Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული სამართებელი, ხანგრძლივი ომი, მეტი მიწა - რა სურს და რა შეუძლია პუტინს?


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

მაშინ, როცა გერმანიის კანცლერი, რუსეთის ბირთვული საფრთხის შეჩერებაზე ლაპარაკობს, თავად რუსეთის პრეზიდენტი, პირიქით, გაზრდილ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას; მაგრამ იმასაც დასძენს, რომ რუსეთში „არ შეშლილან“ და არ აპირებენ ამ იარაღის მთელ მსოფლიოში „სამართებლივით ქნევას“.

უკრაინაში მიმდინარე დამპყრობლური ომის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის ბოლო, 7 დეკემბერს გაკეთებული განცხადებებიდან, ექსპერტებისა თუ საერთაშორისო მედიის ყურადღება კიდევ არაერთმა აქცენტმა მიიპყრო. მაგალითად, დაინახეს, რომ - რუსეთი ომის გაყინვასა და უკრაინის ახალი ტერიტორიების მიტაცებაზე ფიქრობს. სხვა საკითხია, რამდენად შესწევს მას ამის უნარი.

ბირთვული საფრთხე - იზრდება თუ მცირდება?

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 8 დეკემბერს, Funke-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღით მუქარა“, მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გაავლო“. შეკითხვაზე - თვლის თუ არა, რომ ბირთვული საფრთხე საბოლოოდ აღკვეთილია - კანცლერი პასუხობს, რომ „ამ დროისთვის ჩვენ ის შევაჩერეთ“.

ვინც პროცესებს ყურადღებით აკვირდება, ხედავს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე წამყვანებისა თუ მათი სტუმრებისგან ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებად ისმის პირდაპირი მოწოდებები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მუქარის შესუსტება დროში დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, ინდონეზიის კურორტ ბალიში, დიდი ოცეულის (G20) სამიტის ფარგლებში. ამ შეხვედრის ერთ-ერთ მიზნად ექსპერტები თავიდანვე ასახელებდნენ პეკინის დაყოლიებას, შეეჩერებინა რუსეთიდან წამოსული ბირთვული საფრთხე. ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა ივარაუდა, რომ ბაიდენმა ჩინელ კოლეგას ყველაფერი გასაგებად აუხსნა.

14 ნოემბერს, თეთრი სახლი იუწყებოდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე რუსეთის პრეზიდენტის მუქარის შესახებ, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომი არ უნდა დაუშვან და რომ ამგვარ ომში გამარჯვება შეუძლებელი იქნება.

ამავე საკითხს უკავშირდებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის შეხვედრა, თურქეთში, ასევე 14 ნოემბერს. თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარიშკინი გააფრთხილეს შედეგებზე, რომლებიც მოჰყვებოდა რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოანადოლუ“ იუწყება, რომ შეხვედრის მასპინძელი იყო თურქეთის სადაზვერვო სააგენტო MIT. ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე პრეზიდენტმა ერდოანმაც ილაპარაკა. 18 ნოემბერს, თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, მან ასევე თქვა, რომ არც აშშ და არც რუსეთი არ გეგმავენ ახლა ბირთვული იარაღის გამოყენებას.

CIA-ს ხელმძღვანელი ამის შემდეგ, 15 ნოემბერს, კიევშიც ჩავიდა, როცა რუსეთი უკრაინის დედაქალაქს ინტენსიურად უტევდა რაკეტებით. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვიანებით თქვა, უილიამ ბერნსმა მასთან შეხვედრამდე დრო ბუნკერში გაატარა.

დამკვირვებლებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ, 7 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ეცადა ბირთვულ მუქარას.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს“ წევრებთან შეხვედრის დროს, პუტინმა თქვა, რომ ბირთვული საფრთხე იზრდება და „ამის დამალვა არ იქნებოდა მართებული“.

პუტინი არ იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მაგრამ ამბობს, რომ რუსეთი „პირველი არ გამოიყენებს“; „არ შეშლილან“, რომ ბირთვული იარაღი „სამართებლივით იქნიონ“ მსოფლიოში, მაგრამ - „ეროვნულ ინტერესებს“ ჯერ „მშვიდობიანი საშუალებებით“ დაიცავს და თუკი ეს არ გაჭრის, მაშინ „ყველა არსებულით“.

1 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული ომის რისკი ძალიან მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთს, თუნდაც „კონვენციური იარაღით დაუპირისპირდებიან“ და ასეთი რისკის გაზრდა დააბრალა დასავლეთს, მათ შორის, უკრაინის ინტენსიური შეიარაღების გამო.

უკრაინული მედიის თანახმად, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ზამთარში კვლავ გააგრძელებს ბირთვულ შანტაჟს, საერთაშორისო პარტნიორებზე ზეწოლასა და ომის გაყინვის მცდელობას.

გაჭიანურებული, "გაყინული" ომი

თუკი თებერვალში, ომის დასაწყისში, რუსეთში უკრაინის რამდენიმე დღეში დაპყრობის იმედები ჰქონდათ, 7 დეკემბერს, ომის მეათე თვეს, პრეზიდენტი პუტინი ხალხს ეუბნება, რომ ომი შესაძლოა „ხანგრძლივ პროცესად“ იქცეს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი, დამპყრობლური ომის წარმოებისთვის.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ, უკრაინასთან ომში წარუმატებლობის ფონზე, როცა სამხედრო ბაზები უკვე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც იბომბება, პუტინს ახლა ყველაზე მეტად სწორედ გაჭიანურებული ომი და ოპერატიული პაუზა ესაჭიროება.

ასევე ყველას ესმის, რომ ომის შეჩერება ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა უკრაინისთვის.

ისრაელელი სამხედრო ექსპერტი, ისრაელის არმიის თადარიგის ოფიცერი, გრიგორი ტამარი უკრაინულ ტელეარხ „24 Канал“-ის ეთერში ამბობს, რომ უკრაინის არმიას, რომელიც „ყველაზე მოულოდნელი“ და „ძალიან საინტერესო“ ტაქტიკით გამოირჩევა, აქვს ძალა თავი აარიდოს ოპერატიულ პაუზას და ხელსაყრელი პერიოდი გამოყენოს, მაქსიმუმ გაზაფხულამდე, ვიდრე ბრძოლაში ჩაერთვება მობილიზებულების ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა „საწვრთნელ ბანაკებში გაუშვა“.

„სხვადასხვა გათვლით, [ამ მიზნით] ბელარუსში ამჟამად 70-100 ათასი რუსი სამხედროა, რომლებიც ბრძოლაში, სავარაუდოდ, 2-3 თვეში ჩაერთვება. უკრაინამ ეს დრო აუცილებლად უნდა გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, მთავარსარდალმა [ზალუჟნიმ] ეს უკეთესად იცის, რადგან ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სტრატეგოსად ითვლება“, - ამბობს გრიგორი ტამარი და ერთ-ერთი სასურველი გარღვევის შესაძლებლობას ყირიმის მიმართულებით ხედავს.

„ახლო მომავალში რუსეთის არმიამ უნდა განიცადოს ისეთი მარცხი, რომლის შემდეგაც პროპაგანდისტული, სტრატეგიული და პოლიტიკური გზებით მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნება და მთლიანად გაუქრება დაპირისპირების შესაძლებლობა... ასეთი შეიძლება იყოს ყირიმის დაჯგუფების ბლოკირება და ტყვედ აყვანა... ტყვეთა კოლონების ამსახველი კადრებით ინტერნეტსივრცე რომ გადაივსებოდა, ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი ზეგავლენის მომხდენი“, - ამბობს ისრაელელი სამხედრო ექსპერტი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი უნდა გადაწყვიტოს „არა ნატომ და ბრიუსელმა, არამედ უკრაინელებმა, როცა დადგება დრო მოლაპარაკებების დასაწყებად“. ის აღნიშნავს, რომ „თუკი პუტინი გაიმარჯვებს, ეს ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის“, ხოლო „მოკავშირეები უფრო დაუცველები გახდებიან, მსოფლიო კი - უფრო სახიფათო“. ასევე მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის დახმარებით მიიღწევა.

ნოვოროსია - შეიცვალა თუ არა გეგმები?

ომის „მნიშვნელოვან შედეგად“ პუტინი უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას ასახელებს. ISW-ს ანალიტიკოსებს არ გამორჩენიათ, რომ პუტინმა საკუთარი თავი იმპერატორ პეტრე I-ს შეადარა, რომელიც ასევე აზოვის ზღვაზე გასასვლელისთვის იბრძოდა და თქვა, რომ ამჟამად „აზოვის ზღვაც რუსეთის ფედერაციის შიდა ზღვად იქცა“. ეს განცხადებები ექსპერტებს უტოვებს განცდას, რომ პუტინის გეგმაში უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დაპყრობა შედის.

უკრაინის ტერიტორიების ანექსია არ შედიოდა კრემლის მიერ ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციის“ წინ დეკლარირებულ მიზნებში. მაშინ ამ მიზნებად დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია და დონბასში მცხოვრებთა „დაცვა“ სახელდებოდა.

8 დეკემბერს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე „არ არის ლაპარაკი“ ახალი ტერიტორიების მიერთებაზე. „ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ არავითარი განცხადებები არ გაკეთებულა“, - თქვა პესკოვმა, პუტინის სიტყვების განმარტების დროს. მან ივარაუდა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა „ანექსირებულად“ უკვე გამოცხადებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა უკრაინელების ხელშია.

ასეა თუ არა ეს?

უკრაინის ოთხი ოლქის უკანონო ანექსია რუსეთმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, ასევე უკანონოდ გამართული ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ. ამ ოლქების დიდი ნაწილი უკრაინის არმიამ სწორედ ამის შემდეგ გაათავისუფლა; ხოლო ნაწილი, მათ რიგში - ზაპოროჟიეს ოლქის დედაქალაქი, არასოდეს ყოფილა ოკუპირებული. ზაპოროჟიეში არც ე.წ. რეფერენდუმი ჩატარებულა.

ჯერ კიდევ ომის პირველ თვეებში, კრემლის მოკავშირე ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები აქტიურად ახსენებდნენ ნოვოროსიის აღორძინების გეგმებს; ხოლო 3 აპრილს, ომის დაწყებიდან 38-ე დღეს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია-მანიფესტი, რომელმაც უფრო ცხადი გახადა რუსეთის ჩანაფიქრი და ერთგვარად ახსნა რუსი დამპყრობლების უკრაინაში მოქმედებების სისასტიკეც.

ამ, ბევრის შეფასებით ფაშისტური, ტექსტის მიხედვით:
დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სახალხო რესპუბლიკები; სახელწოდება „უკრაინა“ არ შეიძლება შენარჩუნდეს; უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი;
არანაირი „ნეიტრალიტეტი“, იდეოლოგიური და პრაქტიკული გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს: შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე რამე ორგანიზაცია არ ეყრდნობოდეს რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას.

იმპერიალისტური წარსულიდან ტერმინნოვოროსიისგამოხმობამ სერიოზულად დააფიქრა ანალიტიკოსები, რომ უკრაინაში რუსეთის გეგმები 2014 წელს დაწყებული აგრესიით არ ამოიწურებოდა.

რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით, დონბასელმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ორი .. სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2014 წელს გამოაცხადეს და იმავე წელს დააარსეს „კონფედერაციული სახელმწიფო“ ნოვოროსია“ (Новороссия). რუსული წყაროების მიხედვით, ასე ეწოდებოდა, მე-18 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის გუბერნიას, რომლის საზღვრებიც სცდება დონბასს. ნოვოროსიისდედაქალაქებად, რუსული ისტორიული წყაროები ასახელებენ უკრაინულ ქალაქებ - კრემენჩუგ (პოლტავის ოლქი) და დნეპრ (უკრაინულად დნიპრო - დნეპროპეტროვსკის ოლქი).
ისტორიული ნოვოროსიის ტერიტორიები, რუსეთის თანახმად, მოიცავს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებსა და ანექსირებულ ყირიმს. ამავე გუბერნიის შემადგენელ ნაწილად ითვლება ასევე მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი - დნესტრისპირეთი.

როგორც უკრაინული მედია იუწყებოდა, 2013 წელს, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა შემოიარა ზუსტად იმ დიდი ქალაქების მართლმადიდებლური ტაძრები, რომლებიც იმპერიალისტური ნოვოროსიის გუბერნიის საზღვრებში იყო მოქცეული, რასაც უკრაინაში ერთგვარ სადაზვერვო ტურნედ მოიხსენიებენ.

უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და არ აპირებს ტერიტორიების დათმობას. კიევი ყირიმის ჩათვლით აპირებს დაპყრობილი მიწების გათავისუფლებას და სწორედ ამის შემდეგ თვლის შესაძლებლად რუსეთთან მოლაპარაკებებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG