებლობა, ველაპარაკოთ საქართველოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს მაინც, როცა ასეთი მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის“.

ულრიხ ლეხტე
ულრიხ ლეხტე

„მოთხოვნა იყო მაღალ დონეზე, შემდეგ ვითხოვეთ მეორე დონეზე და შემდეგ მესამეზე, მაგრამ ჩვენთვის არავის ეცალა, ჩვენი დელეგაციის განრიგი კი კვირებით ადრე იყო გამოცხადებული“, - თქვა ულრიხ ლეხტემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გერმანელ კოლეგებს უსაყვედურა კიდეც:

„დიპლომატიურად რომ ვთქვათ, როგორღაც შემაწუხებელია, როცა მაღალჩინოსნებმა არ მიგიღეს და შემდეგ „ქართული ოცნების“ პარლამენტარი გეუბნება, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ, რა გააკეთეს მათ ქვეყნისთვის“.

ულრიხ ლეტხეს არ დაუსახელებია, მმართველი პარტიის რომელი წევრი იგულისხმა.

მოგვიანებით, გერმანელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ნათქვამ უარზე ირაკლი კობახიძემ თავად ილაპარაკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, ბუნდესტაგის დეპუტატებთან მისი შეხვედრა „არ არის მიზანშეწონილი“.

მისი თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი კი ისაა, რომ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როტი, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციას დაესწრო.

14 მაისს მიხაელ როტმა პარლამენტთან მიმართა აქციის მონაწილეებს. დღეს კი ირაკლი კობახიძემ გერმანელი პოლიტიკოსი დაადანაშაულა, რომ ის „რევოლუციურ მცდელობაში იყო ჩართული“.

გერმანელი პოლიტიკოსების დღევანდელ პრესკონფერენციაზე სწორედ მიხაელ როტის პოლიტიკურ აქტივობას ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვები.

„საქართველოდან ჩამოსული პოლიტიკოსი რომ შემოუერთდეს გერმანიაში ოპოზიციის დაანონსებულ აქციებს, როგორი რეაქცია გექნებოდათ?“, - ჰკითხა გერმანელ პოლიტიკოსებს „იმედის“ ჟურნალისტმა.

„არც არაფერი მოხდებოდა, - უპასუხა მას ნილს შმიდმა უყოყმანოდ, - ყველა თავისუფალია თავისი აზრის გამოხატვაში“.

მიხაელ როტი დაიცვა სამთავრობო კოალიციის სხვა პარტიის წარმომადგენელმა, ულრიხ ლეხტემაც:

„ის [მიხაელ როტი] ეწინააღმდეგება იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ არა საქართველოს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც სურს, ყველანი ევროკავშირში იყოთ და გვქონდეს ევროპა, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებაში იცხოვრებს“.

2023 წლის ნოემბერში, როცა ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაცემაზე, მას თან დაურთო ცხრა დათქმა. მათი შესრულება საქართველოს მართებს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რაც შესვლის მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.

ეს დათქმები მოიცავს პუნქტებს საქართველოში კანონის უზენაესობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების დაცვის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG