Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შეეძლო მოულოდნელად დაერეკა და თითქოს ხუმრობით, სინამდვილეში კი ძალიან სერიოზულად, წარმოუდგენლად თბილად და ტაქტიანად, დიდი ინტერესით, ბავშვურად ცნობისმოყვარედ თუ გულუბრყვილოდ ეკითხა:

- ბრეიგელთან რომ ბრმებია და უფსკრულში იჩეხებიან, ნეტა ჯვარი რატომ უკეთია ერთ-ერთს? ალბათ, ბოლოს რომ გადარჩნენ, არა?

ან:

- მოცარტს რომ უსმენ, "დონ ჟუანს", რა კარგია, არა, რეჩიტატივები რომ არის ალაგ-ალაგ, პაუზებად, მუსიკალურ ნომრებს შორის, თორემ, აბა, როგორ გავუძლებდით მუსიკის ამხელა ნაკადს... არ მეთანხმებით?

თითქოს მოსაწყენი და მატერიალისტური კანონები არ ჰქონოდა არა მისეულ პროზაულ ყოფას, თითქოს მიმდინარე ისტორიას არ ეარსება და არც პრობლემებით გაბანალურებულიყო აწმყო, და მხოლოდ ის სინამდვილე ყოფილიყო რეალობა, სადაც მოკლე სატელეფონო საუბრისას თუ გაირკვეოდა, რა კავშირი ჰქონდა ვან გოგს და მოციქულ პეტრეს მიერ ყურმოკვეთილ მონა მალქოზს ერთმანეთთან...

როცა პირველად დამირეკა, სწორედ ამ ორთა კავშირზე, მოკვეთილ ყურზე, თვალისმომჭრელ სიყვითლეზე, ბგერების ინტენსიურობაზე და სასვენი ნიშნების ახირებულობაზე მელაპარაკა.

მაშინ ოცი წლის ვიყავი და უკვე ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, მხოლოდ ის არ მქონდა წაკითხული, რასაც იმწუთას წერდა, თორემ დაწერილიდან - ალბათ ყველაფერი, და უეცრად თავადვე მომწვდა, უფრო სწორად, მაშინ დაურეკავს, როცა შინ არ ვყოფილვარ და ბებიაჩემისთვის დაუბარებია - გადაეცით, ესა და ესა ვარ, მისი მოთხრობა წავიკითხეო...

გულწრფელად, არასდროს, არავის სატელეფონო ზარი არ გამხარებია და არც არავის ზარს დავუბნევივარ ასე, როგორც მისას, რადგან მაშინ დაუჯერებელ საჩუქრად მივიჩნიე, რომ ამ მარადიულ მწერალს ჩემი მოძებნა გადაეწყვიტა... და თან ასე ჩვეულებრივად, - უთხარით, გადმომირეკოს, - თითქოს ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საუბარი გვქონოდა გასაგრძელებელი... მე და ბებიაჩემი თავისი ცნობილი მოთხრობის ბებიასა და ვიოლონჩელისტ შვილიშვილს დაგვამსგავსა იმ დღეს.

სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი და ყოველთვის ერთი და იგივე შთაბეჭდილება მრჩებოდა: ის არ იყო ამქვეყნიური, - არც მეტყველებით, არც გადამდები ღიმილით (მთქნარებაზე მეტადაც გადამდები რომ არის) და არც თითქოს აღქმებით, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდი, არაფერი გამორჩებოდა მის დაკვირვებულ თვალსა და ინტუიციას...

თუკი ვინმეზე ვიტყოდი, ხელოვნება მისი საარსებო სივრცე იყო-მეთქი - ამ სიტყვის არა ალეგორიული, არამედ ყოფით-ეგზისტენციალური დატვირთვით - უპირველეს ყოვლისა, მასზე...

როცა რუტინულ აწმყოში შთანთქმულს შესაძლოა დაუჯერებლად არააქტუალურად (ან, საერთოდ, სიგიჟედ) მოგჩვენებოდა მის მიერ ერთი შეხედვით უდროოდ დასმული შეკითხვა - რატომ მოსწონდა ბეთჰოვენს მაინც და მაინც "ჩიტირეკია" როსინი?

და ამ დროს, მართლაც რა უნდა ყოფილიყო იმაზე მეტად აქტუალური, ვიდრე ეს "არააქტუალური" სიბრძნე, რომ ჰარმონია თურმე შეუსაბამობათა და კონტრასტთა ჯამი ყოფილა - სიღრმე-ტკივილისა (ბეთჰოვენი) და სილაღე-მხიარულების (როსინი) ერთიანობა.

მისი გმირები ხომ მრავალსახოვანი, მრავალცხოვრებაგავლილი, დანაშაულებრივ დრამებში ჩაკარგული, მელანქოლიითა და სიყვარულით აღსავსე ზრდასრული ბავშვები არიან - სამუდამოდ წასული, მაგრამ დაბრუნებაზე ოცნებით შეშლილი უძღები შვილები...

სამხრეთ-ამერიკელი მწერალი, რომლის რეალიზმის მაგიურობაც სამხრეთ-კავკასიელი მწერლის ესთეტიკური დაკვირვების ობიექტიც იყო გარკვეულ დროს, გარდაცვალებამდე, ანუ მანამდე, ვიდრე მეხსიერებას გამოემშვიდობებოდა, გულწრფელად და რაღაცნაირი პროფესიული სინანულით ცხარობდა, რომ სამწუხაროდ ვერაფრით მოახერხებდა საკუთარი სიკვდილის აღწერას, ეს კი საოცრად დასანანი იყო...

სამხრეთ-ამერიკელ მწერალს საკუთარი სიკვდილის აღწერის შეუძლებლობის განაჩენის დაძლევა სურდა (როგორც ტოლსტოის უნდოდა სიკვდილის თითქმის შეურაცხმყოფელ-ნატურალისტური აღწერით სულის უკვდავების ლოგიკურობის დადასტურება, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ადამიანი მატერიასთან ერთად გამქრალიყო), ხოლო არცთუ მთლად ამქვეყნიური დოჩანაშვილი მთელი ცხოვრება იმ მდგომარეობის ან იქნებ გამოცდილების მხატვრული რეკონსტრუირების მცდელობით იყო შეპყრობილი, რომელიც არა დაბადებასა და სიკვდილს შორის, არამედ სიკვდილსა და დაბადებას შორის ყალიბდება... როცა სიკვდილი საწყისია და არა გზის ბოლო.

და იქნებ ამიტომაც ამბობდა, რომ ის გადამწერი იყო და არა მწერალი, რადგან ის, რაც მან იცოდა, ინსპირაცია იყო და არა შეთხზული...

სამოსელი პირველი ხომ ცოდნის შესაქმისეული მეტაფორაა.

ყოველ შემთხვევაში, რწმენა, რომელიც ჩვენ, როგორც მისი ტექსტის მკითხველებს გვაქვს, ეჭვს არ გვიჩენს, რომ ის ახლა კარგად იცნობს იმ ზემატერიალური სინამდვილის კანონებს, რომელთა არსებულობის, უწყვეტობისა და რეალურობისაც მთელი შეგნებული ცხოვრება სწამდა.

გურამ დოჩანაშვილი
გურამ დოჩანაშვილი

მოკვდა სათნო კაცი.

ისიც მოკვდავი ყოფილა.

ამ სათაურს იოლად ამოხსნის ყველა, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. ვინც იცის, ვინ იყო ზე მორეირა, ჟოაო აბადო, მანუელო კოსტა, დონ დიეგო და მოხუცი სანტოსი, იგი იმასაც მიხვდება, ვინ არის დიდი მეექვსე. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ იგი იყო პირველი. ან მეორე. თუნდაც მესამე... უთუოდ რიგში სადღაც უკან ჩაიმალებოდა. ამაში იყო მისი ძალა. თუმცა ძალიანაც ვერ იმალებოდა. მაღალი იყო. ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც.

ახლა ბევრი გაიხსენებს მას და ეს გასაგებია. გურამ დოჩანაშვილმა დიდხანს იცოცხლა. ბევრმა მოასწრო მისი გაცნობა. პირადად და ირიბად. წიგნიდან და ცხოვრებაში.

ლამაზ-ქალაქსა და კარცერ-ლუქსზე, კაატინგასა და დაბურძგვლაზე, და ა.შ., სხვები ჩემზე უკეთ დაწერენ. მე აქ უფრო მაინტერესებს კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა კაცი - ადამიანი.

გურამი იყო პირველი დიდი მწერალი, და უფრო დიდი ადამიანი, ვინც მე ნაცოდვილარი შემიქო. თუმცა შექებაც არის და შექებაც. კომპლიმენტების მეტი რა მიმიღია ცხოვრებაში, მაგრამ მისი ნათქვამი ცოტათი სხვანაირი იყო. გამორჩეული. დაუნანებელი. განსაკუთრებით იქ და მაშინ.

ერთხელ რაღაც მოთხრობა შემიქო. დაუჯერებელი რამე მითხრა. ასე მეც კი ვერ დავწერდი შენს ასაკშიო. ნეტა, ვინმე თუ გაიხსენებს სხვა რომელიმე ქართველ მწერალს, დამწყები ავტორისთის მსგავსი რამე რომ უთქვამს? სხვაც ბევრი უთქვამს გურამს ჩემთვის, კიდევ უფრო ტკბილი და დაუჯერებელი, მაგრამ არ არის საჭირო მათი ჩამოთვლა. ეს ამბავიც მისი ხელგაშლილობის საილუსტრაციოდ გავიხსენე.

ბევრს ჰყვებოდა ხოლმე მწერლობასა და მწერლებზე, ადამიანებსა და ადამიანობაზე, ზოგადად ხელოვნებასა და ხელოვნურობაზე... მოსაყოლი კი ბევრი ჰქონდა. სალტიკოვ-შჩედრინიდან ჭაბუა ამირეჯიბამდე, ალ პაჩინოდან ზვიად გამსახურდიამდე, ანა კალანდაძედან ჯუმბერ პატიაშვილამდე, და ა.შ. კიდევ ტოლსტოიზე - ძალიან ბევრს... ჰყვებოდა გადახტომებით, წყვეტილად, ბოლომდე ართქმებით, სიხარულით. ერთხელ ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შეედარებინა, მაგრამ უცბად ვერ მოიფიქრა, რისთვის. რა აღარ ვცადეო, გაზაფხული, განთიადი, მყინვარი, სხვა და სხვა, ჰორიზონტიც კიო, მაგრამ არაფერი ერგებოდაო. ან განა რას უნდა შეედაროსო ღვთის მშობელი? თან რატომღაც ვიცოდი, სიტყვა ორმარცვლიანი უნდა ყოფილიყოო. გამიჩერდა ხელი, ვეღარაფრით გავაგრძელე მუშაობა, სანამ არ მოვიდაო ის სიტყვა - თვითონ. „ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც თვითონ“. ამას გულუბრყვილო, სათნო კაცი თუღა გეტყვის. მეც ვუსმენდი.

ზოგჯერ არა მარტო მე. უცნაური სუბიექტები ხშირად ჩნდებოდნენ მის ორბიტაზე. ვინ აღარ მინახავს მასთან. რუსლან მიქაბერიძეც კი საკუთარი ლექსებით და რეზო ჩხეიძეც ნახევრადშეჭმული ტორტით. მისი კარიც მუდამ ღია იყო - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ან რა აზრი ჰქონდა სიფრიფანა, ლამის მუყაოს კარის დაკეტვას. მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ის კი რჩებოდა. მეგონა, სულ დარჩებოდა.

კარგად მახსოვს, როგორ დაბარბაცებდა ხოლმე თბილისური ზამთრის გათოშილ ბინაში, როგორც დაჭრილი დევი გამოქვაბულში. მუხლებთან გამობერილ სპორტულ შარვალში ჩატანებული დიდი ზომის ჯემპრი გრძელი სახელოებით, ჯემპრზე - სქელი თბილი ჟილეტი, თავზე ნაქსოვი ქუდი, ფეხზე ადიდასები.

უჭირდა.

ძალიან უჭირდა.

აუტანლად უჭირდა.

ერთხელ ვიღაც კაცი მოიყვანა საკვირაო წირვიდან და შინ ჩაისახლა. ასეთებიც ხდებოდა. წყალწყალა ღვინოს სვამდნენ. ვინც გურამს იცნობდა, კარგად იცის, რას ნიშნავს „წყალწყალა ღვინო“. რაღაც ამბავს იხსენებდა და უცბად სტუმარს ჰკითხა ჩემზე, იცი ეს ვინ არისო? ისიც პატიოსანი კაცი იყო, რა ვიციო. ეჰ, ჩემო გრიშა, ეს არისო, - აქ მოკლე პაუზა გააკეთა და თქვა, - ეს არისო ოშკი და ზარზმა... თითქოს რა შუაში იყო იმ მომენტში ან ოშკი ან ზარზმა, მაგრამ ამით სულ სხვა რამ ითქვა. ითქვა, რომ ამ წამსაც, ნასვამსაც კი მახსოვხარო. ამაშია საქმე. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არა ვარ ასეთი, ვიცი, რომ კიდევ ბევრია, ვისაც ასე ყურადღებით და ფაქიზად მოეპყრა იგი ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ყველას თავისი გასახსენებელი აქვს ამ ადამიანთან დაკავშირებით, მან ბევრს მისცა რაღაც ისეთი, რაც არასდროს არავისგან მიუღია. მე პირადად ასეთი მემახსოვრება გურამ დოჩანაშვილი. ყურადღებიანი, ხელგაშლილი, სათნო.

ჩვენი ურთიერთობა სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ერთხელაც მე გავქრი მისი ცხოვრებიდან. ვიცი, ვაწყენინე, თუმცა ნამდვილად კიდევ უფრო ვაწყენინებდი, ასე რომ არ მოვქცეულიყავი... მე სწორედ მაშინ დავიწყე ისე წერა, რის გამოც დღემდე ვილანძღები. მაშინ ხომ საერთოდ ყოველი უთოდან ჩემი სახელი ისმოდა. რატომ უნდა ჩამეგდო უხერხულ მდგომარეობაში კაცი, რომელიც მიყვარდა? მის ღიმილში, ნესტოები ოდნავ რომ დაებერებოდა და თვალებში ჭინკები გაუჩნდებოდა, იყო რაღაც ძალიან ძველი, დავიწყებული და ბავშვური. სად გურამ დოჩანაშვილი, ვინც პატრიარქის ხელიდან ზიარებას იღებდა, და სად მე, ვინც „პატრიარქის ძუძუზე“ ვწერდი? და ეს კიდევ მთლად კანფეტი იყო იმის ფონზე, რაც ჩემს მაშინდელ მოთხრობებში ხდებოდა. სად იგი, ვისაც არცერთი სიტყვა ემეტებოდა ღვთისმშობლისთვის შესადარებლად და სად მე, ვინც ჩემს ძაღლს ვადარებდი ღვთისმშობელს?

კარგად მახსოვს, თითქმის ოცი წლის წინ (!) რომ მოვიდა ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე „ლიტერატურულ კაფეში“. თან, რაც მთავარია, ისე, რომ მე არ დამიპატიჟებია, მისივე ფეხის გამო. არ მინდოდა შემეწუხებინა. საიდანღაც გაიგო და მოვიდა... ნეტა, რომელი ერთი მისი „კოლეგა“ მისულა ასე ოდესმე ახალგაზრდა ავტორის საღამოზე დაუპატიჟებლად, საკუთარი ინიციატივით. ვისაც ახსოვს ის საღამო, ისიც ემახსოვრება, როგორი თბილი, ხელგაშლილი და სათნო იყო იგი. სიტყვით გამოსვლისას უცბად თქვა, მე რომ მოვკვდებიო... რა დაამატა, ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. მაშინ მე ვიგრძენი, როგორი გაჟღენთილი იყო თვითონ სიკვდილით. კერძოდ - ამ ორი მდგომარეობით, სიკვდილ-სიცოცხლით. თითქოს ამ სიტყვებს შორის დასმულ დეფიზზე იდგა, როგორც ბაგირზე. ვინმე ჯან-ღონით სავსე და საღ-სალამათი სწორ ადგილზე ვერ დადგება ხოლმე წესიერად, ის კი იდგა და იდგა მობარბაცე, გაღუნული ფეხით... მე კი მეგონა, სულ იდგებოდა. ისე ახლოს იყო სიკვდილთან, ისეთი სავსე იყო სიკვდილით, თითქოს არასდროს მოკვდებოდა. თითქოს უკვდავი იყო. დიდხანს იდგა სავსე უზომო ტკივილით.

მოკვდა სათნო კაცი.

მოკვდა და დაისვენა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG