უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება. "მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც ის ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან."
უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, შეიძლება „ხანგრძლივ პროცესად“ იქცეს. ამასთან, მან „მნიშვნელოვანი შედეგი“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე რეგიონის ანექსიას.
ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ასეთი საფრთხე იზრდება. რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა გარანტიების მიცემაზე, რომ მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „პირველი თუ არ გამოიყენებს, ე.ი. არც მეორე გამოიყენებს. ვინაიდან გამოყენების შესაძლებლობები, თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმა განხორციელდა, ძალზე შეზღუდულია“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება „არ შეშლილა“ და არ აპირებს „ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას“. ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი „ეროვნულ ინტერესებს“ ჯერ „მშვიდობიანი საშუალებებით“ დაიცავს, მაგრამ თუკი ეს არ გაჭრის, მაშინ „ყველა არსებულით“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი POLITICO-ს მიერ დასახელებული იმ ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის სათავეში მოექცა, რომლებიც ევროპის კონტინენტის იერსახეს განსაზღვრავენ. "ევროპა იცვლება. კონტინენტი ახდენს თავისი სტრატეგიული ურთიერთობების გადაფასებას, უფრო სერიოზული ხდება თავდაცვის საკითხებისადმი მისი დამოკიდებულება, ახდენს როგორც სავაჭრო, ასევე გაფართოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვას. ფართო გაგებით, ის ხელახლა იაზრებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ზოგადად ევროპელი. და ეს დიდწილად განაპირობა უკრაინელმა კომიკოსმა, რომელიც პრეზიდენტი გახდა" - წერს Politico.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ადამიანად გამოაცხადეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა, Time-მა და Financial Times-მა. ისრაელის გამოცემა The Jerusalem Post-მა ზელენსკის უწოდა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ებრაელი.