თებერვლის ბოლოს გერმანია, ე.წ. დიდი შემობრუნების, Zeitenwende-ს შემდეგ კვლავ დიდ ყურადღების ცენტრში მოექცა: 26 თებერვალს, ბუნდესკანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ, საჯაროდ და ამჯერად გადაჭრით თქვა უარი უკრაინისთვის "ტაურუსის" ტიპის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე - ეს გერმანიას ომში მხარედ აქცევსო. როდესაც პოზიციას ასაბუთებდა, ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ ბრიტანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების მართვა-დამიზნებაში ეხმარებოდნენ. შოლცის ამ “გულახდილობას”, რაც უსაფრთხოების პროტოკოლის უხეში დარღვევაა, ცხადია, ბრიტანული მხარე აღფრთოვანებით არ შეხვდა. შუა კვირაში შოლცი პარიზსაც დაუპირისპირდა - საჯაროდ თქვა, რომ არ ეთანხმებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მინიშნებას, დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობაზე:. „სანამ ბუნდესკანცლერი ვარ, არცერთი გერმანელი ჯარისკაცი უკრაინაში არ გაიგზავნება“, - განაცხადა შოლცმა. მოგვიანებით, ევროპაში ბევრი გააღიზიანა მისმა კიდევ ერთმა ციტატამ: „დიპლომატები ყუმბარების ნაცვლად - აი, რას ვსკანდირებთ მოსკოვის მისამართითო“. კანცლერი ამავდროულად ხაზგასმით ამტკიცებდა - გერმანია მეორეა უკრაინის მიმართ გაწეული სამხედრო დახმარების რაოდენობით და სხვა ქვეყნებმაც, ჯობს, ბერლინს მხარი აუბანო... ამ ერთკვირიანი დაძაბულობის კულმინაცია კი კვირის ბოლოს რუსულ სამთავრობო მედიაში გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის გაჟონვა გახდა, სადაც, თითქოსდა, ბუნდესვერის წარმომადგენლები "ტაურუსების" არა მხოლოდ მიწოდებაზე, არამედ ამავე "ტაურუსებით" ყირიმის ხიდის მიზანში ამოღების ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე მსჯელობდნენ... გერმანული დიპლომატიისა და უშუალოდ ბუნდესკანცლერისთვის ამ ექსტრაორდინარული კვირის შეფასება რადიო თავისუფლებამ მარკუს ბენსმანს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გერმანელ საგამოძიებო ჟურნალისტსა და ავტორს სთხოვა.
ჩვენი კანცლერი თავს იმტვრევს: რა რეაქცია ექნება პუტინს ამაზე? ჩვენ ხომ არ გვსურს, წითელ ხაზს გადავაბიჯოთ! შოლცს არ ესმის, რომ პუტინმა უკვე გადააბიჯა წითელ ხაზს, როდესაც ეს ომი წამოიწყო.
მარკუს ბენსმანი: იმ უზარმაზარი დილემის გასააზრებლად, რომლის წინაშეც გერმანიის საგარეო პოლიტიკა დგას, უნდა გავიხსენოთ, რომ ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, სოციალ-დემოკრატები კი ის ხალხია, ვინც გერმანია რუსეთზე დამოკიდებულად აქცია. - 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია ჩამოკიდებული იყო რუსულ იაფ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენივე გაზსაცავები, გერმანიაში, რუსეთს მივყიდეთ და უარი ვთქვით თხევადი გაზის ტერმინალებზე - ანუ ჩვენვე ვთქვით უარი, ალტერნატივა გვქონოდა. 2014 წლიდან მოყოლებული, გერმანიის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც პუტინს ამ დიდი ომის წამოწყება გააბედვინა უკრაინის წინააღმდეგ, რამაც აფიქრებინა, რომ ევროპის ტერიტორიულად უდიდეს ქვეყანას ჩაყლაპავდა და ეს გაუვიდოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსებმა გერმანული ფულით ამოივსეს ჯიბეები, მეორე კი იმიტომ, რომ სჯეროდათ: გერმანია ვერ შეძლებდა, ვერ გაბედავდა დახსნოდა რუსეთს, ვერ შეძლებდა განთავისუფლებულიყო რუსულ ენერგორესურსებზე ამ დამოკიდებულებისაგან. სიმართლე რომ ითქვას, პუტინს რომ თავდაპირველი გეგმა გამოსვლოდა - მართლაც სამ-ოთხ კვირაში მოეხერხებინა უკრაინის დაპყრობა, დარწმუნებული ვარ, გერმანული პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხრებს აიჩეჩავდა და იტყოდა: ოჰ, რა ცუდია! მაგრამ რა გაეწყობა, რაც არის, ეგ არის, რეალობას უნდა შევეგუოთ. მაგრამ ასე არ მოხდა. უკრაინელებმა იბრძოლეს, პუტინს თავიანთი ქვეყნის დაპყრობის უფლება არ მისცეს და შოლცსაც მოუწია ამ ფაქტის, ასეთი რეალობის მიღება და თქმა: ოკ, დავეხმარებით უკრაინას. და მერე იყო ჯერ ჩაფხუტები, მერე ყუმბარმტყორცნები, მერე ტანკები. და ამ ყველაფერს ერთი და იგივე დებატები ახლდა თან: პუტინის პროვოცირებას უნდა მოვერიდოთ! მოვერიდოთ ესკალაციას! Სანამ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენი კანცლერი თავს იმტვრევს: რა რეაქცია ექნება პუტინს ამაზე? ჩვენ ხომ არ გვსურს, წითელ ხაზს გადავაბიჯოთ! შოლცს არ ესმის, რომ პუტინმა უკვე გადააბიჯა წითელ ხაზს, როდესაც ეს ომი წამოიწყო, წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია. ახლა შოლცის ჯერია, მან უნდა გვაჩვენოს, რომ ძალუძს ომიანობისას ქვეყნის მართვა. გერმანიამაც უნდა გაიაზროს: უკრაინას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, რომ თავს დაესხნენ, და თანაგრძნობით განმსჭვალვა და დახმარება ჩვენი მორალური ვალია, არამედ იმიტომაც, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, მერე ჩვენი რიგიც დადგება. თუ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკა მართლაც დატოვებს კონტინენტს, ჩვენ კი თავს ვერ დავიცავთ, მაშინ ევროპა, გერმანიის ჩათვლით, რუსული ბატონობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. საფრთხის წინაშე დადგება ყველა ის სიკეთეც, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ მოვიპოვეთ და რომლითაც ასე ვამაყობთ: დემოკრატია, უსაფრთხოება... სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ გერმანიის ხელმძღვანელობაში ეს გააზრებული ჰქონდეთ. ისინი ისევ იმ ნავსიან წრეზე სიარულით არიან გართულნი: რა შეიარაღება გავგზავნოთ? როდის და ხომ არ იქნება ეს პუტინის პროვოცირება? ომში მხარედ ხომ არ ჩავითვლებით?... პუტინიც ხედავს ამ ყველაფერს და სათავისოდ იყენებს. აგერ გამოვიდა და თავის ყოველწლიურ მიმართვაში თქვა: ევროპას ბირთვულ რაკეტებს დავუშენთ, თუ ნატოს ჯარები რუსულ მიწაზე აღმოჩნდებიანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა სოციალ-დემოკრატების დასაფეთებლად. მაგრამ ეს თამაშია, ჭეშმარიტად ყურადსაღები კი აი, რა იყო პუტინის გამოსვლაში - დროის 80 პროცენტზე მეტი რუსებისთვის სხვადასხვა დაპირებაზე დახარჯა. მოგცემთ ფულს სკოლების ასაშენებლად, სპორტდარბაზების ასაშენებლად, სკვერებს გაგიკეთებთო... რუსებში შობადობა უნდა გავზარდოთო და ასეთები. ჰგავს ეს იმ ადამიანის საუბარს, რომელიც ატომური არმაგედონის მოსაწყობად ემზადება? პუტინმა იცის: ერთადერთი გზა, რითაც უკრაინის დამარცხებას შეძლებს, რუსეთის ერთადერთი ძალა ევროკავშირის სისუსტეშია, გერმანიის სისუსტეში. და შოლცის სისუსტე და ყოყმანი მას მხნეობას ჰმატებს, არწმუნებს, რომ სწორ გზაზე დგას. როდესაც პუტინი ამბობს: უკრაინაში წინ მივიწევთ! წინ იმიტომ მიიწევენ, რომ უკრაინელებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, და რატომ გაუთავდათ ტყვია-წამალი? ევროპის სისუსტისა და ყოყმანის გამო. ამავდროულად, ამერიკელებს ეხვეწება: მოდით, ვილაპარაკოთ, საგნობრივად. ეშინია, ხედავს, რამდენი უჯდება ახალ-ახალი შეიარაღება და კიდევ რამდენი დაუჯდება, როდესაც ამერიკასა და ევროპაში გონს მოეგებიან, ამიტომ იხვეწება: დავილაპარაკოთ, საგნობრივად... პუტინი წნეხის ქვეშაა. ამიტომ არ გვესმის მისგან ომახიანი ფრაზები ომის შესახებ. მას არ უთქვამს: აი, დედარუსეთის დაცვის დროა, ყოფნა-არყოფნის ომში უნდა გავიმარჯვოთ. ამის ნაცვლად გვესმის: ძვირფასო მოქალაქეებო, მე მოგიგვარებთ პრობლემებს, სახლის რემონტში მოგეხმარებით, სკვერებს გაგიხსნით... ის ცდილობს, საკუთარი მოსახლეობა მოთაფლოს და მოქრთამოს, რადგან ხვდება, რომ ხალხი მის გვერდით აღარაა. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? დაფეთებული ქათმებივით ვკრიახებთ: ოოოჰ, ატომური ბომბი ახსენა! მოდით, შევეშვათ უკრაინის დახმარებას. არა, არ უნდა შევეშვათ, იმიტომ რომ, თუ შევეშვებით, რეალობად იქცევა ის, რასაც გვიქადის მედვედევი: ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.
პუტინი კომპრომისზე წავა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებ. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება.
რადიო თავისუფლება: "ტაურუსის" დილემაზე მინდა, გკითხოთ - აქაც იმავე სცენარს ვიხილავთ, როგორც შარშან "ლეოპარდებზე "ვნახეთ, როდესაც საბოლოოდ გერმანიამ მაინც გადასცა მთავარი საბრძოლო ტანკები უკრაინას? რა გვჭირდება ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად?
მარკუს ბენსმანი: გამბედაობა? სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ გამბედაობას ჩვენს მთავრობაში. თუ "ტაურუსს" არ ვაძლევთ, აღჭურვილობა მაინც მივცეთ... პუტინის ლოგიკა ასეთია: ის არასდროს წავა კომპრომისზე, თუ ხედავს, რომ იმარჯვებს, საქმე კარგად მიუდის. პუტინი კომპრომისზე წავა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებ. უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება. და თუ ეს რამე სამხედრო საიდუმლოებებთანაა დაკავშირებული, ნუ ჩამოფქვავთ მათ საჯაროდ და ნუ გააგებინებთ რუსებს! ძვირფასო ბუნდესკანცლერო, ნუ დაიწყებთ საჯაროდ კამათს მაკრონთან, რუსების დასანახად, რათა მათ იფიქრონ, რომ ევროპის კონტინენტის ორი მთავარი ძალა ერთმანეთში ვერ რიგდება. ღმერთმა უწყის, რომ ისედაც საკმარისად გვყავს პრორუსული ძალები ევროპაში - AFD და ვაგენკნეხტი ჩვენთან, ვილდერსი ნიდერლანდში და კიდევ ბევრი სხვა - ნუ წააქეზებთ მათ! მოკლედ რომ ვთქვათ, დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა უნდა ისწავლოს.
რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდა, ჩაგეძიოთ - იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც გასული კვირის განმავლობაში შეიქმნა - რომ საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. შემხვდა ასეთი ხატოვანი აღწერაც ამ ყველაფრისა: „სარეკორდო დროში დაფშვნილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დიდძალი ფაიფურიო“... ფაიფური კი, დაწებების შემთხვევაშიც, ისეთივე ძვირფასი აღარაა, როგორც დაფშვნამდე იყო... რამდენად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ევროპული ერთობის რეპუტაციას ამ კვირის განმავლობაში?
მარკუს ბენსმანი: ვიტყოდი, რომ თუ ფაიფური დაიფშვნა, ჯობია გარეთ გახვიდეთ, ახალი ფაიფურის ფინჯნები იყიდოთ, ისევ მიუსხდეთ ჩაის მაგიდას და იმსჯელოთ. დაღვრილ რძეზე წუხილს აზრი აღარ აქვს. მაგრამ უნდა გავიაზროთ, რომ დრო აღარ არის - შეიძლება თვეებიღა დაგვრჩა, და ამ დროის განმავლობაში ევროპამ საკუთარი თავი უნდა იპოვოს. თუ სისუსტეს ვაჩვენებთ, პუტინი გაიმარჯვებს. თუ პირიქით, - ვაჩვენებთ, რომ ძლიერები ვართ, მაშინ თვითონ დაიხევს უკან. მაგრამ პუტინი იცნობს გერმანიას - იცნობს წლების მანძილზე გაბატონებულ პაციფისტურ კულტურასა და მსოფლმხედველობას და ამას სათავისოდ იყენებს, გერმანელების განწყობაზე ამით თამაშობს.
გერმანიას არ აქვს დემოკრატიის დაცვის ტრადიცია, გერმანიას აქვს აგრესორად ყოფნის ტრადიცია.
რადიო თავისუფლება: პუტინის თამაში და მიზნები გასაგებია, მაგრამ გერმანია რატომ ჰყვება ამ თამაშში?
მარკუს ბენსმანი: იმიტომ რომ... იმიტომ რომ გერმანიას არ აქვს დემოკრატიის დაცვის ტრადიცია, გერმანიას აქვს აგრესორად ყოფნის ტრადიცია. და გერმანელებმა თქვეს: მორჩა, ამას აღარ დავუბრუნდებით, ვემიჯნებით ამას, აღარ გავიმეორებთ. შედეგად, დღეს გვყავს თაობები, რომლებიც ანტისამხედრო განათლების სისტემაში იზრდებოდნენ, პაციფისტური სულისკვეთებითა და მსოფლმხედველობით. მაგრამ იმან, რაც ახლა ხდება, შესაძლოა ჩვენი კონტინენტის ბედი გადაწყვიტოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია. და თუ არ დავიცავთ, დავმარცხდებით და მოგვიწევს ვიარსებოთ ამჯერად რუსული ფაშიზმის ჩრდილქვეშ. ხშირად ვიხსენებ ესპანეთის სამოქალაქო ომის მაგალითს, როდესაც საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი აიღეს რესპუბლიკის დაცვაზე. შედეგად, ჰიტლერისა და მუსოლინის ხელშეწყობით, გაიმარჯვა ფრანკომ, და ევროპის თავზე ფაშიზმის ღრუბლის კონტურებიც გამოიკვეთა. ახლაც იმავე სიტუაციაში ვართ, რუსეთის ამ ომში უკრაინის წინააღმდეგ. თუ სუსტები ან ლაჩრები აღმოვჩნდებით, თუ დავფრთხებით და უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, სწორედ ამ ფასის გადახდა მოგვიწევს.
თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები იქცევიან კრემლის ვასალებად.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს - ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა დევს სასწორზე გერმანიისთვის ამ ომში. მაგრამ თქვენ წლების განმავლობაში აშუქებდით ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, ამიტომ მინდა გკითხოთ - მათთვის რა დევს სასწორზე ამ ომში?
მარკუს ბენსმანი: ამაზე პასუხი მარტივია. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ქვეყნები დამოუკიდებლობას დაკარგავენ. შესაძლოა შეინარჩუნონ საკუთარი არჩევნები, საკუთარი მთავრობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი კრემლის ხელდასხმით მოხდება. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის ისეთი ძლევამოსილი იქნება და ევროპა ისეთი სუსტი, რომ რუსეთი შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ამ ქვეყნებს თავის ვასალ სახელმწიფოებად აქცევს, ისეთად, როგორიც დღეს ბელარუსია.