Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველომ და ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნონ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მიაღწიეს" - ინტერვიუ გერმანელ დეპუტატთან


კნუტ აბრაჰამი
კნუტ აბრაჰამი

საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია - წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება, ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი.

ის 2-3 სექტემბერს გამართული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

2024 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს - ბევრი ფიქრობს, რომ ქვეყანა გზაჯვარედინზეა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ათი დღის შემდეგ ჩატარდება, დანარჩენ მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. მათ შორის, ევროპაშიც. ამავდროულად, უკრაინაში მიმდინარე ომს ბოლო არ უჩანს.

საქართველოზე, უკრაინასა და გერმანიაზე კნუტ აბრაჰამს - გერმანელ პოლიტიკოსსა და დიპლომატს, ანტონ კოკაია ესაუბრა.

კნუტ აბრაჰამი 2021 წლიდან ბუნდესტაგის წევრია ოპოზიციური "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან", იქამდე კი 20 წელზე მეტი გაატარა გერმანიის დიპლომატიურ სამსახურში. ამჟამინდელი მთავრობის არაპოპულარობის ფონზე, ქრისტიან-დემოკრატები გამოკითხვებში ლიდერობენ და 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგების კარგი შანსი აქვთ.

რადიო თავისუფლება: ინტერვიუმდე როცა ვსაუბრობდით, ახსენეთ, რომ საქართველოში პირველად არ ხართ. პირველი ეს მინდა გკითხოთ - წლებია აქ ჩამოდიხართ, მარტო წელს მეორედ ხართ აქ, როგორ იცვლება ეს ქვეყანა? რა არის ამჯერად განსხვავებული?

კნუტ აბრაჰამი: ვიტყოდი, რომ აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა რომ ვიხსენებ, 10 ან 15 წლის წინ მთავარი შეკითხვა ის იყო, არის თუ არა საქართველო ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ამ შეკითხვას ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად, გეოპოლიტიკურად უპასუხეს, რომ კი, ასეა, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

რადიო თავისუფლების ინტერვიუ კნუტ აბრაჰამთან
რადიო თავისუფლების ინტერვიუ კნუტ აბრაჰამთან

ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან რეალური პოლიტიკური ნებაა საჭირო იმის დასანახად, რომ შავი ზღვის აქეთ მხარესაც ევროპაა. ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საპარლამენტო არჩევნების წინ და რასაც ჩვენ ვშვრებით, რისთვისაც კარგია ის კონფერენცია, რომელსაც ვესწრები, ისაა, რომ შევინარჩუნოთ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მივაღწიეთ და საფრთხე არ შევუქმნათ ამას.

რ.თ.: საქართველოშიც და მის გარეთაც ბევრს მიაჩნია, რომ ოქტომბერში გასამართი არჩევნები გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მომავლისთვის. თქვენ რას ფიქრობთ? რას ელოდებით და როგორ შეიძლება ამ არჩევნებმა იმოქმედოს გერმანიისა და ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ?

კნუტ აბრაჰამი: პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. როგორც დემოკრატებმა, უნდა მივიღოთ ნებისმიერი შედეგი იმ პირობით, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.

საგარეო და ევროპული პოლიტიკის თვალსაზრისით კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ. რადგან გულახდილად უნდა ვთქვათ - თუ ამ პროცესში ზედმეტი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ძალიან გაძნელდება იმავეს მიღწევა. მოლაპარაკებების გახსნა და ევროკავშირის გაფართოება უდავიდარაბო საკითხი სულაც არაა. ამდენად, საქართველომ და პარტნიორებმა უნდა დააფასონ, რასაც მიაღწიეს.

რ.თ.: უფრო ფართო შეკითხვას დაგისვამთ გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ, კანცლერი ოლაფ შოლცი „დიდი შემობრუნების“ სახელით ცნობილი სიტყვით გამოვიდა. მაშინ ბევრი დაპირება გასცა, ახლა კი ამ სიტყვიდან ორ წელიწადზე მეტია გასული. რას მიაღწია გერმანიამ ამ თვალსაზრისით? შეასრულა დაპირებები გერმანიის მთავრობამ თუ ფიქრობთ, რომ მეტია გასაკეთებელი?

კნუტ აბრაჰამი: ორივე. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, უნდა ვაღიარო, რომ გერმანიის მთავრობამ დანაპირები შეასრულა, თუმცა დიდი ყოყმანით, რამაც ევროპის ამ ნაწილში გერმანიის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. საბოლოოდ, მთავრობა სწორად მოიქცა, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ამ რეგიონში ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ კი, გადაწყვეტილებები სწორი იყო, მაგრამ გარკვეულწილად, საკუთარი ნების წინააღმდეგ მიღებული. ამიტომაც რჩება ეჭვი. ამ ეჭვს ასაზრდოებს შეხედულება, რომ ერთი დიდი განსხვავებაა, თუ როგორ აღიქვამენ მთლიან სიტუაციას ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის აქაც, და გერმანიის სამთავრობო კვარტლებში. ეს ეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ ომს. პოლონელებისთვის ნათელია, რომ ომი მათ პირდაპირ ეხებათ, მაგრამ გერმანიაში ასეთი განწყობა გვაქვს, რომ კი, უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს მათი ომია. ეს დიდი განსხვავებაა. რა თქმა უნდა, წინ დიდი გზაა და ნახეთ მიმდინარე არჩევნების შედეგები ჩემს ქვეყანაში...

რ.თ.: საქსონიასა და თიურინგიაში... (საქსონიისა და თიურინგიის რეგიონულ არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა მიიღეს პარტიებმა, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინის დახმარებისადმი - რ.თ)

კნუტ აბრაჰამი: საქსონიასა და თიურინგიაში. უკრაინისადმი გერმანიის დახმარება დიდად სადავო საკითხია და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ გეზიდან არ გადავუხვიოთ.

რ.თ.: ფიქრობთ, რომ გერმანიის მთავრობა ახლა საკმარისს აკეთებს? ინტერნეტში ბევრი მემი ტრიალებს იმის შესახებ, რომ კურსკში გერმანული ტანკები დადიან. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ რუსეთი უახლოვდება საკვანძო ქალაქ პოკროვსკს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტზე. ამდენად, უკრაინისთვის ამჟამად სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ფიქრობთ, რომ გერმანია და დასავლეთი საკმარისად ეხმარებიან უკრაინას ამ ომის მოსაგებად?

კნუტ აბრაჰამი: ეს სხვა საკითხია, რადგან, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, ამ შეკითხვას დამაჯერებლად უპასუხონ. ერთი რამ ცხადია - ნაკლების გაკეთება არ შეიძლება და ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ როგორც უკრაინასთან, ისევე ნატოში ჩვენს პარტნიორებთან, სად შეუძლია გერმანიას მეტის გაკეთება. ჩვენ ვართ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი. ეს უნდა დავუფასოთ ჩვენს მთავრობას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გასაკეთებელი ბევრია და გერმანიამ ლიდერობა უნდა იკისროს, განსაკუთრებით, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცვლილებას ვიხილავთ. ეს ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ევროპისთვის და გერმანიისთვის, პასუხისმგებლობა კი მეტ დახმარებას ნიშნავს.

რ.თ.: ეს მოიცავს სამხედრო დახმარებასაც?

კნუტ აბრაჰამი: დიახ, აბსოლუტურად, აბსოლუტურად. თანაც ერთია გამოწვევა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს ახლავს. მეორეა, რომ ჩვენ გვმართებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და რეფორმა. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც პარალელურად უნდა გადავჭრათ.

რ.თ.: თქვენ ახსენეთ შესაძლო ცვლილებები ამერიკაში, მაგრამ გაისად გერმანიაშიც ჩატარდება არჩევნები. ალბათ იმიტომ იღიმით, რომ თქვენი პარტია გამოკითხვებში ლიდერობს...

კნუტ აბრაჰამი: დიახ, დიახ.

რ.თ.: რა შეიცვლება გერმანიის საგარეო პოლიტიკაში, თუ ქრისტიან-დემოკრატები, თქვენი პარტია, ხელისუფლებაში დაბრუნდება?

კნუტ აბრაჰამი: შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ევროკავშირს დავაფასებთ, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ახლანდელი მთავრობა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომლის შიგნითაც ვმოქმედებთ ყველანი.

რ.თ.: უფრო ზუსტად რას ნიშნავს ეს?

კნუტ აბრაჰამი: უფრო ზუსტად იმას ნიშნავს, რომ უნდა აღვადგინოთ და განვაახლოთ ურთიერთობები საფრანგეთთან. ფრანგულ-გერმანული ალიანსი ახლა სრულიად შეფერხებულია. გერმანიის, საფრანგეთისა და შეძლებისამებრ პოლონეთის თანამშრომლობის გარეშე, პოლიტიკური ნაბიჯების ინიციირების გარეშე, ყველანი სუსტები ვართ. ჩვენ მეტ ინვესტიციას ჩავდებთ ევროპულ კოოპერაციაში, განსაკუთრებით საფრანგეთთან, ასევე პოლონეთთან ერთად.

კნუტ აბრაჰამი და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი. ამ უკანასკნელს კარგი შანსი აქვს, გაისად გერმანიის კანცლერი გახდეს - ქრისტიან-დემოკრატები დიდი უპირატესობით ლიდერობენ გამოკითხვებში
კნუტ აბრაჰამი და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ფრიდრიხ მერცი. ამ უკანასკნელს კარგი შანსი აქვს, გაისად გერმანიის კანცლერი გახდეს - ქრისტიან-დემოკრატები დიდი უპირატესობით ლიდერობენ გამოკითხვებში

რ.თ.: ეს რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსა და უკრაინისნაირი ქვეყნებისთვის?

კნუტ აბრაჰამი: საფრანგეთთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგს იმ სფეროში მოვიმკით, რაზეც თქვენ მიუთითეთ - სამხედრო თანამშრომლობაში, ერთობლივ სამხედრო პროექტებში, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ ერთად შეგვიძლია.

რ.თ.: დიდი მადლობა, დრო რომ დაგვითმეთ. იმედია, კიდევ გნახავთ აქ!

კნუტ აბრაჰამი: რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები!

ფორუმი

XS
SM
MD
LG