Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა პუტინს მოუწოდა, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, პუტინი შოლცს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას ურჩევს


რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა. 15 თებერვალი, 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა. 15 თებერვალი, 2022 წელი

პარასკევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სექტემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მიეძღვნა "უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს და მის შედეგებს."

გერმანული მხარის თანახმად, შოლცმა დაგმო რუსეთის ავიადარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში. კანცლერმა ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, "რაც შეიძლება მალე მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას".

ორმხრივი სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა გაავრცელა კრემლმაც. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა "მოუწოდა გერმანულ მხარეს, გადახედოს თავის მიდგომებს" უკრაინასთან მიმართებაში. პუტინმა, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, განუცხადა ოლაფ შოლცს, რომ რუსეთის არმია "დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს უკრაინის ტერიტორიაზე გარკვეულ სამიზნეებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმებისგან", მაგრამ ახლა ასეთი ზომები "გახდა იძულებითი და გარდაუვალი პასუხი კიევის პროვოკაციულ თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ". იგულისხმება ყირიმის ხიდი, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად. უკრაინას პირდაპირ არ დაუდასტურებია თავისი მონაწილეობა ამ აფეთქებაში.

რუსეთმა 10 ოქტომბრიდან რამდენიმე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე. 23 ნოემბერს, ბოლო ასეთი დარტყმის შემდეგ, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები კვლავაც გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის არმია იმ ობიექტებს ურტყამს, რომლებიც ხელს უწყობენ "რუსების დახოცვას."

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს უკრაინა ტერორიზმის აქტად მიიჩნევს, რუსეთის სარაკეტო იერიშებს სამოქალაქო ობიექტებზე გმობენ ასევე დასავლეთის ქვეყნებიც.

წუხელ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ რუსეთის ლიდერს სურს ომის დასრულება. ასეთი მზადყოფნის ერთ-ერთ პირობად თეთრი სახლი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას მიიჩნევს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ ეს მოსკოვისთვის მიუღებელია.

XS
SM
MD
LG