„მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო...“
აბა, სად ნიკოლოზ ბარათაშვილი, სად ერეკლე და სად გიორგი გახარია, მაგრამ სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის “საფლავი მეფის ირაკლისა” გაახსენდებოდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში ჩაფლულ ადამიანს, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დამხობილი ექს-პრემიერის ფოტოს ხილვისას.
ცხადია, ეს არ იყო თავხედი პაპარაცის შემთხვევით მოხელთებული და უკითხავად გასაჯაროებული კადრი. ვაჟა-ფშაველას რომ დავესესხოთ, „მთელმა ჯარეგამ მნახოსა“ - აშკარად ამ მიზნით იყო გადაღებული ფოტო.
„ეს ზვიადისტიც იქნება!“ - ირონიულად შენიშნეს სოციალურ ქსელებში, სადაც 31 მარტის რეფერენდუმის მთავარი შემოქმედისა და 31 მარტს დაბადებულის, ზვიად გამსახურდიას საფლავის ყვავილებით შემკობის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა.
რატომ „ზვიადისტიც“ და არა „ზვიადისტი“, „ც“-ს გარეშე?
იმიტომ, რომ გახარია ცოტ-ცოტა ყველაფერია, უფრო ზუსტად ყველაფერჩიკია! ყველაფერჩიკი ხომ ის უცნაური ადამიანია, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოსდის.
გავიხსენოთ, როცა გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან ემუქრებოდა დასრულებით და წერტილის დასმით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციულიც არის, რადგან მთაწმინდის პანთეონიდან გვითხრა, უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზეო.
გამოდის, დესტრუქციულიც არის და - კონსტრუქციულიც!
ასევე პრემიერ-მინისტრობისას, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, ჯერ მელიას დაპატიმრებას უჭერდა მხარს, მაგრამ მერე რატომღაც წინააღმდეგი წასულა და სწორედ მელიას დაჭერის გამო გადამდგარა.
გამოდის, რადიკალურიც არის და - ზომიერიც!
გავიხსენოთ, „ბასიანში“ პოლიციის თავხედური შეჭრა მისი შს მინისტრობის დროს და მალევე მისივე ომახიანი ბოდიში რუსთაველის გამზირზე!
გამოდის, აგრესიულიც არის და - თავაზიანიც!
ალბათ ჯერ ისევ გვახსოვს, გახარია ერთდროულად ატარებდა ეფექტური კრიზისმენეჯერის იმიჯს და იმავდროულად თვითონვე ქმნიდა გადაულახავ კრიზისებს, ისეთებს, როგორიც, მაგალითად, შეიქმნა პანკისის ხეობაში, 2019 წლის 21 აპრილს, პოლიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი შეტაკებისას, რაც კანონის უზენაესობის პრინციპის სრული კრახით დასრულდა.
გამოდის, კრიზისმენჯერიც არის და - კრიზისმეიკერიც!
20 ივნისის ამბებშიც, გახარია ერთდროულად თვალთხარიაც იყო და - განტევების ვაციც, რადგან, მართალია, დემონსტრანტების დარბევის (თვალების დათხრისა და დასახიჩრების) გამო თავის თავზე აიღო ვერბალური პასუხისმგებლობა, მაგრამ იმადროულად ცხადად მიანიშნა იმაზე, რომ დარბევის ბრძანება მას არ გაუცია.
გამოდის, თვალთხარიაც არის და - მსხვერპლიც!
გახარიამ ისიც თქვა, რომ კორუფციას წარმატებით ებრძვის [„რა კორუფცია?!“], მაგრამ არც ის უარყო, რომ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რაღაცები მოსულა...
რომ ჰკითხო, მედასავლეთეა, ევროკავშირისა და ნატოსკენ ისწრაფვის, მაგრამ სწორედ მისი პრემიერმინისტრობის დროს შეფერხდა (ნუ ვიტყვით, ჩავარდაო) ყველაზე დასავლური პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა...
გამოდის, მედასავლეთეც არის და რუსეთის წისქვილზეც ასხამს წყალს!
ასეთი ამბივალენტური ქცევის პოლიტიკოსი, რა გასაკვირია, რომ ერთდროულად ზვიადისტიც იყოს, შევარდნაძისტიც და ბიძინისტიც? რუსეთუმეც და მედასავლეთეც? ჯერ იყოს დანიშნული პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი დანიშნული ოპოზიციაც? უფრო ზუსტად, იყოს ხელისუფლების ოპოზიციის ოპოზიცია?
თავისი ძალებით, ავტონომიურად, ცხადია, ამდენი განსხვავებული თვისების ერთ სხეულში თავმოყრას გახარია ვერ შეძლებდა. აშკარაა, რომ ვიქტორ ფრანკენშტეინივით ვიღაც აცოცხლებს „უსოცოცხლო მატერიას“ პოლიტიკურ პროზექტურებში მოპოვებული ანატომიური დეტალების მარჯვე შეერთებით; ვიღაც წვალობს მათ შეწებებასა თუ მიკერებაზე. რომ არა ეს „ვიღაც“, ქართველი ფრანკენშტაინი, პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გახარიაც ისევე გადაიკარგებოდა, როგორც გადაიკარგა მამუკა ბახტაძე ან გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პერიოდულად თუ გამოჩნდება ხოლმე იმის სათქმელად, რომ არაფერი აქვს სათქმელი.
თუმცა, ნაღდი ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი ორიგინალი მონსტრისგან განსხვავებით, ქართველი ფრანკენშტაინის „ყველაფერჩიკი“ ყოფილი პრემიერი კიდევ უფრო თეთრი ძაფითა და კიდევ უფრო უხეში ხელით არის ნაკერი, რის გამოც მისი ხელოვნურობის ვერ შემჩნევა, შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ, მის საეჭვო სიცოცხლისუნარიანობასა და შესაძლო მავნებლობაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.