Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 1 აპრილი. See content from before

ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

„მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო...“

აბა, სად ნიკოლოზ ბარათაშვილი, სად ერეკლე და სად გიორგი გახარია, მაგრამ სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის “საფლავი მეფის ირაკლისა” გაახსენდებოდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში ჩაფლულ ადამიანს, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დამხობილი ექს-პრემიერის ფოტოს ხილვისას.

ცხადია, ეს არ იყო თავხედი პაპარაცის შემთხვევით მოხელთებული და უკითხავად გასაჯაროებული კადრი. ვაჟა-ფშაველას რომ დავესესხოთ, „მთელმა ჯარეგამ მნახოსა“ - აშკარად ამ მიზნით იყო გადაღებული ფოტო.

გიორგი გახარია ზვიად გამსახურდიას საფლავზე
გიორგი გახარია ზვიად გამსახურდიას საფლავზე

„ეს ზვიადისტიც იქნება!“ - ირონიულად შენიშნეს სოციალურ ქსელებში, სადაც 31 მარტის რეფერენდუმის მთავარი შემოქმედისა და 31 მარტს დაბადებულის, ზვიად გამსახურდიას საფლავის ყვავილებით შემკობის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა.

რატომ „ზვიადისტიც“ და არა „ზვიადისტი“, „“-ს გარეშე?

იმიტომ, რომ გახარია ცოტ-ცოტა ყველაფერია, უფრო ზუსტად ყველაფერჩიკია! ყველაფერჩიკი ხომ ის უცნაური ადამიანია, ვისაც ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად გამოსდის.

გავიხსენოთ, როცა გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან ემუქრებოდა დასრულებით და წერტილის დასმით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციულიც არის, რადგან მთაწმინდის პანთეონიდან გვითხრა, უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზეო.

გამოდის, დესტრუქციულიც არის და - კონსტრუქციულიც!

ასევე პრემიერ-მინისტრობისას, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები ამტკიცებენ, ჯერ მელიას დაპატიმრებას უჭერდა მხარს, მაგრამ მერე რატომღაც წინააღმდეგი წასულა და სწორედ მელიას დაჭერის გამო გადამდგარა.

გამოდის, რადიკალურიც არის და - ზომიერიც!

გავიხსენოთ, „ბასიანში“ პოლიციის თავხედური შეჭრა მისი შს მინისტრობის დროს და მალევე მისივე ომახიანი ბოდიში რუსთაველის გამზირზე!

გამოდის, აგრესიულიც არის და - თავაზიანიც!

ალბათ ჯერ ისევ გვახსოვს, გახარია ერთდროულად ატარებდა ეფექტური კრიზისმენეჯერის იმიჯს და იმავდროულად თვითონვე ქმნიდა გადაულახავ კრიზისებს, ისეთებს, როგორიც, მაგალითად, შეიქმნა პანკისის ხეობაში, 2019 წლის 21 აპრილს, პოლიციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი შეტაკებისას, რაც კანონის უზენაესობის პრინციპის სრული კრახით დასრულდა.

გამოდის, კრიზისმენჯერიც არის და - კრიზისმეიკერიც!

20 ივნისის ამბებშიც, გახარია ერთდროულად თვალთხარიაც იყო და - განტევების ვაციც, რადგან, მართალია, დემონსტრანტების დარბევის (თვალების დათხრისა და დასახიჩრების) გამო თავის თავზე აიღო ვერბალური პასუხისმგებლობა, მაგრამ იმადროულად ცხადად მიანიშნა იმაზე, რომ დარბევის ბრძანება მას არ გაუცია.

გამოდის, თვალთხარიაც არის და - მსხვერპლიც!

გახარიამ ისიც თქვა, რომ კორუფციას წარმატებით ებრძვის [„რა კორუფცია?!“], მაგრამ არც ის უარყო, რომ „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რაღაცები მოსულა...

რომ ჰკითხო, მედასავლეთეა, ევროკავშირისა და ნატოსკენ ისწრაფვის, მაგრამ სწორედ მისი პრემიერმინისტრობის დროს შეფერხდა (ნუ ვიტყვით, ჩავარდაო) ყველაზე დასავლური პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა...

გამოდის, მედასავლეთეც არის და რუსეთის წისქვილზეც ასხამს წყალს!

ასეთი ამბივალენტური ქცევის პოლიტიკოსი, რა გასაკვირია, რომ ერთდროულად ზვიადისტიც იყოს, შევარდნაძისტიც და ბიძინისტიც? რუსეთუმეც და მედასავლეთეც? ჯერ იყოს დანიშნული პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი დანიშნული ოპოზიციაც? უფრო ზუსტად, იყოს ხელისუფლების ოპოზიციის ოპოზიცია?

თავისი ძალებით, ავტონომიურად, ცხადია, ამდენი განსხვავებული თვისების ერთ სხეულში თავმოყრას გახარია ვერ შეძლებდა. აშკარაა, რომ ვიქტორ ფრანკენშტეინივით ვიღაც აცოცხლებს „უსოცოცხლო მატერიას“ პოლიტიკურ პროზექტურებში მოპოვებული ანატომიური დეტალების მარჯვე შეერთებით; ვიღაც წვალობს მათ შეწებებასა თუ მიკერებაზე. რომ არა ეს „ვიღაც“, ქართველი ფრანკენშტაინი, პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გახარიაც ისევე გადაიკარგებოდა, როგორც გადაიკარგა მამუკა ბახტაძე ან გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პერიოდულად თუ გამოჩნდება ხოლმე იმის სათქმელად, რომ არაფერი აქვს სათქმელი.

თუმცა, ნაღდი ფრანკენშტაინის მიერ შექმნილი ორიგინალი მონსტრისგან განსხვავებით, ქართველი ფრანკენშტაინის „ყველაფერჩიკი“ ყოფილი პრემიერი კიდევ უფრო თეთრი ძაფითა და კიდევ უფრო უხეში ხელით არის ნაკერი, რის გამოც მისი ხელოვნურობის ვერ შემჩნევა, შეუძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ, მის საეჭვო სიცოცხლისუნარიანობასა და შესაძლო მავნებლობაზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

გუშინ ევროკავშირმა მორიგჯერ განიცადა მარცხი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მცდელობისას. შეიძლება ეს წარუმატებლობა ვინმემ შეადაროს ბლოკის მცდელობებს, მიაღწიოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - პროცესს, რომელიც უკვე ათწლეულებია წინ არ მიდის.

ცხადია, არასწორი იქნება პირდაპირი პარალელების გავლება დასავლეთ ბალკანეთის გეოპოლიტიკურ საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის საშინაო საქმეებს შორის, თუმცა მათ ერთი დიდი რამ აკავშირებთ - ბრიუსელს სამეზობლოში რაიმე ზეწოლის განხორციელება სრულიად არ ძალუძს.

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირს, როგორც ჩანს, ლამის დაავიწყდა, თუ რამ მოუპოვა მას 2012 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. აი, თვალი მოავლეთ იუსტუს ლიპსიუსის სახელობის საზიზღარ შენობას, სადაც ევროპის კავშირის საბჭოა განთავსებული და სადაც ევროკავშირის უთვალავი სამიტი ჩატარებულა. ის, წესით, ევროკავშირის ძალაუფლების მწვერვალია, მაგრამ აქ საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ, უსახური ოფისების, გახუნებული ხალიჩებისა და მეტისმეტად ძვირი კაფეტერიის გარდა. თუმცა ორი რამ კი მოგეჩხირებათ თვალში. ერთია თავად იუსტუს ლიპსიუსის ბიუსტი - ჰოლანდიელი ფილოსოფოსის ქანდაკება საუკეთესო ადგილია ევროკავშირის დიპლომატებთან შეხვედრის დასათქმელად. მეორე კი ნობელის მშვიდობის პრემიის რეპლიკაა, რომელსაც თან შესაბამისი დიპლომი ახლავს. მას საამაყო ცენტრალური ადგილი უჭირავს მთავარ დერეფანში და გარშემორტყმულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დროშებით.

ევროკავშირი სამართლიანად ამაყობს უმაღლესი პოლიტიკური ჯილდოთი, თუმცა, თუ უკეთ დავაკვირდებით მიზეზს, რის გამოც ნობელის კომიტეტმა ბლოკს პატივი არგუნა, ვნახავთ, რომ რეალურად პრემია ევროკავშირის გაფართოებამ დაიმსახურა.

მართალია, სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია ბლოკის წვლილი „ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში“, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირის გაფართოების მოკლე ისტორია, დაწყებული ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შერიგებით და 70-იან, 80-იან წლებში ახალი დემოკრატიების დამატებით, რომელსაც საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართვაც მოჰყვა. ბოლოს კი განცხადება აწმყოს უბრუნდება. „ნობელის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის საკითხი ხელს უწყობს ომის შემდგომი შერიგების პროცესს ბალკანეთში. ევროკავშირის წევრობის სურვილმა წინ წამოსწია დემოკრატია და ადამიანის უფლებები თურქეთშიც“.

აი, ესაა მთავარი საკითხი. 2012 წლის ბოლოს ოსლოში საზეიმო გალაზე მიღებული პრიზის შემდეგ ევროკავშირმა მხოლოდ ერთი წევრი, ხორვატია, დაიმატა, ისიც სულ ამ დიდებული საღამოდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამასობაში, ბლოკი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა. ისევ ნულოვან ნიშნულს დავუბრუნდით.

ახლა არც ერთი ქვეყანა არაა ახლოს კლუბის წევრობასთან. გაფართოების პროცესი მკვდარია. შეიძლება აღინიშნოს და სამართლიანადაც, რომ წევრობის რიგში მყოფი ქვეყნები - თურქეთი და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო - არ არიან მზად ევროკავშირისთვის, რომ ეს მათივე ბრალია, რადგან რეფორმები არ გაატარეს, კორუფციას ვერაფერი მოუხერხეს და გამუდმებით დავობენ მეზობლებთან. ბლოკის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - კრემლის მიერ თავსმოხვეულ კონფლიქტებს ებრძვიან და ეს მათ კიდევ უფრო დაბალ კატეგორიაში აყენებს - ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიც კი არ არიან.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირს ახალი წევრების დამატების ყველანაირი სურვილი აქვს გამქრალი. ეს კი მეზობლებს არ გამორჩენიათ - ამას პრიშტინაშიც ამჩნევენ და თბილისშიც. კავშირის გაფართოება ბრიუსელის არც ერთი სერიოზული სტრატეგიის ნაწილი აღარაა. მაშინაც კი, როდესაც კანდიდატი ქვეყანა წინ მიდის, - როგორც ამას ჩრდილოეთი მაკედონია აკეთებს, - რამდენიმე წევრი სახელმწიფო მზადაა პროცესი მყისიერად შეაჩეროს.

რა გასაკვირია, რომ კოსოვომ, სერბეთმა ან საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმა არად ჩააგდონ ევროკავშირის მედიატორების მოთხოვნები? რატომაც არა? სადაა თაფლაკვერი? კოსოვო ჩივის, რომ ვიზების ლიბერალიზაციის დაპირება ფუჭი აღმოჩნდა, ქართველებმა კი მშვენივრად იციან, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში მათ სრულფასოვან ევროპელებად არც მიიჩნევენ.

ამავე დროს, ბლოკს, თაფლაკვერის მსგავსად, არც ჯოხი გააჩნია. რა, ეს ქვეყნები მსურველთა რიგში ადგილს დაკარგავენ? იმ რიგში, რომელიც შეიძლება აღარც არსებობდეს?

ევროკავშირის პოლიტიკოსებს შეიძლება ამის გაგება არ სურდეთ, რადგან ისინი გაუთავებელი საშინაო პრობლემებით არიან დაკავებულნი, მაგრამ ნობელის კომიტეტი მართალი იყო. ევროპა სწორედ ბლოკის გაფართოებამ გააუმჯობესა. მხოლოდ ამ პროცესის გაგრძელებას შეუძლია ევროკავშირის როლის გაზრდა მის ახლო სამეზობლოში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG