Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შვედეთი სახლში დაბრუნდა“ - რას ნიშნავს ნატოში შესვლა სტოკჰოლმისთვის, ბრიუსელისთვის, მოსკოვისთვის?


შვედი ჟურნალისტი და მწერალი, შვედეთის ომის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი პატრიკ ოკსანენი.
შვედი ჟურნალისტი და მწერალი, შვედეთის ომის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი პატრიკ ოკსანენი.

„ჩვენთან ვერ წააწყდებით დებატებს, რეალურია თუ არა რუსეთიდან მომავალი საფრთხე - ვიცით, რომ უაღრესად რეალურია, რომ ფრონტთან სხვებზე ახლოს ვართ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, - ეუბნება შვედი ჟურნალისტი და მწერალი, შვედეთის ომის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი პატრიკ ოკსანენი რადიო თავისუფლებას.

„ბევრი სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთში არ უჭირთ გააზრება, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და პუტინის რეჟიმი ჩვენთვის.“

26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის ნატოში გაწევრების შეთანხმება, რითაც სტოკჰოლმმა ნატოში გაწევრების გზაზე ბოლო ბარიერი გადალახა.

რადიო თავისუფლება: 200-წლიანი სამხედრო მიუმხრომლობის შემდეგ შვედეთი ნატოს წევრი გახდება - მოდით, განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს შვედეთისათვის, ნატოსთვის და ბოლოს, რუსეთისათვის. დავიწყოთ შვედეთით.

პატრიკ ოკსანენი: ეს ნიშნავს, რომ შვედეთი, როგორც იქნა, სახლში ბრუნდება. თუ ისტორიას გადავხედავთ, 1949 წელს შვედეთის მხრიდან ნატოში შესვლაზე თავის შეკავების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ფინეთს არ ჰქონდა ამის ფუფუნება, საბჭოთა კავშირთან „თანამშრომლობის“ ხელშეკრულებით იყო შებოჭილი. ითვლებოდა, რომ თუ შვედეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა, საპასუხოდ საბჭოთა კავშირი ფინეთში შევიდოდა, ისე, როგორც ჩეხოსლოვაკიაში გააკეთეს. ამიტომ შეიკავა სტოკჰოლმმა თავი. და როდესაც ფინეთმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა ნატოში შესვლა, შვედეთისთვის იმავეს გაკეთება უკვე უმარტივესი ლოგიკის ამბავი იყო.

რუსეთისათვის ეს სტრატეგიული მარცხია, ფიასკოა.

რადიო თავისუფლება: შვედეთი იღებს ნატოს უსაფრთხოების ქოლგას. ნატო რას იღებს შვედეთისგან?

პატრიკ ოკსანენი: ნატოსთვის ეს ნიშნავს ჩრდილოეთ ფლანგის გამაგრებას - შვედეთი იტვირთებს სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას და მისი გეოგრაფიული მდებარეობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთის - დავარქვათ მათ პოტენციურად ფრონტისპირა ქვეყნები - დაცვაში. კარგი ავიაცია, წყალქვეშა ნავები, მაღალ ტექნოლოგიებზე მორგებული სამხედრო ინდუსტრია, შედარებით პატარა, მაგრამ კარგად გამართული და მომუშავე ფლოტი, ასევე შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ არქტიკული ზამთრის პირობებში ბრძოლისთვის გაწვრთნილი, უკიდურესად კომპეტენტური არმია - აი, რას აძლევს შვედეთი ნატოს.

რადიო თავისუფლება: გადავიდეთ რუსეთზეც - რას მოასწავებს ყველაფერი ეს რუსეთისათვის?

პატრიკ ოკსანენი: რუსეთისათვის ეს სტრატეგიული მარცხია, ფიასკოა, რადგან ათწლეულების განმავლობაში მათი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო ის, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრება არ უნდა დაეშვათ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ქვეყნების ბედით თამაშს, რომ რუსებს მოუწევთ, სტრატეგიულ რუკაზე მეტი სიფრთხილით იმოქმედონ, ისე ვეღარ გარისკავენ, თავს იმდენის უფლებას ვეღარ დართავენ, რამდენსაც მისცემდნენ მაშინ, შვედეთი და ფინეთი ისევ ნატოს გარეთ რომ დარჩენილიყვნენ.

რადიო თავისუფლება: „ბალტიის ზღვა ნატოს ტბად იქცა“ - ეს ფრაზა ძალიან პოპულარულია შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებაზე საუბრისას. რა რეაქცია ექნება რუსეთს ბალტიის ზღვის „ნატოს ტბად“ ქცევაზე?

პატრიკ ოკსანენი: მე არ ვიზიარებ ამ თეზისს. ვფიქრობ, ინტელექტუალური სიზარმაცეა, სიტუაციას ასე შეხედო და არასწორი დასკვნებისკენაც მივყავართ. ის, რომ რუსეთს მოუწევს მეტი სიფრთხილით იმოქმედოს, არ ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვა ნატოს ტბაა, რომ რუსეთი ამ სტატუს-კვოს შეეგუება და არაფერს მოიმოქმედებს. რუსეთი მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება ამას, იქნება პროვოკაციები, უნდა ველოდოთ ჰიბრიდული ომის მანევრებს. ბალტიის ზღვის ნატოს ტბად მოხსენიება მხოლოდ მაშინ იქნებოდა მართებული, თუ რუსეთი ამ ზღვას დატოვებდა, რაც, თავისთავად ცხადია, არ მოხდება, ეს ფიქციის ჟანრიდანაა.

პუტინს ყური არ უნდა ვუგდოთ, რადგან პუტინი მატყუარაა და ყოველთვის იმას ამბობს, რაც იმ მომენტში აწყობს.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, თუ იქ ნატოს ინფრასტრუქტურა - ბაზები, სარაკეტო სისტემები და ა.შ. - არ განთავსდებოდა. გაითვალისწინებენ მის ამ „წუხილს“ შვედეთსა და ფინეთში? ნატოს რა ინფრასტრუქტურას უნდა ველოდოთ?

პატრიკ ოკსანენი: პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ პუტინს ყური არ უნდა ვუგდოთ, რადგან პუტინი მატყუარაა და ყოველთვის იმას ამბობს, რაც იმ მომენტში აწყობს. მეორე - ამას გადაწყვეტენ ფინეთი და შვედეთი ნატოელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის დასტურისა და კონსულტაციების გარეშე. ორივე ქვეყანამ ახლახან გააფართოვა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელშეკრულება აშშ-სთან, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, ნატოს რა ინფრასტრუქტურას უნდა ველოდოთ, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში.

რადიო თავისუფლება: 2018 წელს Foreign Policy-ში გამოქვეყნდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის წერდა, რომ უკრაინის შემდეგ პუტინი ევროპულ ქვეყანას ამოიღებდა სამიზნეში, ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრი არ იქნებოდა. ღია მინიშნებები კეთდებოდა ფინეთსა და შვედეთზე. მოგვიანებით, ინტერვიუს დროს, მან მითხრა ასეთი რამ: განა შვედეთი გარისკავს ომზე წასვლას რუსეთთან, თუ პუტინი მათ რომელიმე კუნძულს მიიტაცებს? არა, არ წავლენ ამაზე. ახლა, როდესაც შვედეთი ნატოს წევრი გახდა, ეს გათვლა ისევ ძალაშია?

პატრიკ ოსანენი: სააკაშვილი სავარაუდოდ გოტლანდს გულისხმობდა - სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კუნძულს, და გოტლანდს შვედეთი უომრად ნამდვილად არ დათმობდა, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ნატოს წევრი. და, სავარაუდოდ, არც მარტო ვიქნებოდით ამ ომში, სხვა ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ. ახლა გოტლანდიც და სხვა კუნძულებიც ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ქოლგის ქვეშაა, ასე რომ, მსგავსი სცენარები, ბუნდოვანება გამოირიცხა.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. შვედეთის ნატოში გაწევრება უკვე ფორმალური საკითხია, მაგრამ მინდა პირდაპირ გკითხოთ: რად დაუჯდა სტოკჰოლმს ერდოანის და ორბანის თანხმობა?

პატრიკ ოკსანენი: პრაქტიკული გადმოსახედიდან, დიდი არაფერი, მაგრამ შვედეთს მოუწია ესწავლა ერთგვარი რეალპოლიტიკის გაკვეთილი - მოგვიწია იმ ახალი რეალობის გააზრება, რომ ნატოში ორმხრივი შეთანხმებები საკმარისი არ არის, ეს სამგანზომილებიანი ჭადრაკის დაფაა. ამის მაგალითია თურქეთისა და F-16-ების საკითხი, რომელიც მხოლოდ ანკარასა და სტოკჰოლმს შორის ვერ გადაწყდებოდა. რაც შეეხება უნგრეთს, მოგვიწევს კიდევ რამდენიმე Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავი მივყიდოთ, ეს არის და ეს. ბუდაპეშტის მეორე მოთხოვნა, რომ შვედეთში ორბანის მთავრობას არ უნდა აკრიტიკებდნენ, თავისთავად ცხადია, რიტორიკადვე დარჩება, რადგან შვედეთი დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლებით.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება Gripen-ის თვითმფრინავებს - გასულ კვირას შვედეთმა უკრაინის დახმარების ახალი, აქამდე ყველაზე დიდი პაკეტი დააანონსა - საუბარია 700 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაზე. შემდეგი რა იქნება? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ აწ უკვე ნატოს წევრი შვედეთი JAS-39 Gripen-ებსაც მისცემს უკრაინას?

პატრიკ ოკსანენი: მოლოდინი სწორედ ასეთია - როდესაც შვედეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი, ამ ნაბიჯთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. და ვფიქრობ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება - როგორც პარლამენტში, ასევე შვედ საზოგადოებაში ამ ნაბიჯს მხარს უჭერენ. მაგრამ ერთია გადაწყვეტილების მიღება და მეორე ის, თუ რეალურად რამდენ ხანში ვიხილავთ Gripen-ებს უკრაინაში, ფრონტზე - პილოტების და ლოგისტიკის გუნდის წვრთნა-მომზადებას საკმაო დრო დასჭირდება.

ვუბრუნდებით ტოტალური თავდაცვის კონცეფციას, რომელიც ცივი ომის შემდეგ მივივიწყეთ.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის - ახლახან დანიის პრემიერმა განაცხადა, რომ თავიანთ რეზერვებში არსებულ საარტილერიო ჭურვების სრულ მარაგს უკრაინას გადასცემენ. უნდა ველოდოთ რაიმე მსგავსს შვედეთისგანაც?

პატრიკ ოკსანენი: რუკას თუ შევხედავთ - შვედეთის მდებარეობას - დავინახავთ, რომ ჩვენი დანიელი მეზობლებისგან განსხვავებით, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ სამხედრო საწყობები დავაცარიელოთ და მთელი ჩვენი ამუნიცია უკრაინას გადავცეთ. ჩვენი მიდგომა სხვანაირია - ვხედავთ, რომ ეს ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, და რომ ის ინდუსტრიული გახდა. ამიტომ ვაპირებთ, დრამატულად გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრიული პროდუქციის როგორც მასშტაბები, ასევე ტემპი, თანაც, რაც შეიძლება მალე - რათა უკრაინასაც დავეხმაროთ და არც ჩვენ გვქონდეს დეფიციტი. ჩვენ ვუბრუნდებით ტოტალური თავდაცვის კონცეფციას, რომელიც ცივი ომის შემდეგ მივივიწყეთ. ბევრი სხვა ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთში არ უჭირთ გააზრება, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და პუტინის რეჟიმი ჩვენთვის. ჩვენთან ვერ წააწყდებით დებატებს, რეალურია თუ არა რუსეთიდან მომავალი საფრთხე - ვიცით, რომ უაღრესად რეალურია, ვიცით, რომ ფრონტთან სხვებზე ახლოს ვართ და შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ. ჩვენ ვაპირებთ, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს - რა მოხდება აწი ნატოში სხვა ქვეყნების შესვლასთან დაკავშირებით? შვედეთს ორი წელი მოუხდა ლოდინი, მაგრამ არიან ქვეყნები - უკრაინა და საქართველო - რომელებიც ათ წელზე მეტი ხანია იცდიან ნატოს ღია კარის წინ, შებიჯებას კი ვერა და ვერ ახერხებენ. უნდა ჰქონდეთ თუ არა თბილისსა და კიევში სტოკჰოლმის მხარდაჭერის იმედი ამ კუთხით?

პატრიკ ოკსანენი: დიახ. შვედეთი მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას - შვედეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლის მხარდაჭერა. ევროკავშირთან მიმართებით შვედეთი იმავე მხარდაჭერას იჩენდა უკვე კარგა ხანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

უნდა საბოლოოდ გავიაზროთ ის ფაქტი, რომ პუტინს რუსეთის ახალი იმპერიის აშენება აქვს განზრახული და მზად უნდა ვიყოთ, მის ამ მცდელობას წინ აღვუდგეთ.  

რადიო თავისუფლება: ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლო მომავლის ხედვა როგორია? თუ, ვთქვათ, პუტინი გადაწყვეტს: მოლდოვა ევროკავშირში გაწევრებასთან სულ უფრო და უფრო ახლოსაა, დროზე უნდა ვიღონო რამე, სანამ გვიანი იქნება. ან კიდევ, თუ იტყვის: საქართველოში უკვე ფეხი მაქვს მოკიდებული, ბარემ მთლიანად მივიტაცებ, სანამ ვინმე ხელს შემიშლის. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? როგორ რეაქციას უნდა ველოდოთ ზოგადად ნატოსგან და კონკრეტულად შვედეთისგან?

პატრიკ ოკსანენი: უნდა გაგაწბილოთ - ეს ძალიან კარგი კითხვაა, რომელზეც სამწუხაროდ ასეთივე კარგი პასუხი არ მაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მენტალურად და ფიზიკურად უნდა საბოლოოდ გავიაზროთ ის ფაქტი, რომ პუტინს რუსეთის ახალი იმპერიის აშენება აქვს განზრახული და მზად უნდა ვიყოთ, მის ამ მცდელობას წინ აღვუდგეთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG